თამთა სალაძეს პოლონეთში უფრო გაუმარტივდა სწავლისა და მშობლის ამპლუის ერთმანეთთან შეთავსება
თამთა სალაძე, რომელიც თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენის თარგმნისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის მიმართულებით მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთში, ოპოლეს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ეს მისი პირველი გამოცდილება არ იყო, თუმცა პოლონეთში სწავლას მისთვის ახალ მიმართულებად მიიჩნევს.
,,ერთი სემესტრი ბევრ რამეს გასწავლის – მარტო უცხო გარემოში სწავლას კი არა, საკუთარ შესაძლებლობებსაც უფრო რეალურად ხედავ. ჩემთვის განსაკუთრებით რთული იყო ის, რომ სწავლის პარალელურად შვილიც თან მყავდა წაყვანილი და ცხრილი ზუსტად და სწორად უნდა გამეწერა. ამ მხრივ უნივერსიტეტი ძალიან დამეხმარა. საერთო საცხოვრებელშიც ცალკე ოთახი გამოგვიყეს, რაც ნამდვილად ამარტივებდა ყოველდღიურობას“, – ამბობს თამთა.
თამთა სალაძეს მიაჩნია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლამ მყარი საფუძველი მისცა, რაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარა.
,,თსუ-მ მომცა ძალიან მყარი თეორიული საფუძველი, ინგლისურ ენაში სიღრმისეული ცოდნა და ის თავდაჯერებულობა, რომ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა შემიძლია. ეს აკადემიური ბაზა ძალიან დამეხმარა უცხოეთში სწავლის პროცესში, რადგან ცოდნა უკვე მქონდა, რჩებოდა მხოლოდ მისი პრაქტიკაში გადატანა“, – ასეთია თამთას დამაჯერებელი პასუხი თსუ-ში მიღებულ გამოცდილებაზე.
თუ რით განსხვავდება სწავლების მეთოდები აქაური უნივერსიტეტისგან იმ უნივერსიტეტში, სადაც გაცვლითი პროგრამით ისწავლა? – ამ კითხვაზე თამთა გვპასუხობს: ,,ოპოლეს უნივერსიტეტში სწავლება უფრო პრაქტიკაზეა ორიენტირებული. დისკუსიები და ჯგუფური მუშაობა თსუ-შიც გვაქვს, მაგრამ სტაჟირება პროგრამაში პირდაპირ ჩართული არ არის და მგონია, ეს ყველაზე დიდი სხვაობაა. მხოლოდ თეორია საკმარისი არ გახლავთ, კარიერის დასაწყებად პრაქტიკული გამოცდილება აუცილებელია. ვფიქრობ, რომ ამ ორი მიდგომის გაერთიანება – თსუ-ს ძლიერი თეორიული ბაზა და უფრო პრაქტიკული ნაწილი, რომელიც უცხოეთში ვნახე – საუკეთესო შედეგს მოიტანს“.
თამთა სალაძეს ის პრობლემაც აქვს გააზრებული, რაც თსუ-ს უკავშირდება და რაზეც თამამად საუბრობს: ,,მინდა გამოვყო სტუდენტი მშობლების მხარდაჭერა. პოლონეთში ამ კუთხით მეტი მოქნილობა იყო, რაც სწავლისა და შვილზე ზრუნვის ერთმანეთთან შეთავსებას ამარტივებდა. თსუ-სთვისაც ძალიან სასარგებლო იქნებოდა მსგავსი შესაძლებლობების დანერგვა – მაგალითად, ცხრილების უფრო მოქნილი დაგეგმვა ან საცხოვრებელი პირობების გათვალისწინება სტუდენტი მშობლებისთვის. ეს ნამდვილად ბევრს გაუადვილებდა სწავლის პროცესს და შესაძლებლობას მისცემდა, რომ ერთდროულად ორივე როლში წარმატებულები ყოფილიყვნენ“.
