მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მიღწევები 2025 წელს
თსუ-ს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი 2025 წელს მნიშვნელოვანი სამეცნიერო წარმატებებით გამოირჩეოდა. ინსტიტუტი ტრადიციულად აფართოებდა და აღრმავებდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რომლებიც ეხება გეოფიზიკური ველების, დედამიწის ქერქის სიღრმული აგებულების, თანამედროვე მოძრაობებისა და დეფორმაციების შესწავლას. საუბარია სეისმოდარაიონების, მიწისძვრების პროგნოზის, ატმოსფეროს ფიზიკის, მავნე მეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების, საინჟინრო და საძიებო გეოფიზიკური მეთოდების სრულყოფის, შავი ზღვისა და ატმოსფეროს თერმოდინამიკური და ეკოლოგიური პროცესების, კოსმოსური სივრცისა და მზე-დედამიწის კავშირების ფიზიკის, ეკოლოგიური გეოფიზიკის, არქეოგეოფიზიკური, ჰიდროგეოფიზიკური მოვლენების მიმართულებებით არაერთ კვლევაზე.
ინსტიტუტის არსებობის მანძილზე გამოქვეყნებულია 400-ზე მეტი წიგნი, მათ შორის, 75 – ინსტიტუტის შრომები, 40 – საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, 88 – მონოგრაფია და სხვ. დაცულია 227 დისერტაცია, მათ შორის, 35 – სადოქტორო, 182 – საკანდიდატო, ხოლო 6 – აკადემიური დოქტორის ხარისხზე.
2025 წელს ინსტიტუტის თანამშრომლებმა სამეცნიერო ტრადიცია კვლავ განაგრძეს შთამბეჭდავი მონაცემებით. მიმდინარე წლის განმავლობაში მათ გამოაქვეყნეს 78 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 15 გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში, ხოლო 63 – საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში. ეს მაჩვენებელი ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევით სივრცეში მზარდ ავტორიტეტზე მიუთითებს.
განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ინსტიტუტის თანამშრომელთა ძალისხმევა საგრანტო კონკურსებში. 2025 წელს, წარდგენილი პროექტებიდან, 18 პროექტი დაფინანსდა, მათ შორის, 8 – საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან, ხოლო 10 – რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან. გრანტების მრავალფეროვნება აჩვენებს, რომ ინსტიტუტი კონკურენტუნარიანია როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო სამეცნიერო არენაზე.
გარდა კვლევითი საქმიანობისა, გეოფიზიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელთა და მეცნიერ-თანამშრომელთა ინიციატივით ჩატარდა ორი საერთაშორისო კონფერენცია, კერძოდ, 2025 წლის 6-8 ნოემბერს ჩატარდა კონფერენცია „გეოფიზიკის თანამედროვე პრობლემები“, რომლის მუშაობაშიც (online რეჟიმში) მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში შემავალი მონათესავე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები და 5 უცხო ქვეყნის (იტალია, სლოვენია, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი) მკვლევრები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 73 მოხსენება. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა შრომათა კრებულის სახით.
2025 წლის 29 ოქტომბერს გეოფიზიკის ინსტიტუტის ინიციატივით ასევე ჩატარდა ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია „გეოფიზიკის პრობლემები XXI საუკუნეში“. კონფერენციაზე, რომელიც ინსტიტუტის წლის საუკეთესო ღონისძიებად ითვლება, წაკითხულ იქნა შემდეგი მოხსენებები: „თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის არქიტექტურული ისტორია“ (მ. მანია, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი); „აქტივობები იტალიის მიწისქვეშა გაზის საცავებთან დაკავშირებით: რისკების მართვა და უსაფრთხოების ასპექტები“ (რ. მარაზო, გ. მაზინი, ბოლონიის უნივერსიტეტის დოქტორანტები); „დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების შეფასება და სწრაფი რეაგირების ძალების საჭიროება სომხეთის მაგალითზე“ (ს. ნაზარეტიანი, ჰ. იგიტიანი, ჰ. ჰაკობიანი, ს. ბაკუნცი – (ერევანი, სომხეთი); „გეოფიზიკისკენ შემობრუნება ისტორიულ კვლევებში და მისი შესაძლებლობები საქართველოში ამინდის მოდიფიკაციის შესწავლისთვის“ (ს. შულცი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, გერმანია); „ენგურის თაღოვანი კაშხლის საძირკვლის რღვევასთან გადაკვეთის დეფორმაციის დინამიკის ორმოცდაათწლიანი მონიტორინგის შედეგები“ (თ. ჭელიძე, ჯ. ქირია, ნ. დოვგალი, თ. ცაგურია, ლ. დავითაშვილი, თსუ-ს მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი); „საქართველოში რეგისტრირებული მეწყერებისა და ღვარცოფების წლიური რაოდენობის სტატისტიკური ანალიზი 1995–2024 წლებში“ (ა. ამირანაშვილი, ლ. ბროკა, თ. ჭელიძე, დ. სვანაძე, თ. წამალაშვილი. ნ. ვარამაშვილი, თსუ-ს მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი); „დასავლეთ საქართველოს მდინარეთა ნაკადის ცვლილებები გლობალური კლიმატის დათბობის კონტექსტში“ (ც. ბასილაშვილი, მ. ჯანელიძე, ხ. ბასილაშვილი – ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი) და სხვ.
კონფერენციამ შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდა მეცნიერებს – გაეზიარებინათ საკუთარი კვლევები და ჩართულიყვნენ პროფესიულ დიალოგში. ორივე კონფერენციის მასალები განთავსებულია ინსტიტუტის ვებ გვერდზე http://dspace.Gela.org.ge/handle/123456789/254.
2026 წელს ისტიტუტი კიდევ უფრო მასშტაბური კვლევითი პროექტებისთვის ემზადება.
