პროფესორ გიორგი ტყეშელიაძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაცია თსუ-ში
,,მეცნიერი პატიოსნებისა და სამართლიანობის მანტიით“; ,,პროფესორმა გიორგი ტყეშელიაძემ, სისხლის სამართლის განვითარებაში უდიდესი წვლილის გარდა, ამქვეყნად უდიდესი ადამიანური სითბო, პროფესიის უზადო სიყვარული და შეუფასებელი სიბრძნე დაგვიტოვა…“ ,,გიყვარდეთ ადამიანი“ – ხშირად ასე იწყებდა ლექციას პროფესორი გიორგი ტყეშელიაძე…“ ,,შინაგანად ღრმა, ბუნებით თავისუფალი, იუმორის უზადო ნიჭით დაჯილდოებული, შემოქმედებითი აზროვნებით გამორჩეული…“ – ასეთი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებენ კოლეგები, მეგობრები და მოწაფეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ გიორგი ტყეშელიაძეს. იგი 1982 წლიდან ხელმძღვანელობდა სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრას თსუ-ში, 1995-2000 წლებში იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა სიკვდილით დასჯის გაუქმების საკითხის განხილვაში, რასაც შედეგად კანონმდებლობაში ცვლილებაც მოჰყვა.
პროფესორი გიორგი ტყეშელიაძე მთელი ცხოვრების განმავლობაში სისხლის სამართლის ფუნდამენტურ საკითხებს იკვლევდა. როგორც მისი კოლეგები აღნიშნავენ, პროფესორს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ სწავლული იურისტი არ შეიძლება იყოს მხოლოდ თეორეტიკოსი. მისი ავტორობით გამოცებულ წიგნებსა თუ სტატიებში ახსნილია სისხლის სამართლის მეცნიერების მჭიდრო კავშირი სოციალურ პრაქტიკასთან. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ენაზე გამოცემულ მის ნაშრომებს შორისაა: „დანაშაულის შემადგენლობის საგარანტიო ფუნქციები“ (1971 წ.), „დანაშაულის შემადგენლობა ღირებულებათა თეორიის თვალსაზრისიდან“ (1977 წ.), „კანონის განმარტების ზოგიერთი საკითხი“ (1979 წ.), „თინათინ წერეთლის მიზეზობრივი კავშირის კონცეფცია“ (1982 წ.), „სასამართლო დისკრეციის რეგულირების ზოგიერთი საკითხი სისხლის სამართალში“ (1986 წ.), „საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსი“ (2002 წ.) და სხვ.
ამა წლის 8 ნოემბერს თსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა პროფესორ გიორგი ტყეშელიაძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებული წარადგინა. წიგნი იურისტთა სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა (პროფესორის მეგობრების, მოწაფეების, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტრანტების) მოგონებებსა და სამართლის სხვადასხვა სფეროში სამეცნიერო ნაშრომებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ეს კრებული სერიაში ,,LIBER AMICORUM” რიგით მეოთხეა. მანამდე იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივით უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა ბესარიონ ზოიძის 70, ლადო ჭანტურიასა და გია ხუბუას კი 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნები.
საიუბილეო კრებულის პრეზენტაციაზე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ზარანდიამ, რომელმაც მეცნიერის განვლილი გზა შეაფასა და მის პიროვნულ ღირსებებზე გაამახვილა ყურადღება: ,,პროფესორი გიორგი ტყეშელიაძე იყო სამართლის მსახური იმ სიღრმითა და პასუხისმგებლობით, რომელიც ახასიათებს მხოლოდ ნამდვილ მეცნიერს და ნამდვილ ინტელიგენტს. ის იყო თინათინ წერეთლის საქმის გამგრძელებელი, მისი მოწაფე, მეცნიერ-პედაგოგი, რომელმაც არაერთ თაობას ჩაუნერგა სამართლისადმი სიყვარულის, სამართლიანობის და ინტელექტუალური პატიოსნების იდეალები. მის მიერ შექმნილმა ნაშრომებმა – დაწყებული სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის ფუნდამენტალური კვლევებიდან, დამთავრებული საკანონმდებლო საქმიანობით – მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამართლის თეორიის, პრაქტიკის და ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. პროფესორი ტყეშელიაძე იყო არა მხოლოდ მკვლევარი, არამედ გამორჩეულად ადამიანური, კეთილგანწყობილი და იუმორით სავსე პიროვნება: კოლეგებისთვის – მეგობარი, სტუდენტებისთვის – მაგალითი, ფაკულტეტისთვის – სანდო და კეთილსინდისიერი პროფესორი. დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ბატონ გიორგის, ვიხსენებთ ასევე იურიდიული ფაკულტეტისა და პროფესორ თინათინ წერეთლის სახელობის სისხლის სამართლის სკოლის დიდ ტრადიციას, რომლის ერთგულიც იყო ბატონი გიორგი მთელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ ასეთი ადამიანების მიერ შექმნილმა ტრადიციამ აქცია იურიდიული ფაკულტეტი იმ სამეცნიერო ცენტრად, რომელიც ქართულ სამართალს ავითარებს და აძლიერებს”, – აღნიშნა პროფესორმა თამარ ზარანდიამ.
კრებულში ,,LIBER AMICORUM გიორგი ტყეშელიაძე 95“ ვეცნობით არა მხოლოდ მოგონებებს პროფესორზე, არამედ ბიოგრაფიულ მონაცემებსაც მის შესახებ. სამართლის დოქტორი, თსუ-ს პროფესორი მაია ივანიძე წერს: ,,გიორგი ტყეშელიაძის ცხოვრებაში ყველაფერი სამაგალითო იყო: სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, სწავლა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტობის წლებში მისი მონდომება, სიბეჯითე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სასიქადულო მეცნიერ-იურისტებს, ქართული სისხლის სამართლის ფუძემდებელ პროფესორებს: თინათინ წერეთელსა და ვლადიმერ მაყაშვილს, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მისი მეცნიერული კვლევა-ძიების განსაზღვრაში”.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ პროფესორი გიორგი ტყეშელიაძე იყო მეცნიერი, რომელმაც კვლევითი თუ საკანონმდებლო საქმიანობითა და იურისტთა მრავალი თაობის აღზრდით დიდი კვალი დატოვა ქართული სამართლებრივი სისტემის განვითარებაზე.

ამონარიდები გიორგი ტყეშელიაძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებულიდან
მინდია უგრეხელიძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი:
,,ჩვენ პროფესორ თინათინ წერეთლის მოწაფეები ვიყავით. ბატონი გიორგი მოწაფეთაგან პირველი იყო, ვინც თავის დარგში − სისხლის სამართალში პროფესორმა თინათინმა თავისთან სამუშაოდ მიიწვია. საქმე ისაა, რომ იმ ხანად აკადემიის სისტემაში თინათინ წერეთელი სამართლის სექტორს განაგებდა და მასთან სამუშაოდ მოხვედრა ლამის აუხდენელი ოცნება იყო. ყოველივე ამას მალე ისიც დაემატა, რომ გიორგი ტყეშელიაძე პირველი და, საბოლოოდ, ერთადერთი თანაავტორი გახდა თინათინ წერეთლის კაპიტალური ნაშრომისა − „მოძღვრება დანაშაულზე“. ცოტა ხანში ვლადიმერ მაყაშვილმაც მიიწვია თანაავტორად წიგნისა − „მექრთამეობის შესახებ“. მსგავსი პატივი ჩვენ შორის არავის რგებია ისეთი მკაცრი და მომთხოვნი პიროვნებებისგან, როგორებიც ქალბატონი თინათინი და მისი მეუღლე იყვნენ”.
რომან შენგელია, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ-ს ემერიტუსი:
,,გიორგი ტყეშელიაძე თსუ-ში სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის ხელმძღვანელობისას ღირსეულად ავითარებდა იმ მიღწევებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ცნობილ იურისტებთან (ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ვაჩეიშვილი, თინათინ წერეთელი, თამაზ შავგულიძე, ბორის ფურცხვანიძე, ბეჟან ხარაზიშვილი და სხვ.). პროფესორ გიორგი ტყეშელიაძის სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და სიცოცხლის ბოლომდე მისი ეროვნული მისიის ერთგული დარჩა. მისი სახელის უკვდავსაყოფად საკმარისია მარტო საკანონმდებლო საქმიანობაში შეტანილი წვლილი. პროფესორი გიორგი ტყეშელიაძე ხელმძღვანელობდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ და დღემდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შემმუშავებელ სახელმწიფო კომისიას, რომლის შემადგენლობაში თანათავმჯდომარეებთან − ოთარ გამყრელიძესა და მინდია უგრეხელიძესთან − ერთად წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობდა კვალიფიციურ მეცნიერ-იურისტთა თანავარსკვლავედი. უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს მასში ხიბლავდა სამართლიანობისადმი სწრაფვის მაღალი ხარისხი. სადავო საკითხის გადაწყვეტის პროცესში იგი ყოველთვის სიმართლის მხარეს იყო”.
ნონა თოდუა, სამართლის დოქტორი, თსუ-ს პროფესორი:
,,ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი ბატონი გიორგის პირველი ასპირანტი − იგი იყო ჩემი მეცნიერ-ხელმძღვანელი. ბატონი გიორგისათვის დამახასიათებელი თვისებებიდან აღსანიშნავია მზრუნველობა ასპირანტებისადმი, რაც აშკარა იყო სადისერტაციო თემის შერჩევისა თუ შესრულებული ნაშრომის გაცნობისას − შესაშური სკრუპულოზურობით ასწორებდა მას არა მხოლოდ შინაარსობრივი, არამედ სტილისტური თვალსაზრისითაც კი. როგორც მეცნიერი, მისი ნაშრომები გამოირჩევა დოგმატურად საინტერესო და სადავო საკითხების სიღრმისეული კვლევით, ამავე დროს, გასაგები, მარტივი ენით. მასში ვერ ნახავთ ბუნდოვან და ძნელად გასაგებ წინადადებას. როგორც ლექტორი, მისი ლექციები ყოველთვის გაჯერებული იყო ზღვა ლიტერატურის ანალიზით, რა დროსაც წამოწეული იყო სადისკუსიო თემები, დრო არ იხარჯებოდა ტრივიალურ საკითხზე”.
მაია ივანიძე, სამართლის დოქტორი, თსუ-ს პროფესორი:
,,იგი დღენიადაგ პატიოსნებასა და კეთილსინდისიერებაზე საუბრობდა… განსაკუთრებით უყვარდა ზრუნვა თავის მოწაფეებზე და თითოეულის წარმატება დიდ სიხარულს ანიჭებდა. მისთვის კანონის უზენაესობა და სამართლიანობა მთავარი ორიენტირი იყო. მისი ყველა ლექცია, პირველ რიგში, ადამიანის სიყვარულის არსსა და მნიშვნელობას ეძღვნებოდა. გიყვარდეთ ადამიანი – ეს მისი ჩვეული ფრაზა იყო. ლექციის მსვლელობისას აუცილებლად იუმორსაც ჩააქსოვდა. გამოცდის შემდგომ სტუდენტს ახლობლებთან სახლში მოკითხვასაც დააბარებდა. პროფესორ გიორგი ტყეშელიაძის მიერ განვლილი ცხოვრებისეული გზა სამაგალითო და მრავალმხრივია. გიორგი ტყეშელიაძემ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა დანაშაულთა ერთობლიობისა და რეციდივის პრობლემაზე, რომელიც 1975 წელს წიგნად გამოიცა. მისი სადოქტორო დისერტაცია სასამართლო პრაქტიკასა და სისხლის სამართლის კანონს მიეძღვნა (სადოქტორო დისერტაცია მან 1982 წელს მოსკოვში, საკავშირო აკადემიის სამართლის ინსტიტუტში დაიცვა). მისმა იდეებმა აღიარება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოიპოვა. სამართლიანი და გაბედული შეფასებებისთვის მას ქართველი დონ კიხოტიც კი უწოდეს”.
