ეკონომიკის აქტუალური პრობლემები განიხილეს კონფერენციაზე, რომელიც პაატა გუგუშვილის 120 წლისთავს მიეძღვნა
ეკონომიკურ პრობლემებთან და ეკონომიკურ სტრატეგიებთან იყო დაკავშირებული თსუ-ში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება: არსებული მდგომარეობა და გამოწვევები“, რომელიც გამორჩეულ ქართველ მეცნიერსა და ეკონომისტს, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 120 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიება ორგანიზებული იყო თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ.
პლენარულ სხდომაზე პროფესორ რამაზ აბესაძის მოხსენება შეეხებოდა თემას – „ეკონომიკური უსაფრთხოების გლობალური საფრთხეები“, სადაც განხილული იყო საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში არსებული რისკები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.
აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ისაუბრა ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კავკასიის სატრანსპორტო დერეფნების შესახებ და აღნიშნა, რომ ზანგეზურის დერეფანი არ უნდა განიხილებოდეს შუა დერეფნის განშტოებად, სანამ ამ პოზიციას ჩინეთი თავად არ აღიარებს, რადგან შუა დერეფანი ექსკლუზიურად ჩინური პროექტია. მისი აზრით, კავკასიის მშვიდობიანი განვითარებისათვის აუცილებელია შუა და ზანგეზურის დერეფნების განხილვა არა ალტერნატიულ, არამედ ურთიერთშემავსებელ მარშრუტებად.

პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით ასევე გამოვიდნენ პროფესორები: თემურ შენგელია, იოსებ არჩვაძე, გივი ბედიანაშვილი, ნუგზარ თოდუა და დოქტორანტი გრიგოლ ქარცივაძე, რომლებმაც განიხილეს სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები, კულტურული ფაქტორების ზეგავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ბიზნესგარემოზე, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების მაკროსისტემური პრობლემები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისადმი სტუდენტთა დამოკიდებულება უმაღლეს განათლებაში.
კონფერენცია მუშაობას აგრძელებდა სხვადასხვა სექციაში. სექციების მუშაობისას წარმოდგენილი იქნა მრავალფეროვანი სამეცნიერო კვლევები, მათ შორის, ახალგაზრდა ეკონომისტთა ინოვაციური ნაშრომები. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ეკონომიკურ ინტეგრაციაში საქართველოს როლის ზრდის აუცილებლობას, ეკონომიკური უსაფრთხოების მექანიზმების სრულყოფისა და ეკონომიკური პოლიტიკის სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას.
კონფერენციაზე მილოცვები და საუკეთესო სურვილები გამოაგზავნეს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა: გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებათა ქსელის პრეზიდენტმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოშუა ბერნსტაინმა, გაეროს ეკონომიკური კომისიის – ევროპისთვის – დეპარტამენტის დირექტორმა ელიზაბეთ ტუერკმა, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრენკ არაუჰომ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა მიხაილ გოლოვნინმა და სხვებმა. მათი წერილები ერთხმად უსვამდა ხაზს პაატა გუგუშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობის საერთაშორისო მნიშვნელობასა და ეკონომიკის ინსტიტუტის წარმატებულ საქმიანობას.

პაატა გუგუშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები
120 წლისთავზე აკადემიკოს პაატა გუგუშვილის მიერ განვლილ მეცნიერულ გზასა და მის ღვაწლზე ისაუბრეს მეცნიერებმა, რომლებიც პაატა გუგუშვილის მემკვიდრეებად მოიაზრებიან.
თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რამაზ აბესაძე: ,,აკადემიკოს პაატა გუგუშვილს მიუძღვის გადამწყვეტი წვლილი საქართველოში ეკონომიკური სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. განსაკუთრებულია მისი დამსახურება ეკონომიკის პირველი სამეცნიერო კერის – ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – დაარსებაში, რომლის უცვლელი დირექტორი იყო 32 წლის განმავლობაში. დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ მის სახელს დიდ პატივს მიაგებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ინსტიტუტს შეუძლია უპატაკოს მის დამაარსებელს, რომ, მიუხედავად ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობებისა, პროგრესული საზოგადოების, დედა უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თანადგომით იგი წარმატებით ინარჩუნებს და აგრძელებს იმ ტრადიციებს, რომელთაც მისმა პირველმა თაობამ ჩაუყარა საფუძველი და ახალ პირობებში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს“.
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე: „მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც პაატა გუგუშვილის ლექციებს ვისმენდი სწორედ იმ აუდიტორიაში, რომელსაც დღეს მისი სახელი ჰქვია. მისი კაპიტალური ნაშრომები სამხრეთ კავკასიის ეკონომიკასთან დაკავშირებით შეუცვლელი და საფუძვლიანი კვლევებია, რომელთაც ვერ აუვლის გვერდს ვერც ერთი მომავალი მკვლევარი. საოცარია, როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა ამდენი მასალის გააზრება და გამოკვლევა – ეს ნამდვილი მეცნიერული გმირობაა“.
პროფესორი თემურ შენგელია: „ის იყო ადამიანი, რომელმაც პირველმა დაიცვა დისერტაცია ეკონომიკაში, პირველი გახდა აკადემიკოსი ეკონომიკურ მეცნიერებაში, დაიწყო ეკონომიკური ტერმინოლოგიის შემუშავება და დააარსა ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“.
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე: „პაატა გუგუშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა არის შუქნიშანი იმისა, თუ საით უნდა იაროს მომავალმა თაობებმა. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ეკონომიკური სკოლისა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც. მისი ერუდიცია და შრომის კულტურა დღემდე რჩება სამაგალითოდ“.
ღონისძიება, რომელიც თსუ-ში გაიმართა, იქცა მნიშვნელოვან სტიმულად ქართული ეკონომიკური მეცნიერებისათვის – თაობათა დიალოგის, სამეცნიერო ტრადიციებისა და ეროვნული აკადემიური იდენტობის გაგრძელების სიმბოლოდ.
