თსუ-ს ლექტორმა მალიორკაზე გამართულ განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა
„კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისა და ინტერდისციპლინური მიდგომების ეფექტიანობა უმაღლეს განათლებაში: შემთხვევის ანალიზი” – ამ სახელწოდებით წარადგინა მოხსენება თსუ-ს ენების შემსწავლელი ცენტრის ლექტორმა ლელა ჩოთალიშვილმა ესპანეთში გამართულ კონფერენციაზე.
განათლებისა და სწავლების ახალი ტექნოლოგიების რიგით მე-17 საერთაშორისო კონფერენცია EDULEARN25 კუნძულ მალიორკაზე, ქალაქ პალმაში ჩატარდა, სადაც ლელა ჩოთალიშვილი კოლეგებთან – ნარგიზა ახვლედიანთან, ქეთევან ქუთათელაძესთან და დიანა ახვლედიანთან ერთად წარსდგა.
მოხსენების მთავარი იდეა ისაა, რომ სტუდენტი ცოდნას ყველაზე ეფექტურად დამოუკიდებელი კვლევის გზით იძენს, როცა საუნივერსიტეტო დავალების შესრულებისას თავად ატარებს კვლევას, აანალიზებს წყაროებს და ამ პროცესში ღრმად ეცნობა საკითხს. ავტორებმა ეს კონცეფცია კონკრეტული მაგალითით ახსნეს – მათ გააანალიზეს კავკასიური „დიდი დედის“ კულტი უძველესი ცივილიზაციების რელიგიური წარმოდგენების კონტექსტში.
„თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევების საპასუხოდ უნივერსიტეტების როლი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ არსებული ცოდნის გავრცელებით – მათი ვალია ახალი ცოდნის შექმნა კვლევის გზით. ამიტომ აუცილებელია, რომ უნივერსიტეტებმა, როგორც სწავლების და სწავლის ცენტრებმა, მხარი დაუჭირონ სამეცნიერო აქტივობების განვითარებას და წაახალისონ სტუდენტების ჩართულობა კვლევაში“, – გვითხრა პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ლელა ჩოთალიშვილმა.
გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში პროფესორმა ხაზი გაუსვა თანამედროვე მსოფლიოში ინტერსდისციპლინური მიდგომების საჭიროებას. ,,მხოლოდ ერთი სამეცნიერო დისციპლინა ხშირად სულაც არ არის საკმარისი ამა თუ იმ საკითხის სრულფასოვნად ასახსნელად. ჩვენს შემთხვევაში, ერთმანეთს ერწყმოდა ლინგვისტური, არქეოლოგიური, ისტორიული და ფოლკლორული მასალა – სწორედ ეს ქმნის სრულყოფილ სურათს და კვლევას უფრო ღრმასა და ეფექტურს ხდის“, – ამბობს ის.
ლელა ჩოთალიშვილის თქმით, EDULEARN25-ის კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტი (AI) და მისი გავლენა განათლებაზე. პლენარულ სესიებზე სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ლორა მაკბეინმა და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა პუნია მიშრამ სწავლების პროცესში AI-ის გარდამტეხ როლზე ისაუბრეს, თუმცა ასევე აღნიშნეს, რომ მისი გამოყენება მოითხოვს დაბალანსებულ მიდგომას და გრძელვადიანი რისკების შეფასებას. „მომხსენებლები ამახვილებდნენ ყურადღებას იმაზე, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა გაამდიდროს სწავლების გამოცდილება და არა ჩაანაცვლოს ან მართოს ის. საჭიროა გავიაზროთ, რას ნიშნავს იყო ადამიანი მანქანების ეპოქაში და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ყველაზე გამორჩეული თვისება – შემოქმედებითი აზროვნება“, – აღნიშნავს ლელა ჩოთალიშვილი.
ჩვენი რესპონდენტი ასევე გვესაუბრა საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც: „საერთაშორისო შეხვედრებზე ხშირად ყალიბდება ახალი თანამშრომლობები და კოლაბორაციული კვლევები. ერთ-ერთმა მომხსენებელმა, მაგალითად, იაპონიაში მიგვიწვია. ასეთ ფორუმებზე ეცნობი უახლეს სამეცნიერო ტენდენციებსა და მეთოდოლოგიებსაც, რაც მუდმივ განვითარებას უწყობს ხელს“.
ლელა ჩოთალიშვილი თსუ-ს ენების შემსწავლელ ცენტრში ლათინურ და ძველ ბერძნულ ენებს ასწავლის. ვკითხეთ, რას ურჩევდა ის თავისი დარგის ახალგაზრდა მკვლევრებს: ,,ეცადონ – დამოუკიდებლად იაზროვნონ, კრიტიკულად მიუდგნენ საკითხებს და საკუთარი მიგნებები ეძიონ. ჩემს დარგში, კლასიკურ ფილოლოგიაში, ერთი შეხედვით ყველაფერი უკვე ნათქვამი და გაკეთებულია, მაგრამ სინამდვილეში ანტიკური ლიტერატურა თუ ისტორია ამოუწურავია. ყოველთვის შეიძლება ახალი აღმოჩენის გაკეთება. მიხარია, როცა ვხედავ სტუდენტებს, რომლებსაც ნამდვილად აინტერესებთ საკუთარი სპეციალობა, განსაკუთრებით დღეს, როცა ჰუმანიტარული დარგები ნაკლებად პოპულარულია”.
