მზადდება სამაგისტრო პროგრამა – „ბიზნესის ტრანსფორმაცია AI-ის მეშვეობით“
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი მიმდინარე სასწავლო წელს დაასრულებს მუშაობას 60 კრედიტიან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე: „ბიზნესის ტრანსფორმაცია AI-ის მეშვეობით“. პროგრამა შექმნილია იმისათვის, რომ სტუდენტებს მისცეს როგორც ბიზნესის საფუძვლების, ისე ხელოვნური ინტელექტის ღრმა ცოდნა, თან ერთად მოამზადოს ისინი AI-ის ეთიკური, სამართლებრივი და სოციალური ასპექტების მართვისთვის.
ეს ინოვაციური პროგრამა მსოფლიო პრაქტიკასთან თანაბრად მდგომ აკადემიურ სტანდარტს იძლევა, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს თანამედროვე ციფრულ ეკონომიკაში კონკურენტუნარიანი პროფესიონალები მოამზადოს.
ახალ სასწავლო პროგრამის – „ბიზნესის ტრანსფორმაცია AI-ის მეშვეობით“ – შესახებ მოგვითხრობს პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თემურ შენგელია:
- მოგეხსენებათ, რომ MBA პროგრამები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს მოიცავს, შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს.
- MBA AI-ის სპეციალიზაციით ან კონცენტრაციით – ეს არის ტრადიციული MBA პროგრამები, რომლებსაც დამატებული აქვს AI-ის მოდულები. სტუდენტები იღებენ ფართო ცოდნას ბიზნესის საფუძვლებზე (ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები) და, ამავდროულად, სიღრმისეულად შეისწავლიან AI-ის გამოყენებას ბიზნესში.
- აღმასრულებელი MBA (Executive MBA) AI-ში – ეს პროგრამები განკუთვნილია გამოცდილი მენეჯერებისა და პროფესიონალებისთვის. ისინი აძლევენ საშუალებას არსებულ ლიდერებს, შეიძინონ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენონ AI სტრატეგიულად ბიზნესის ტრანსფორმაციისა და ინოვაციების წასახალისებლად.
- ორმაგი ხარისხის პროგრამები (Dual Degree) – ზოგიერთი უნივერსიტეტი გვთავაზობს ორმაგ ხარისხს, მაგალითად, MBA და მაგისტრის ხარისხს (MS) გამოყენებითი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ეს პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს – მიიღონ როგორც ბიზნესის, ისე ტექნიკური ცოდნის საფუძვლები.
ჩვენი პროგრამა არის კომპლექსური და ის მოიცავს ყველა ამ მიმართულებას.
ძირითად მოდულში გათვალისწინებული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: მანქანური სწავლება და მისი გამოყენება ბიზნესში, რომელიც განიხილავს, თუ როგორ შეიძლება მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენება მონაცემების გასაანალიზებლად, ტენდენციების პროგნოზირებისთვის და გადაწყვეტილებების მისაღებად; ბიზნესის ტრანსფორმაცია AI-ის მეშვეობით – აქ სტუდენტები სწავლობენ, თუ როგორ უნდა დანერგონ AI ტექნოლოგიები კომპანიის სტრატეგიაში, ოპერაციებში და პროდუქტის განვითარებაში; AI-ის ეთიკა და მმართველობა, რომელიც აანალიზებს ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ, სამართლებრივ და სოციალურ შედეგებს და ამზადებს მომავალ ლიდერებს ამ გამოწვევების სამართავად; მონაცემთა ანალიზი – აქ სტუდენტები ეუფლებიან მონაცემთა ვიზუალიზაციას, ანალიზს და გამოყენებას, რათა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

როგორც პროფესორმა თემურ შენგელიამ აღნიშნა, მსგავს პროგრამებს მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტები გვთავაზობენ, ესენია: Cardiff University (კარდიფის უნივერსიტეტი), Arden University (არდენის უნივერსიტეტი), Rutgers Business School (რათგერსის ბიზნეს სკოლა), St. John’s University (სენტ ჯონის უნივერსიტეტი), University of Hertfordshire (ჰერტფორდშირის უნივერსიტეტი). შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს გააჩნდეს ამ ტიპის ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია ამ სფეროში ცოდნის გაღრმავებაზე.
