როგორ დავგეგმოთ ახალი წელი ეკონომიურად? – ეკონომისტი დოქტორანტის  რეკომენდაციები

თარიღი: 2025-12-18 12:19:03

2025 წლის გაძვირებული ფასების ფონზე ბევრ ოჯახს ეჭვი უჩნდება: როგორ შევინარჩუნოთ ახალი წლისთვის დღესასწაულის ატმოსფერო ისე, რომ იანვარში მძიმე ფინანსურ „გამოფხიზლებას“ არ შევეჯახოთ?  დღესასწაულის მოლოდინის მხიარულ განწყობებს სულ უფრო მეტად გვიფუჭებს მაღაზიებში პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, საჩუქრების შესაძენად გასაწევი ხარჯები და ემოციებით დახუნძლული წნეხი – დაფუძნებული შემდეგ ფიქრებზე: როგორ მოვახერხოთ ისე, რომ ახალ წელს გარშემო ყველა გავახაროთ, არც სუფრა გავაღარიბოთ და ამ ყველაფრის პარალელურად არც ჯიბე დავიცარიელოთ?

წინასაახალწლო რეკომენდაციებს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი, ახალგაზრდა ეკონომისტი ლელა ადუაშვილი გვთავაზობს. მისი პრაქტიკული რჩევები რეალურ ჩივილებზეა დაფუძნებული და პრაგმატული მიდგომითაა ნაკარნახევი.  

,,დღესასწაული ტვირთად იქცევა, თუ გაწეული ხარჯები აღემატება ოჯახის მიმდინარე შემოსავალს“

  • როგორ უნდა დაგეგმოს ოჯახმა ბიუჯეტი ისე, რომ ახალი წელი მართლაც დღესასწაულად იქცეს და არა სტრესად ფინანსური ტვირთის გამო?
  • ოჯახის საახალწლო ბიუჯეტის დაგეგმვა რესურსების ოპტიმიზაციის კლასიკურ ამოცანას წარმოადგენს. შეზღუდული რესურსების ეფექტიანი განაწილებისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური პრინციპის გათვალისწინება, რომლებიც ერთმანეთს ავსებს და მთლიანობაში ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს ქმნის. პირველ რიგში, აუცილებელია ხარჯების წინასწარი დაგეგმვა. თუ ოჯახი ჯერ კიდევ დეკემბრამდე  განსაზღვრავს – რაზე დახარჯოს თანხა, ბიუჯეტი უფრო გამჭვირვალე და კონტროლირებადი გახდება. შემდეგ ეტაპზე ლოგიკურია დანახარჯების პრიორიტეტების განსაზღვრა. ცალსახაა, ყველა საახალწლო შენაძენის სარგებლიანობა მსგავსი არ არის. ამიტომ საჭიროა განვასხვავოთ აუცილებელი და მეორეხარისხოვანი დანახარჯები. ასევე, მნიშვნელოვანია ბაზრის გარემოს შეფასება, კერძოდ, ფასების მონიტორინგი და ინფორმირებულ არჩევანზე დაყრდნობა. ბიუჯეტის დაგეგმვისა და მონიტორინგის მიუხედავად, საახალწლო პერიოდში ადამიანებს ბუნებრივად უჩნდებათ ხარჯვისკენ მაღალი მიდრეკილება, ამიტომ შემდეგი კრიტიკული საკითხია საახალწლო ბიუჯეტის ზედა ზღვრის დაწესება. ასეთი ლიმიტი ქმნის ე.წ. „მწვანე ზონას“, რომელიც იცავს ოჯახს ზედმეტი ვალდებულებებისგან და უზრუნველყოფს, რომ ხარჯვა ემოციური იმპულსის შედეგად არ გამოვიდეს კონტროლიდან. დაბოლოს, ყველა ამ ნაბიჯის ეფექტიანობა დამოკიდებულია ოჯახის ფინანსური შესაძლებლობების  რეალურ  შეფასებაზე. დღესასწაული ტვირთად იქცევა, თუ გაწეული ხარჯები აღემატება ოჯახის მიმდინარე შემოსავალს. ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთავარი პრინციპი: დღესასწაული უნდა მოერგოს ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებს და არა პირიქით.

„იანვრის ბუფერი“

  • როგორ შეიძლება დეკემბერში მიღებულმა ფინანსურმა გადაწყვეტილებებმა განსაზღვროს იანვრის სტარტი რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წელი სტრესულად არ დავიწყოთ?
  • ეს კითხვა ნამდვილად აქტუალური ხდება წლის ბოლოს, რადგან დეკემბერი ისედაც ფინანსური წლის დასრულებისა და მომდევნო წლის დაგეგმვის პერიოდია. ამ თვეში ჩვენი ქცევა ქმნის ე.წ. „ფინანსურ ინერციას“ – თუ დეკემბერს იმპულსური ხარჯვით და საკრედიტო რესურსების ზედმეტი გამოყენებით შევხვდებით, იანვარს ვალებით და შემცირებული ფულადი ნაკადებით დავიწყებთ. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად დეკემბერში საჭიროა ფინანსური გადაწყვეტილებების რაციონალური დაგეგმვა. პირველ რიგში, ხელფასიდან აუცილებლად უნდა გამოიყოს ე.წ. „იანვრის ბუფერი“ – თანხა, რომელიც კალენდარული წლის დასაწყისში ფიქსირებული ხარჯებისთვის დაგვჭირდება.  გარდა ამისა, დეკემბერი კარგი დროა ფინანსური წლის შეჯამებისთვის. სასარგებლოა გავაანალიზოთ – სად მოხდა ზედმეტი ხარჯვა, რატომ დაირღვა ბიუჯეტი და ამ შეფასების საფუძველზე დავგეგმოთ იანვრის კონკრეტული მიზნები. საბოლოოდ, იანვრის სტრესის თავიდან აცილება ეფუძნება ერთ მარტივ პრინციპს: დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებები ემოციური იმპულსების ნაცვლად უნდა ეყრდნობოდეს ოჯახის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებას. თუ დღესასწაულზე გაწეული ხარჯები იქნება რეალური შესაძლებლობის ფარგლებში, ახალი წელი დაიწყება ფინანსური სტაბილურობითა და ემოციური კეთილდღეობით.

,,მნიშვნელოვანია – პრიორიტეტი ადგილობრივ და სეზონურ პროდუქტებს მივანიჭოთ“

  • რა არის ყველაზე გონივრული პრიორიტეტები საახალწლო მზადებისას რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რომ ზედმეტი ხარჯი არ დაგროვდეს?
  • ამ პერიოდში მიშვნელოვანია გავავლოთ მკვეთრი ზღვარი „საჭიროებასა” და „სურვილს” შორის. ჩვენი მიზანი უნდა იყოს დღესასწაულისგან მაქსიმალური ფსიქოლოგიური ემოციის მიღება იმგვარად, რომ მინიმალური ფინანსური ზიანი მიადგეს იანვარს. ამისათვის ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაზე, საჩუქრების შეძენის სტრატეგიასა და ლოგისტიკის ოპტიმიზაციაზე. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დეტალური, მკაცრად სეგმენტირებული ბიუჯეტის შედგენა. მეორე პრიორიტეტი არის საჩუქრების რაციონალური შეძენის სტრატეგიის განსაზღვრა. დაბოლოს, მესამე პრიორიტეტია ლოგისტიკის ოპტიმიზაცია. რაც შეეხება სადღესასწაულო სუფრას, ყველაზე დიდი შეცდომაა ჭარბი რაოდენობისა და ეგზოტიკური, ძვირადღირებული ინგრედიენტების შეძენა. მნიშვნელოვანია – პრიორიტეტი ადგილობრივ და სეზონურ პროდუქტებს მივანიჭოთ. თუ ამ პრიორიტეტებს გავითვალისწინებთ, დეკემბერში შესაძლებელი იქნება ზედმეტი ხარჯების თავიდან არიდება, რაც იანვრის ფინანსურ სტრესს მინიმუმამდე შეამცირებს.

,,საკრედიტო ბარათის გამოყენება ბევრს ეჩვენება როგორც მარტივი გამოსავალი, თუმცა, რეალურად, ეს ქმნის გადავადებულ ფინანსურ ზეწოლას

  • რა არის ის სამი ყველაზე ტიპური შეცდომა, რომელსაც ოჯახები უშვებენ საახალწლო ბიუჯეტის დაგეგმვისას?
  • ოჯახების მიერ საახალწლო ბიუჯეტის დაგეგმვისას ყველაზე გავრცელებული სამი შეცდომა აშკარად გამოიხატება ფინანსური ქცევის მოდელებში. პირველი და ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ხარჯების გაწევა წინასწარ შედგენილი ბიუჯეტის გარეშე ან ხარჯების არაეფექტიანი დაგეგმვა. მეორე ყველაზე ტიპური შეცდომაა სესხებისა და საკრედიტო ბარათების აქტიური გამოყენება მოკლევადიანი კომფორტისთვის. საკრედიტო ბარათის გამოყენება ბევრს ეჩვენება როგორც მარტივი გამოსავალი, თუმცა, რეალურად, ეს ქმნის გადავადებულ ფინანსურ ზეწოლას.  მესამე შეცდომაა საჩუქრებისა და სადღესასწაულო სუფრის ზედმეტად იდეალიზებული დაგეგმვა, რაც იწვევს გაბერილ ხარჯებს. ოჯახები ხშირად ყიდულობენ ბევრ მცირე, მაგრამ არაფუნქციურ საჩუქარს ან საკვებს ამზადებენ იმაზე უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე რეალურად სჭირდებათ. ეს არა მხოლოდ ზედმეტი დანახარჯია, არამედ რესურსების არაეფექტიანი გამოყენების კლასიკური მაგალითია. საბოლოოდ, ემოციური ეფექტი სწრაფად ქრება, ხოლო ფინანსური შედეგი რეალურ, ხანგრძლივ ტვირთად რჩება. აღნიშნული შეცდომების თავიდან აცილება არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას. საჭიროა მხოლოდ წინასწარი დაგეგმვა, სესხების გამოყენების მკაცრი შეზღუდვა და ემოციურ გავლენებზე თვითკონტროლის გაძლიერება.

       ,,ეფექტიანი სტრატეგიაა სიის წინასწარ ჩამოწერა და ე.წ. „24 საათი წესი“

  • როგორ უნდა მართოს ოჯახმა ემოციური შოპინგი, რომელიც დეკემბერში განსაკუთრებით ძლიერდება?
  • ემოციური შოპინგი დეკემბერში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოწვევაა. ეკონომიკაში ამას „ქცევით გადახრას“ ვუწოდებთ. ასეთ დროს აწმყოში მიღებული მცირე სიამოვნება უფრო მნიშვნელოვანი გვგონია, ვიდრე მომავლის ფინანსური სტაბილურობა. ემოციური ხარჯვის სამართავად ოჯახებს სამი მთავარი სტრატეგია შეგვიძლია შევთავაზოთ. ემოციური შოპინგი ყველაზე ხშირად მაშინ იწყება, როცა მაღაზიაში შევდივართ კონკრეტული გეგმის გარეშე. სწორედ ამიტომ ეფექტიანი სტრატეგიაა სიის წინასწარი ჩამოწერა. იგი იქცევა  გადაწყვეტილების ავტომატიზაციის მექანიზმად, რაც იმპულსურ შესყიდვებს დაახლოებით 40-60%-ით ამცირებს. შემდეგი ეფექტიანი მეთოდია ე.წ. „24 საათის წესი“, როცა იმპულსურ სურვილზე დაფუძნებული შეძენის გადავადება ხდება ერთი დღით. ეს მცირე პაუზა საკმარისია იმისთვის, რომ ემოციური იმპულსი განელდეს და ოჯახის წევრებმა რეალურად შეაფასონ  – ნამდვილად გვჭირდება ეს ნივთი თუ უბრალოდ წამიერი ემოციური სურვილია? ამასთან, ემოციური შოპინგი ხშირად უკავშირდება არა საჭიროებას, არამედ სტრესს, დაღლილობას ან იდეალურ დღესასწაულზე წარმოდგენებს. ამიტომ საჭიროა ყურადღების გადატანა ისეთ აქტივობებზე, რომლებიც ქმნის ემოციურ და სოციალურ ღირებულებას ზედმეტი ფინანსური ხარჯის გარეშე, როგორიცაა ხელნაკეთი საჩუქრების გაკეთება, ძველი დეკორაციების განახლება, უფასო სადღესასწაულო ღონისძიებები, გასეირნება, საერთო სამზადისი და სხვ. ამდენად, ემოციური შოპინგის მართვა უნდა დავიწყოთ არა აკრძალვებით, არამედ შესყიდვებთან  გაცნობიერებული  ურთიერთობით – როცა ოჯახი თავს უწესებს დროით, ფინანსურ, ემოციურ საზღვრებს და  იცავს საკუთარ  ბიუჯეტს. ასევე, საჭიროა განხორციელდეს ხარჯების აუდიტი, რათა დადგინდეს ე.წ. „ფინანსური გაჟონვის“ წერტილები. ხარჯების ოპტიმიზაციის შემდეგ მიღებული დამატებითი ფულადი რესურსი არ უნდა მოხმარდეს ხარჯვის ზრდას, არამედ მიმართული უნდა იყოს დაზოგვისკენ. ოპტიმალურია, თუ დაზოგვა არის მიზანი, ხოლო ხარჯების ოპტიმიზაცია  – ამ მიზნის მიღწევის საშუალება.
Facebook
Twitter
LinkedIn