,,სამი ზღვის ინიციატივა“და პოლონეთის როლი – ვახტანგ მაისაიას მოხსენება

თარიღი: 2025-10-16 20:04:50

„სამი ზღვის” კონცეფცია და პოლონეთის ახალი გეოპოლიტიკური სტრატეგიის გეოსტრატეგიული აქცენტები” – ასეთია იმ მოხსენების სახელწოდება, რომელიც თსუ-ში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინა პოლიტიკისა და სამხედრო მეცნიერებების დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ. მოხსენება დაფუძნებულია ავტორისავე ნაშრომზე, რომელიც 2019 წელს ერთ-ერთ პრესტიჟულ პოლონურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

პროფესორის თქმით, ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების გარშემო არსებული სივრცე, რომელსაც ხშირად „სამი ზღვის რეგიონს“ უწოდებენ, უკვე იქცა საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ არეალად. ეს ტერიტორია გლობალური და რეგიონული ჰეგემონების ინტერესების გადაკვეთის ადგილია – იკვეთება ევროკავშირის, ნატოს, რუსეთისა და სხვა რეგიონული მოთამაშეების ინტერესები.

„სამი ზღვის ინიციატივა” პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ და ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა დააარსეს 2015 წელს. მისი წევრია 12 ქვეყანა: პოლონეთი, ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. გაერთიანება მიზნად ისახავს რეგიონში ეკონომიკური, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას, ასევე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებას.

პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ მოხსენების წარდგენისას აღნიშნა, რომ ინიციატივის შედეგად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ისეთი ეკონომიკური სივრცე ჩნდება, რომელიც უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთზე და უფრო მეტად ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობას. ხაზგასასმელია ასევე, რომ ინიციატივას სრულად უჭერს მხარს აშშ, რაც გამოიხატება დიდ ფინანსურ დახმარებასა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში.

პროფესორის აზრით, რუსეთის გავლენის მთავარი ბერკეტი ენერგეტიკაა. სწორედ ამიტომ „სამი ზღვის ინიციატივის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ენერგორესურსების დივერსიფიკაციაა, რათა შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ გაზზე. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ამერიკულ ინვესტიციებსა და თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) მიწოდების ზრდას, რაც არა მხოლოდ ეკონომიკურ ნაბიჯად ითვლება, არამედ უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილიცაა.

პროფესორი ვახტანგ მაისაია თავის ნაშრომში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის,  ე.წ. ჰიბრიდულ ომებზე, რომლებიც კლასიკური სამხედრო დაპირისპირების ფარგლებს სცდება. ავტორი ეყრდნობა ,,მეოთხე თაობის ომის თეორიას”, რომლის მიხედვითაც თანამედროვე კონფლიქტები არა მარტო სამხედრო, არამედ ეკონომიკური, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური მეთოდებითაც მიმდინარეობს. ამ კონტექსტში ავტორი იხსენებს რუსეთის საგარეო სტრატეგიას, რომელიც მოიცავს ე.წ. გერასიმოვის დოქტრინას: ,,მანამდე, სანამ ღია სამხედრო ქმედება დაიწყება, მიზნები უნდა შესრულდეს პოლიტიკური და საინფორმაციო ზეწოლით“… ამ მიდგომის მკაფიო მაგალითებად პროფესორს საქართველოში 2008 წლის ომი და 2014 წლის უკრაინის ოკუპაცია მოჰყავს.

რაც შეეხება მოხსენების საბოლოო დასკვნას, პროფესორი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ჰიბრიდული გამოწვევები დღემდე ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება შავი ზღვის რეგიონში და ამ საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მხოლოდ ერთობლივი სტრატეგიითა და თანამშრომლობით – ნატოსა და ევროკავშირის ჩართულობით – შეიძლება მოხერხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ,,სამი ზღვის ინიციატივა”, ძირითადად, ეკონომიკურ პროექტად მოიაზრება, პროფესორის შეფასებით, წარმატებით განვითარების შემთხვევაში შესაძლოა ის აღმოსავლეთ ევროპისთვის ძლიერ უსაფრთხოების ბერკეტად გადაიქცეს.

Facebook
Twitter
LinkedIn