ანი პაჭკორიას მიზნის მიღწევაში თსუ დაეხმარა

თარიღი: 2025-11-12 17:19:48

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მესამე კურსის სტუდენტი ანი პაჭკორია, რომელმაც ერთი სემესტრი ესპანეთში, სევილიის უნივერსიტეტში გაატარა, დღეს საკუთარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

„წლების განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი ,,Erasmus +“-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღებაზე – ეს იყო დიდი ხნის წინ დასახული მიზანი, რომლის მიღწევაშიც უნივერსიტეტმა მნიშვნელოვნად შემიწყო ხელი“, – ამბობს ანი პაჭკორია.

პროგრამამ ანის შესაძლებლობა მისცა – ერთი სემესტრი გაეტარებინა სევილიის უნივერსიტეტში – ესპანეთის ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში, რომელიც 1505 წელს დაარსდა. „ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა, რომ მომეცა შესაძლებლობა მესწავლა სევილიის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი არქიტექტურის ნამდვილი ნიმუშია  –  მას აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა და შესანიშნავი სასწავლო ტექნიკური ბაზა“, – იხსენებს სტუდენტი.

ანისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო უცხოელი სტუდენტებისადმი პროფესორ-მასწავლებელთა კეთილგანწყობა: „იგრძნობოდა ნამდვილი მხარდაჭერა და ინტერესი ჩვენი განვითარებისადმი. სწავლის პერიოდში დავესწარი ფინეთის ბანკის პრეზიდენტის ლექციას, რომელიც ეძღვნებოდა ევროპულ მომავალს და დემოკრატიას თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში – ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი გამოცდილება იყო“.

სევილია ანიზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. „სევილია ულამაზესი ქალაქია – სავსე ისტორიული მემკვიდრეობითა თუ ტრადიციებით და გამორჩეული არქიტექტურული სილამაზით“, – ამბობს ის. მისი თქმით, ესპანელები განსაკუთრებულად თბილი და გულღია ხალხია: „ისინი ისეთივე მეგობრულები და თავიან ქვეყანაზე შეყვარებულები არიან, როგორც ქართველები. აღდგომის წინა კვირამ გამორჩეულად მომხიბლა – აღდგომის სიხარული მათში საოცრად გულწრფელია“.

გაცვლითი სემესტრის განმავლობაში ანი რამდენიმე სხვა ქვეყანასაც ეწვია, რამაც, მისი თქმით, კიდევ უფრო გააღრმავა ევროპული მრავალფეროვნებისა და კულტურული ურთიერთგაგების მნიშვნელობის შეგრძნება.

ანი პაჭკორია თსუ-საც ემადლიერება და აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად გზა გაუხსნა: „გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე – თსუ მაძლევს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის, მაღალი დონის განათლებას. სწორედ ამან გამიადვილა ადაპტირება სევილიის უნივერსიტეტის სასწავლო სისტემასთან“.

ანის თქმით, სევილიის უნივერსიტეტში სწავლების მეთოდიკა უფრო პრაქტიკულ გამოცდილებაზეა ორიენტირებული. იგი მიიჩნევს, რომ თსუ-საც შეუძლია მეტად გააძლიეროს სწავლების პრაქტიკული მხარე: „ვისურვებდი, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას. სევილიის უნივერსიტეტში ყოველი ლექციის შემდეგ იყო ე.წ. ,,ოფისის საათები“, სადაც სტუდენტებს შეგვეძლო ლექტორთან ინდივიდუალურად გაგვერკვია ბუნდოვანი საკითხები – მსგავსი პრაქტიკა ჩვენს უნივერსიტეტშიც ძალიან სასარგებლო იქნებოდა“, – ამბობს ანი და დასძენს, რომ ესპანეთში გატარებული სემესტრი მის მომავალ პროფესიულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

Facebook
Twitter
LinkedIn