მარიამ ჯოლბორდი საზღვარგარეთ სწავლის პირველ გამოცდილებაზე გვიყვება

თარიღი: 2025-10-07 13:37:25

მარიამ ჯოლბორდი, რომელიც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მესამე კურსზე სწავლობს, ერთი სემესტრი იმყოფებოდა კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. მარიამისთვის ეს პირველი გამოცდილება იყო, რაც მისთვის ორმაგად რთული და საინტერესო გამოდგა.  ,,პირველი დღეებიდანვე შევხვდი სრულიად განსხვავებული კულტურის მქონე სტუდენტებს, რომლებთანაც კომუნიკაციის დამყარება თავიდან გამიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დავახლოვდით და ვისწავლეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ასევე ვსტუმრობდით და ვეცნობოდით გერმანიის ქალაქებს ერთად, ვაწყობდით პიკნიკებსა და ინტერნაციონალურ დღეებს, როცა ერთმანეთს ტრადიციულ კერძებს ვუმზადებდით და ვაცნობდით კულტურას. რაც შეეხება სწავლის პერიოდს, დავინახე ბევრი მსგავსება და განსხვავება თსუ-სა და კილის უნივერსიტეტს შორის, რაც მეთოდოლოგიას ეხება. მიწევდა ხშირი პრეზენტაციების კეთება და ჯგუფურ სამუშაოებში ჩართვა. ასევე მივიღე მონაწილეობა ესეს დაწერის კონკურსში, რომელიც ეხებოდა აქტუალურ თემებს ბიზნესში და მესამე ადგილზე გავედი. საერთო ჯამში ერთმა სემესტრმა და აწ უკვე ორმა სემესტრმა გამზარდა დამოუკიდებელ ადამიანად, მომიტანა დაუვიწყარი მოგონებები და გამაცნო საინტერესო ადამიანები“, – ამბობს მარიამი.

თსუ-ში სწავლის დაწყებამდე მარიამისთვის ბუნდოვანი იყო სამომავლო კარიერა, მაგრამ თსუ-ში სწავლისას აღმოაჩინა – თუ რეალურად რისი კეთება მოსწონდა, რა ინტერესები ჰქონდა და რა იყო მისი პატარა მიზნები. თსუ-ში მიღებული ცოდნა მარიამ ჯოლბორდს გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლადაც დაეხმარა.

,,კილის უნივერსიტეტში უფრო მეტად აქტუალურ საკითხებს უკავშირებენ ლექტორები სალექციო თემას, ვიდრე თსუ-ში. თსუ-ში უფრო მეტი ყურადღება თეორიას ეძღვნება, რაც, ვფიქრობ, დასაბალანსებელია. ასევე კარგი იქნებოდა – როგორც კილის უნივერსიტეტში აქვთ უფრო მეტი ჯგუფური სამუშაოები, ასევე იყოს თსუ-შიც“, – ამბობს მარიამი, როდესაც სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით სხვაობებზე ვკითხეთ იმ უნივერსიტეტში, სადაც ისწავლა. მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია თსუ-ში თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად ინტეგრირება სასწავლო პროცესში, რადგან, მისი თქმით, უნივერსიტეტმა უნდა მოამზადოს სტუდენტი გარე სამყაროსთვის, სადაც ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი სამუშაო გარემოს განუყოფელი ნაწილი ხდება.

Facebook
Twitter
LinkedIn