ახალი წელი და იურისპრუდენცია

თარიღი: 2025-12-18 19:00:46

რა კანონები ამოქმედდება ახალი წლიდან? – ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოება ხშირად ინტერესდება, რადგან, როგორც წესი, ამა თუ იმ წლის 1 იანვრიდან თითქმის ყოველთვის ადგენენ რაღაც ,,რეგულაციას“. წინასაახალწლოდ რომ ცოცხალი ნაძვების მოჭრა აიკრძალა და ჯარიმები დაწესდა – ეს უკვე ყველამ გაიგო და, ალბათ, გაითავისა კიდეც. ისეთი ტემპებით იღებს პარლამენტი მართლაც საჭირო თუ, ზოგჯერ, საზოგადოებისთვის მტკივნეულ კანონებს, რომ ახალი 2026 წლის 1 იანვრიდან მოგვიწევს – კარგად გავეცნოთ ახალ აკრძალვებს, ახალ ვალდებულებებს, ახალ უფლებებს. ამდენად, ახალი წლისა და იურისპრუდენციის ერთმანეთთან დაკავშირება სულაც არ არის ალოგიკური. სწორედ რომ ლოგიკას მიჰყვება უნივერსიტეტის გაზეთის რედაქციის რჩეული ახალგაზრდა იურისტი, როცა წლის ახალი კალენდარული დღის იურისპრუდენციასთან ბმას ახერხებს. ჩვენი გაზეთი ადრე თსუ-ს სტუდენტზე, იურისტ ნიკა ტეფნაძეზე წერდა, როგორც წარმატებულ ჰარვარდელზე, რომელმაც საზაფხულო სკოლა ჰარვარდის უნივერსიტეტში გაიარა. ამ მხრივ მისთვის 2025 წელი დასამახსოვრებელია. როგორი მოლოდინი აქვს ახალგაზრდა იურისტს ახალი წლისადმი? – ამ კითხვაზე პასუხს ნიკა ტეფნაძე პროფესიული კუთხით აყალიბებს.

                                                                         . . . 

იურისპრუდენცია და ახალი წელი – ერთი შეხედვით, მათ არ აქვთ საერთო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ახალ კანონში ამოიკითხავს ადამიანი სიტყვებს – ,,ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან”.

იურისპრუდენცია – სამართლიანობისა და უსამართლობის მუდმივი ჭიდილია, ახალი წელი კი განახლებაა, დღესასწაულია.

ჩემთვის ახალი წელი დროის უხილავი ზღვარია, რომლის გადაკვეთაც კაცს აფიქრებინებს პასუხისმგებლობაზე, შეცდომებზე, გამოწვევებზე, წარსულსა და მომავალზე. ერთგვარ შიშსაც იწვევს იგი – რაღაც დამთავრდა, რაღაც იწყება. ჩნდება კითხვა – როგორ დამთავრდა? რა იწყება?

დღევანდელი იურისპრუდენცია წარსულისა და მომავლის მიჯნაზე დგას.  დღევანდელი სამართალი წარსულის იარებს იშუშებს და მომავლის რთულ გზას გაჰყურებს.

როდესაც კედლის კალენდარს თორმეტჯერ მოსწყდება ფურცელი, სწორედ ამ დროს სამართლიანობა მოითხოვს თორმეტივე ფურცელზე წარსული შეცდომების ამოცნობას. საახალწლო სურვილად სამართლიანობის ჩაფიქრებაა ხსნა, ის იურისპრუდენციის თვითმიზანია.

ახალი წლის ღამე იმედის სიმბოლოა. დღევანდელ იურისპრუდენციასა და იურისტებს მალულად და შინაგანად იმედი აქვთ, რომ სამართალი ცდილობს იყოს სამართლიანი. ახალი იმედი სამართალს უთუოდ სჭირდება.  

ახალი წელი და იურისპრუდენცია ერთ საერთო იდეას იზიარებენ – რწმენას, რომ ხვალინდელი დღე შეიძლება იყოს უკეთესი.

იქ, სადაც დრო ახალ დასაწყისს გვთავაზობს, სამართალი ვალდებულია, რომ ახალი საწყისი სამართლიანობის საფუძველზე ააშენოს. დაე, ,,ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან” (სამართლიანობისა და უსამართლობის ჭიდილში) სამართლიანობის გამარჯვების იმედი!

Facebook
Twitter
LinkedIn