კვლევები, რომლებიც ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში 2025 წლისთვის ხორციელდება

თარიღი: 2025-11-22 12:25:39

ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტს წელს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. მისი ისტორია 1925 წელს იწყება, როცა აკადემიკოს ალექსანდრე ჯანელიძის თაოსნობით შეიქმნა გეოლო­გიური პროფილის პირველი სამეცნიერო დაწესებულება ყოფილ საბჭოთა კავშირში. ინსტიტუტის 100 წლისთავთან დაკავშირებით 16-17 ოქტომბერს ჩატარდა საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია – „მიღწევები და გამოწვევები გეოლოგიაში“ (გეოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობითა და თსუ-ს მხარდაჭერით). ღონისძიებაზე წარმოდგენილი მოხსენებები  გამოქვეყნდა თეზისების სახით; გამოქვეყნდა, ასევე,  საიუბილეო ალბომი – „ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი – მეცნიერებისთვის მიძღვნილი 100 წელი“.

ინსტიტუტი აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. იგი მსოფლიო გეოლოგიური მეცნიერების ნაწილია და აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე საერთაშორისო სამეცნიერო დია­ლოგში. ინსტიტუტში ფუნქციონირებს 6 სტრუქტურული ერთეული: 1. სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილება; 2. ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის განყოფილება; 3. პეტროლოგიის, მინერალოგიის, გეოქიმიისა და ლითოლოგიის  განყოფილება; 4. ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილება; 5. გარემოს დაცვის განყოფილება;   6. გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია.

2025 წელს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული 2025-2029 წლების პროექტზე დაიწყო მუშაობა. ამჟამად გეოლოგიის ინსტიტუტში კვლევები მიმდინარეობს გეოლოგიური მეცნი­­ერების თითქმის ყველა მიმართულებით. ხორციელდება ალპურამდელი და ალპური გეოდინა­მიკური ევოლუციის, ტექტონიკური სტრუქტურების წარმოშობის მექანიზმის, დედამიწის ქერქის თანა­მედ­როვე მოძრა­ობების მიმართუ­ლებისა და სიჩქარის და სეისმოგენერირებადი რღვევების შესწავლა;  საქართ­ველოს ფანე­რო­­ზოული ნალე­ქების დეტალური ბიოსტრატი­გრაფიული დანაწი­ლება და მათი პალეო­გეოგრაფიული კვლევა; სრულ­დება მეტამორფიზმისა და გრანიტწარმოშობის პროცესების პეტრომინერა­ლოგიური, გეო­ქი­მიური და გეოქრონო­ლო­გიური შესწავლა და ამ ქანების წარმოშობის გეოდინა­მი­კური პი­რო­ბების განსაზღვრა; ხორციელდება დანა­ლექი ქანების და ვულ­კა­ნური წარმო­ნაქმ­ნების პეტროლოგიური და ლითო­ლოგიური კვლევა; წარმოებს საქართ­ველოს ტერიტო­რიაზე მაგმუ­რი, მეტამორ­ფული და მადანწარმოშობის პროცე­სების გეოქი­მი­ური შესწავლა და მეტალური და არამეტა­ლური საბადოების გეოლო­გიის კვლე­ვა; მიმდინარეობს საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გეო­ეკოლოგიური, გეოქი­მიური და ჰიდრო­ქიმიური კვლევა და ასევე საქართ­ველოს მიწისქვეშა წყლების ჰიდროგეო­ლოგიური და ჰიდროქიმიური კვლე­ვები, საბადოთა შესწავ­ლა-შეფასება და მათი რაციონალური გამოყენების გზების დადგენა. წარმოდგენილი კვლევა აქტუალურია – იგი ითვალისწინებს თანამედროვე დონეზე გეოლოგიური მეცნიერების უმნიშვ­ნელოვანესი საკითხებისა და პრობლემების კომპლექსურ კვლევას. კვლევის სამეცნიერო შედეგები შეავსებს მეტ-ნაკლებად არსებულ ხარვეზს ალპურ-ჰიმალაური ნაოჭა სარტყლის კავკასიის სეგმენტის შესწავლაში. კვლევებს, თეორიულთან ერთად, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს სასარგებლო წიაღისეული საბადოების მიზანმიმართული ძებნა-ძიების საქმეში. აღსანიშნავია, აგრეთვე, პროექტით გათვალისწინებული ზოგიერთი კვლევის შედეგების მნიშვნელობა ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების პროგნოზირების, ძებნისა და დაზვერვის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს მიწისქვეშა წყლების საბადოთა შესწავლა-შეფასების საფუძველზე მათი რაციონალური გამოყენების გზების დადგენის რეკომენდაციების გაცემა. პროექტის შესრულების შედეგად მიღებული სამეცნიერო ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს გეოლოგიის დარგის სპეციალისტების მიერ სხვადასხვა თეორიული თუ პრაქტიკული მიზნით და, ასევე, დედამიწის შემსწავლელი სხვა დარგების სპეციალისტთა მიერაც. კვლევების განსახორციელებლად გეოლოგიის ინსტიტუტი იყენებს თავის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

2025 წელს ინსტიტუტის 39 მეცნიერ-თანამშრომლის მიერ გამოაქვეყნდა: 1 მონოგრაფია, 9 სტატია საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალებში და 47 თეზისი. მათ მონაწილეობა მიიღეს 18 საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში. ინსტიტუტში სრულდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 7 საგრანტო სამეცნიერო პროექტი და 3 საერთა­შორისო სამეცნიერო პროექტი.

ინსტიტუტი აერთიანებს სხვადასხვა თაობის მკვლევრებს. უფროსი თაობის მეცნიერების დიდი პროფესიული გამოცდილება და მემკვიდრეობით გადმოსული კვლევითი ტრადიციები ქმნის მტკიცე საფუძველს მეცნიერთა ახალგაზრდა თაობისთვის, რათა შექმნან ახალი გუნდი, განა­ვითარონ თავიანთი ხედვები, წარმოადგინონ ახალი ინიციატივები და დანერგონ ინტერდის­ციპლინური მიდგომები. ამჟამად, ინსტიტუტის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად მონაწი­ლეობენ ახალგაზრდა მკვლევრები, დოქტორანტები და სტუდენტებიც კი. ისინი თანაბრად არიან ჩართული სამეცნიერო და საველე სამუშაოებში და ლაბორატორიულ კვლევებში.

Facebook
Twitter
LinkedIn