სალომე ანდრიაშვილი: ,,ლატვიაში სწავლება უფრო მეტად პრაქტიკულ ფორმატზე იყო ორიენტირებული“

თარიღი: 2026-03-03 14:42:27

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი სალომე ანდრიაშვილი იმ ახალგაზრდებს შორისაა, ვისთვისაც აკადემიური წარმატება მხოლოდ შეფასებებით არ განისაზღვრება. თბილისის 175-ე საჯარო სკოლის ოქროს მედალოსანი, თსუ-ში 100%-იანი გრანტით ჩარიცხული და არაერთგზის სტიპენდიატი სალომე ანდრიაშვილი საკუთარი გამოცდილებით ადასტურებს, რომ მიზნისკენ სვლა ხშირად შიშის დაძლევით იწყება. სწორედ ეს გზა გაიარა მან, როდესაც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო და ერთი სემესტრი ლატვიის უნივერსიტეტში გაატარა.

ლატვიაში ჩასვლა ახალი ეტაპის დასაწყისი იყო – ეტაპის, რომელიც მხოლოდ აკადემიურ გამოწვევებს არ გულისხმობდა. „მიდიხარ სრულიად უცხო ადგილას, სადაც თავიდან ყველაფერი ახალია და დრო გჭირდება შესაგუებლად“, – ამბობს სალომე. ინდივიდუალურ გამოცდილებას მალევე დაემატა მრავალკულტურული გარემო – სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები, განსხვავებული ენები და კულტურები ერთ სივრცეში იყრიდა თავს. „ბევრს საქართველოს შესახებ საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია, ან ძალიან მწირი ცოდნა ჰქონდათ. ასეთ დროს ხვდები, რომ იმ წუთას შენ ხარ მთავარი წყარო, რომელიც ამ ქვეყანაზე წარმოდგენას ქმნის“, – ამბობს სალომე.

საერთაშორისო სტუდენტების შეხვედრები მისთვის ერთგვარ კულტურულ დიალოგად იქცა. „ცდილობ, მაქსიმალურად კარგი შთაბეჭდილება მოახდინო, რადგან აცნობიერებ, რომ შენი სიტყვები და ქცევა, გარკვეულწილად, ქვეყნის იმიჯსაც უკავშირდება“, – აღნიშნავს ის. ასეთ მომენტებში სალომე არა მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე, არამედ ქართულ კულტურაზე, ისტორიაზე, ტრადიციებსა და თანამედროვე რეალობაზეც საუბრობდა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სტერეოტიპების რღვევა და იმ მრავალფეროვნების წარმოჩენა, რომელიც საქართველოს ახასიათებს. „მინდოდა ცოდნოდათ, რომ საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი არ არის რუკაზე – ეს არის კულტურა, სტუმართმოყვარეობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორია და სწრაფად განვითარებადი საზოგადოება. როცა ინტერესით გისმენენ და შემდეგ გეუბნებიან, რომ შენი ქვეყნის მონახულება უნდათ, ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა“, – იხსენებს ის. მისი თქმით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა არა მხოლოდ აკადემიური და პიროვნული განვითარების, არამედ კულტურული თვითგაცნობიერების გამოცდილებაცაა.

რაც შეეხება უშუალოდ სასწავლო პროცესს, აქ განსხვავებები განსაკუთრებით თვალსაჩინო აღმოჩნდა. თუ თსუ-ში თეორიულ ცოდნას დიდი ყურადღება ექცევა, ლატვიაში სწავლება უფრო მეტად პრაქტიკულ ფორმატზე იყო ორიენტირებული. „საკითხავი მასალა, ფაქტობრივად, მეოთხედი იყო იმასთან შედარებით, რასაც აქ ვკითხულობ“, – ამბობს სალომე. ერთ-ერთ საგანს – განათლების გარემოს – ყოველკვირეული ვიზიტები ახლდა სხვადასხვა ლატვიურ სკოლაში. „ვაკვირდებოდით სასწავლო გარემოს და ჩვენს რეფლექსიებს ლექტორს ვუგზავნიდით. რამდენიმეკვირიანი გასვლითი ვიზიტები ჩემთვის გაცილებით ბევრის მომცემი იყო, ვიდრე მხოლოდ თეორიული საკითხების განხილვა“.

ამ განსხვავებას თან ერთვოდა სწავლების სტილიც. „ლექტორები მაქსიმალურად ცდილობდნენ – შეექმნათ გარემო, სადაც კითხვის დასმა და შეცდომის დაშვება სტუდენტისთვის ,,მტკივნეული“ არ იქნებოდა. ჩვენს შეცდომებს ცოდნის ნაკლებობად კი არა, განვითარების შესაძლებლობად აღიქვამდნენ“, – ამბობს ის. მისი ინფორმაციით, შეფასების სისტემაც განსხვავებული იყო – არ არსებობდა შუალედური გამოცდები, ზოგ საგანში არც ფინალური; შეფასება შესრულებული პრაქტიკული დავალებებით და 10-ბალიანი სისტემით ხდებოდა.

ამ განსხვავებების აღნიშვნის პარალელურად სალომე ხაზს უსვამს იმ საფუძველს, რომელიც მას თსუ-მ მისცა. „საკმარისი თეორიული ცოდნა რომ არ მქონოდა, ვფიქრობ, უფრო ზედაპირულად შევასრულებდი იქ მოცემულ აქტივობებს“,  – ამბობს ის.

როდესაც საუბარი ისევ საკუთარ უნივერსიტეტზეა, სალომე განსაკუთრებული მადლიერებით იხსენებს იმ გარემოს, რომელმაც მისი პროფესიული და პიროვნული ჩამოყალიბება უზრუნველყო: „ჩემს ფაკულტეტს არაერთი პროფესიონალი ჰყავს – ლექტორები, ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები. როცა მათთან თითქმის მთელ კვირას ატარებ რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს ურთიერთობები ძალიან ძვირფასი ხდება“.

Facebook
Twitter
LinkedIn