ქართველ მეცნიერ-კარტოგრაფთა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

თარიღი: 2025-10-01 15:50:29

18-20 სექტემბერს ხორვატიის ქალაქ ზადარში, ზადარის უნივერსიტეტის ბაზაზე, ჩატარდა რიგით 21-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კარტოგრაფია და გეოინფორმაცია“. კონფერენცია გაიმართა საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA) ეგიდით. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ზადარის უნივერსიტეტი და ხორვატიის კარტოგრაფიული საზოგადოება. კონფერენციის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გეორგ გარტნერი (ავსტრია), ხოლო ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი, ხორვატიის კარტოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი მილენკო ლაპენი.აღნიშნული კონფერენციის მუშაობაში, ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, მონაწილეობდა ქართველ მეცნიერ-კარტოგრაფდთა 12 წევრიანი  ჯგუფი.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აღნიშნული საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი (ჯგუფის ხელმძღვანელი),  ასოცირებული პროფესორი რობერტ მაღლაკელიძე, დოქტორანტები: გოჩა გუძუაძე, გიორგი მაღლაკელიძე და საბა მოდებაძე, მაგისტრანტი – გიორგი აბრამიშვილი. სხვა ორგანიზაციებიდან ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პროფესორი ზურაბ ლაოშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი სოფიო გორგიჯანიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), გეოგრაფიის დოქტორი თედო გორგოძე (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტი), ასოცირებული პროფესორი რევაზ თოლორდავა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი), თეონა თიგიშვილი (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო), გეოგრაფიის მაგისტრი ნიკოლოზ კაპანაძე (საპროექტო კომპანია „ნუევა“).

,,ქართული დელეგაცია კონფერენციაზე ყველაზე დიდი დელეგაციით იყო წარმოდგენილი, შესაბამისად, ყველაზე მეტი იყო მათ მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო პრეზენტაციები (10 მოხსენება), რამაც საერთაშორისო მეცნიერთა წრის დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართველ მეცნიერთა მოხსენებები შეეხებოდა კარტოგრაფიული მეცნიერების ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორებიცაა: ლანდშაფტური კარტოგრაფია, ისტორიული კარტოგრაფია, ატლასური კარტოგრაფია, სამხედრო კარტოგრაფია, გეოდინამიური პროცესების კარტოგრაფირება, კარტოგრაფიული მონიტორინგი, სასკოლო კარტოგრაფია. კონფერენციის მსვლელობისას გაფორმდა მემორანდუმი სამეცნიერო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციასა და ხორვატიის კარტოგრაფიულ საზოგადოებას შორის. დამყარდა კავშირები სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობის მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად წაადგებათ, პირველ რიგში, ჩვენს დოქტორანტებს მაღალრეიტინგულ პერიოდულ გამოცემებში სტატიების გამოქვეყნების მიმართულებით. უცხოელმა მეცნიერებმა ასევე გამოთქვეს სურვილი ქართულ სამეცნიერო-გეოგრაფიულ და კარტოგრაფიულ პერიოდულ გამოცემებში სტატიების გამოქვეყნების თაობაზე. ვესაუბრეთ ზადარის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ იოზეფ ფერიჩიჩს (იგი პროფესიით არის გეოგრაფი) თბილისის და ზადარის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, რაზედაც ხორვატული მხარე სიამოვნებით დათანხმდა. კონფერენციის  მუშაობაში მონაწილეობდა მსოფლიოს 11 ქვეყნის (ხორვატია, საქართველო, სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, ავსტრია, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია, ინდონეზია, ირანი) მეცნიერები. ყველა მონაწილესთან დამყარდა საქმიანი კავშირები კარტოგრაფიული განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ გორდეზიანმა.

საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ გორდეზიანმა და ხორვატიის კარტოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტმა მილენკო ლაპენმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

კონფერენციის მესამე დღეს მონაწილეთათვის მოეწყო ექსკურსია ვრანას ულამაზესი ტბის შემოგარენში, რომელიც ადრიატიკის ზღვის სანაპირო ზოლში მდებარეობს. კონფერენციის ორგანიზატორებმა, ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებთან ერთად,  სტუმრებს გააცნეს ადგილობრივი „ვიჩინის“ დამზადების ტექნოლოგიური პროცესები, რომელიც, გარკვეულწილად, ჰგავს რაჭული ლორის დამზადების პროცესს. კონფერენციის მონაწილეებმა მოინახულეს მეღორეობის ფერმაც, რომელიც ამ დელიკატესის ძირითადი ნედლეულის ბაზას წარმოადგენს. ექსკურსიის მარშრუტზე ქართული დელეგაციის წევრმა თედო გორგოძემ მონაწილეთათვის შეასრულა რამდენიმე მუსიკალური ნომერი, რამაც კონფერენციის მონაწილეთა ჯგუფი აღფრთოვანებაში მოიყვანა.

,,კონფერენციის მსვლელობისას დაისახა რიგი მომავალი შეხვედრები და ღონისძიებები. საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტისგან, გეორგ გარტნერისაგან მივიღეთ დასტური, რათა მომავალ 2026 წელს საქართველოში, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ეგიდით, ჩატარდეს სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები იქნებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია“, – ამბობს თენგიზ გორდეზიანი.

Facebook
Twitter
LinkedIn