ახალგაზრდა მეცნიერი, რომელმაც საერთაშორისო სივრცეში სერიოზული სიტყვა თქვა

თარიღი: 2025-11-28 15:33:20

საქართველოს ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წელს აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში გადაეცა ელენე სარალიძეს ნაშრომისთვის – „მაკროსკოპული მასშტაბების დინებისა და მაგნიტური ველების კატასტროფული ფორმირება ორჯერადი სისტემების რელატივისტურ გარემოში“.

ახალგაზრდა მეცნიერებისთვის კონკურსი 13 ოქტომბერს გამოცხადდა. საკონკურსო პირობებში  მითითებული იყო, რომ წარდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან/და უმაღლეს საგანმანმანათლებლო დაწესებულებაში და გამოქვეყნებული უნდა ყოფილიყო საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში 2025 წელს.

ელენე სარალიძემ საკონკურსო კომისიას წარუდგინა თანაავტორებთან ერთად Springer Nature -ში გამოქვეყნებული სტატია „მაკროსკოპული მასშტაბების დინებისა და მაგნიტური ველების კატასტროფული ფორმირება ორჯერადი სისტემების რელატივისტურ გარემოში“  (E. Saralidze, N.L. ShatashviliS.M. Mahajan, E. Dadiani.Catastrophic Formation of Macro-scale Flow and Magnetic Fields in the Relativistic Gas of Binary Systems. Astrophysics and Space Science 370, 64 (2025). https://doi.org/10.1007/s10509-025-04456-1). აღნიშნული სტატია მეტწილად ეფუძნება ელენეს სამაგისტრო ნაშრომს, რომელიც მან თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრაზე შეასრულა პროფესორ ნანა შათაშვილის ხელმძღვანელობით.

ნაშრომი, რომელიც საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულად იქნა გამოცხადებული, შეეხებოდა რთულ და სერიოზულ საკითხს, კერძოდ: როგორ იქმნება ორმაგი ვარსკვლავების (ბინარული) სისტემები სივრცეში,სადაც ორი ასტროფიზიკური ობიექტი ერთმანეთთან გრავიტაციულადაა დაკავშირებული, მძლავრი, მაკრო-მასშტაბის დინებები და ძლიერი მაგნიტური ველები.

ელენე სარალიძემ, თანაავტორებთან ერთად, გააანალიზა, თუ როგორ შეიძლება მცირე მასშტაბის სუსტი მაგნიტური ველი გადაიქცეს ძლიერ, მაკრო-მასშტაბურ ველად; როგორ განსაზღვრავს მცირე რაოდენობის „ცხელი“ ელექტრონების მინარევი რთული სისტემის დინამიკას და ქმნის უზარმაზარ ენერგიას დინების კინეტიკური ველისა; რა პროცესები იწვევს ბინარულ სისტემებში ენერგიის სწრაფ „ტრანსფორმაციას“ ერთი ტიპიდან მეორეში. ამ ყველაფერმა შესაძლებელი გახადა ახსნა ისეთი  ასტროფიზიკური ფენომენებისა, როგორიცაა დიდი მაგნიტური ველები, სწრაფი დინებები და ენერგიის უცაბედი გარდაქმნები.

„ამ კლევის მეთოდოლიგია საშუალებას გვაძლევს, გავაფართოვოთ ჩვენი ცოდნა აკრეცირებად და ბინარულ ასტროფიზიკულ ობიექტებზე. მათი ევოლუცია/დინამიკა განპირობებულია პლაზმის დინებისა და მაგნიტური ველებით. მაგალითად, ნაჩვენებია, რომ დიდ-მასშტაბიანი სწრაფი სიჩქარის (მაგნიტური) ველი შეიძლება გენერირდეს საწყისი მცირე-მასშტაბიანი მაგნიტური (სიჩქარის) ველის შედეგად. საბოლოო მდგომარეობა ყალიბდება ენერგიის კატასტროფული გარდაქმნების შედეგად. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ასეთი გარდაქმნა გარანტირებულია მრავალტემპერატურულ, მრავალკომპონენტიან სისტემებში, როგორც მათი ბუნებრივი მახასიათებელი, რასაც, უფრო კორექტულია, რომ ვუწოდოთ „მაგნიტო-სითხური ბმა“. ევოლუციის პროცესი შეიძლება დაიყოს ორ ფაზად. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ფაზა მიმდინარეობს ნელი დროის მასშტაბებზე, იგი გვაძლევს შესაძლებლობას, ნელად ცვლადი კვაზი-წონასწორული სისტემის ანალიზით, ვიწინასწარმეტყველოთ, როდის მოხდება „კატასტროფა“ (მდგომარეობის სწრაფი რელაქსაცია). კატასტროფა ხდება მაშინ, როდესაც ამგვარ ნელ ცვლილებებს სისტემა მიჰყავს ისეთ არეში პარამეტრებისა, როდესაც იგი ვეღარ ინარჩუნებს საწყის წონასწორობას“, – ნათქვამია ნაშრომის აბსტრაქტში.

ნაშრომი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი  ასტროფიზიკისთვის და კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ახალგაზრდა მეცნიერმა საერთაშორისო სივრცეში სერიოზული სიტყვა თქვას. ელენე სარალიძემ, თანაავტორებთან ერთად, რომელთაგანაც ერთ-ერთი, ეკატერინე დადიანი, ასევე თსუ-ს ბაკალავრიატის კურსდამთავრებული და პროფესორ ნანა შათაშვილის მოწაფეა, შეძლო რთული სისტემების „ფიზიკური ენის“ გაშიფვრა. მისმა ნაშრომმა ახლებურად დაანახა სამეცნიერო საზოგადოებას,  თუ როგორ იქმნება სამყაროში ენერგიის მძლავრი სტრუქტურები – დინებები და მაგნიტური ველები.

Facebook
Twitter
LinkedIn