რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდა მარიამ ქურდაძე სამშობლოში?
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტი მარიამ ქურდაძე ერთი სემესტრი სწავლობდა ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტში (გერმანია). მარიამი დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა სამშობლოში. იგი აღნიშნავს, რომ გაცვლითი სემესტრი მისთვის იყო როგორც აკადემიური, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით განსაკუთრებული გამოცდილება.
,,გერმანული სწავლების სტილი და განსხვავებული მიდგომები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ბევრი ახალი საგანი გავიარე. გარდა ამისა, შევიძინე მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან, უკეთ გავიცანი მათი კულტურა და მათაც სიამაყით გავუზიარე ქართული ტრადიციები. ახალ გარემოში ადაპტაციამ დიდი პასუხისმგებლობა და თავდაჯერებულობა შემძინა. ასევე, მოვინახულე უამრავი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობა, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩემი მსოფლმხედველობა“, – ამბობს მარიამი.
მარიამ ქურდაძე თსუ-ს მეტად ემადლიერება და აღნიშნავს, რომ სწორედ თსუ-ში მიიღო ის ცოდნა, რაც საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად გამოადგა. თსუ მისთვის მეგობრობასთან, ახალ შესაძლებლობებთან და მრავალფეროვან გამოცდილებასთან ასოცირდება.
,,თსუ არის ადგილი, სადაც სტუდენტს შეუძლია სრულყოფილად დაეუფლოს პროფესიას და მაქსიმალურად მიიღოს ცოდნა. ლექტორებისა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელების დახმარებით ჩვენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას ვიღებთ, არამედ ვსწავლობთ მის სწორად გამოყენებასაც. ასევე მნიშვნელოვანია ის თავისუფლება, რაც გვაქვს საგნების, ლექტორებისა და სწავლის ფორმატის შერჩევაში. ამასთან, გაცვლითი პროგრამების სიმრავლე შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მივიღოთ გამოცდილება სხვა ქვეყანასა თუ უნივერსიტეტში. გვაქვს უამრავი პროგრამა და საჯარო ლექციები, რომლებიც სტუდენტებისთვის დამატებითი ინფორმაციის წყაროა“, – ასეთია მარიამის განწყობები უნივერსიტეტისადმი, სადაც საერთაშორისო სტუდენტებთან თანამშრომლობის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას ისურვებდა, რაც უნივერსიტეტის სივრცეს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და ინოვაციურს გახდიდა.
