გამოიცა ნაირა ბეპიევის ახალი წიგნები, რომლებიც ქართულ-ოსურ ურთიერთობებში სამშვიდობო როლსაც ასრულებს
6 მარტს, თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში პროფესორ ნაირა ბეპიევის წიგნების – „ოსური ლიტერატურის ისტორიისა“ და „ოსური ფოლკლორის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, ცნობილი ფეხბურთელი, უნივერსიტეტელი ვლადიმერ გუცაევი, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორიაზე, მის მნიშვნელობასა და უნივერსიტეტში ოსური ენის შესწავლის ტრადიციაზე ისაუბრა.

,,ქართულ-ოსურ ურთიერთობებს დიდი ისტორია აქვს და მიუხედავად ბევრი გამოწვევისა თუ სირთულეებისა, ამ ურთიერთობას აქვს დიდი წარსული და საფუძველი. ქართველები და ოსები ყოველთვის ძალიან ახლობლები იყვნენ ერთმანეთისთვის – ჩვენ ისტორიულად ყოველთვის ერთი სამყაროს ნაწილი ვიყავით. ქართულ და ოსურ ფოლკლორში ბევრი საინტერესო პარალელი არსებობს… ჩემთვის საამაყოა, რომ ამ მიმართულებით შექმნილი ორი ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორის ავტორობით შეიქმნა“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
როგორც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ორივე წიგნი ძალიან საინტერესოა როგორც სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, ისე ოსური ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. „ამ წიგნებში ბევრი რამ ახლებურად არის წარმოჩენილი… მისასალმებელია, რომ ქალბატონი ნაირა ბეპიევი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად დიდი ხანია პოპულარიზაციას უწევს ოსურ ლიტერატურას და ზრუნავს ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენაზე. ამას მოწმობს მისი ორგანიზებით ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიება და განხორციელებული პროექტები. ნაირა ბეპიევი სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან აქტიურად თანამშრომლობს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“.
წიგნში – „ოსური ფოლკლორი“ – შესწავლილია ოსური ფოლკლორის ძირითადი საკითხები, მათ შორის, ოსური მითოლოგია, ნართების ეპოსი და ცარციათების თქმულებები, ოსური ხალხური პოეზიის თავისებურებები, ასევე წარმოდგენილია მისი შედარებითი კვლევა ქართულ და კავკასიურ კონტექსტში. ნაშრომს ერთვის ნაირა ბეპიევის ოსური ფოლკლორული ტექსტების საავტორო თარგმანები. წიგნი განკუთვნილია მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და კავკასიის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული მკითხველისთვის. წიგნში – „ოსური ლიტერატურის ისტორია“ – განხილულია ოსური ლიტერატურის ისტორიის განვითარების ეტაპები: საწყისი პერიოდი, სასულიერო ლიტერატურა, მისი ფუძემდებლების მოღვაწეობა და ოსი მწერლების ცხოვრება-შემოქმედება. წიგნი ეფუძნება ახალ სამეცნიერო მასალებს, რომლებიც აქამდე არ იყო გაანალიზებული ოსური ლიტერატურის კონტექსტში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მისი ისტორიისა და განვითარების ეტაპების კვლევაში. ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა შესაძლებლობა – გაეცნოს თანამედროვე ოს მწერალთა ცხოვრებასა და შემოქმედებას. ნაშრომი მოიცავს ოსური ლიტერატურის გზას დასაბამიდან დღემდე.

ფილოლოგიის დოქტორის, ნინო პოპიაშვილის თქმით, ამ წიგნებს, სამეცნიერო ღირებულებებთან ერთად, კულტურული ხიდების მშენებლის როლი და დანიშნულებაც აქვს: „ოსური ფოლკლორის კვლევა ქართულ მეცნიერებაში მნიშვნელოვან და მრავალმხრივ დარგს წარმოადგნს. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორიის, კავკასიაში მცხოვრები ხალხების ფოლკლორული, ისტორიული, ეთნოგრაფიული და ლინგვისტური საკითხების კვლევასთან; ამასთანავე, ოსური ფოლკლორის შესწავლა ორგანულად უკავშირდება ქართული და კავკასიური ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის კვლევის პრობლემატიკას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღნიშნული მიმართულების ინტერდისციპლინარულ მნიშვნელობას. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ნაირა ბეპიევის მიერ განსაკუთრებით რთულ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში გამოცემულმა ფოლკლორულმა კრებულმა საფუძველი ჩაუყარა ოსური ფოლკლორის კვლევის ახალ ეტაპს საქართველოში. რაც შეეხება ოსური ლიტერატურის ისტორიას, მოგეხსენებათ, ოსური ლიტერატურა გამორჩეულად მდიდარ და თვითმყოფად ფესვებთან – ოსურ ფოლკლორთან არის დაკავშირებული. წერილობითი ოსური ლიტერატურის დაბადება მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს უკავშირდება, როდესაც პირველად გაჩნდა ოსური ანბანი. ამ საყოველთაოდ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მწიგნობრებმაც, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ქართულ-ოსური კულტურული კავშირების სიღრმესა და სიძლიერეს. ოსური ლიტერატურის განვითარების სხვადასხვა ეტაპი კვლავაც უკავშირდება ქართულ-ოსურ ურთიერთობებს. ეს ტრადიცია კი შემდგომშიც გაგრძელდება. ამ წიგნს საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად სამშვიდობო როლი და მნიშვნელობაც აქვს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს წიგნები ამ საპატიო მისიის შესრულებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – ამბობს ნინო პოპიაშვილი.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა წიგნების ავტორი, თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევი: „ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს საზოგადოების წინაშე წარმოვადგინო წიგნები, რომლებიც ასე ფასეულია ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი მომავლისათვის და ურთიერთობებისათვის… გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ დიდ საქმეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძალიან დიდი მისია აქვს ქართულ-ოსური ურთიერთობების კუთხით. ცნობილია, რომ უნივერსიტეტის გახსნის დღიდან ივანე ჯავახიშვილმა ითავა ეს მისია და სწავლის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ქართულ უნივერსიტეტში ოსური ენის შესწავლა დაიწყებოდა. ეს მართლაც „გულის ფიცარზე“ დასაწერი სიტყვებია! მისი შორსმჭვრეტელური განაცხადი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და განვავითაროთ ჩვენი ხალხების აწმყო, დღევანდელობა და მომავალი“, – აღნიშნა ნაირა ბეპიევმა პრეზენტაციაზე.
აღსანიშნავია, რომ რომ წიგნები გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში.
