რა იდეისთვის დაჯილდოვდა უნივერსიტეტელი თამთა ნაბორაშვილი ახალგაზრდებისთვის დაწესებული მშვიდობის ჯილდოთი?

თარიღი: 2025-09-26 13:36:53

თსუ-ს ცენტრალური კანცელარიის საქმისწარმოების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების დოქტორანტმა თამთა ნაბორაშვილმა მიიღო მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“. ეს ჯილდო 2021 წლიდან დაწესებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და ყოველწლიურად გადაეცემა ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ,,მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ გაიცემა მათთვის, ვისაც, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში.

ნომინაციაში – „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ გაიმარჯვა თამთა ნაბორაშვილმა, რომელსაც გადასცეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაარსებული პრემია 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში.

თამთა ნაბორაშვილს კონკურსზე წარდგენილი ჰქონდა პროეტი – ,,ერთად მშვიდობიანი მომავლისთვის – ახალგაზრდული მედიალაბი“.ეს პროექტი გულისხმობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალგაზრდებისა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები მათი თანატოლების ჩართულობით შექმნილ ონლაინ მედიალაბს, სადაც ისინი ერთად იმუშავებენ ნეიტრალურ, ჰუმანურ თემებზე – ეკოლოგია, კულტურა, ტექნოლოგიები, სამეცნიერო იდეები და ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის გზები.

,,ახალგაზრდული მედიალაბიწარმოადგენს  ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ციფრულ პლატფორმას, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტით დაზარალებული ჯგუფების ინტეგრაციას ნეიტრალური, ჰუმანური ინტერესების გარშემო. პროექტის მთავარი მიზანია – შექმნას მდგრადი კავშირები მომავალ თაობებს შორის, სადაც ურთიერთობები აგებული იქნება არა ისტორიულ ტრავმებზე, არამედ მიმართული იქნება საერთო მომავლის შექმნისკენ“, – აღნიშნავს თამთა ნაბორაშვილი.

თამთა ნაბორაშვილის პროექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სამშვიდობო იდეა, მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენას, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ქართველ, აფხაზ და ოს ახალგაზრდებს შორის. პროექტის ძირითადი ამოცანაა ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთპატივისცემის, კონფლიქტების გადალახვის და დიალოგის კულტურის ჩამოყალიბებას განსხვავებული ეთნიკური და პოლიტიკური იდენტობების მქონე ახალგაზრდებს შორის.

პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 14-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთის, ცხინვალის და საქართველოს სხვა რეგიონებში.

პროექტი მოიცავს არა მხოლოდ საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, არამედ გააჩნია რეალური პოტენციალი გახდეს გლობალური მასშტაბის ინკლუზიური და კულტურული ინიციატივების ნაწილი, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტების გადალახვას ახალგაზრდული თანამშრომლობის საფუძველზე.

Facebook
Twitter
LinkedIn