მარიამ გასვიანი: ,,ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში სწავლის გამოცდილება საუკეთესო პრელუდიაა“

თარიღი: 2025-09-20 16:54:04

მარიამ გასვიანი თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის – „ფსიქოლოგია“ – მე-3 კურსის სტუდენტია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში. საზღვარგარეთ ცოდნის მიღების თვალსაზრისით მარიამისთვის ეს პირველი გამოცდილება იყო.

,,არ ვიქნები გამორჩეული, თუკი ვიტყვი, რომ ჩემი ოცნება ყოველთვის იყო მსოფლიოს რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში სწავლა. მათ შორის კი ჰარვარდს ისევე საპატიოდ და მყარად ეკავა პირველი ადგილი სასურველი უნივერსიტეტების სიაში, როგორც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების ჩამონათვალში უკვე ათწლეულებია უკავია. ჩემს წარმოდგენებში ამ ოცნებას ხელშესახებ რეალობად ყველა ის პიროვნული მახასიათებელი აქცევდა, რომლებიც სასკოლო ასაკიდანვე გამოვიმუშავე. ყოველთვის მჯეროდა, რომ შრომისმოყვარეობა, მონდომება და მიზანდასახულობა წარმატების ის კომპონენტებია, რომლებიც ყველაზე თამამ ოცნებასაც კი რეალობად აქცევს. თამამს იმდენად, რამდენადაც მსგავსი ოცნებები მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი ელემენტების უბრალო ჯამზე არ დაიყვანება და უამრავი გარე ფაქტორის ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგია. თუმცა, თუკი ამ უკანასკნელს დროებით ყურადღების მიღმა დავტოვებ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წარმატების აღნიშნულ რეცეპტს ჩემთვის იმედი არასდროს გაუცრუებია. ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში სწავლის გამოცდილებაც ამის საუკეთესო დასტურია.

არასდროს დამავიწყდება დერეალიზაციის განცდა, რომელიც თსუ-ს ,,მეილის“ მიღებას ახლდა თან. ჰარვარდის უნივერსიტეტის სახელის წაკითხვაც კი საკმარისი იყო ჩემთვის იმის გადასაწყვეტად, რომ მერწმუნა, სწორედ ეს პროგრამა იყო ცხოვრებისგან შემოთავაზებული ის გარემოება, რომელიც ჩემი მოზარდობის დროინდელ ოცნებას ფრთებს ასხამდა. ამ ოცნების რეალობად ქცევისკენ გადადგმული ნაბიჯები საკმაოდ რთული, დროში გაწელილი და შრომატევადი იყო, თუმცა გამოცდილება, რომელიც ჰარვარდის საზაფხულო სკოლის სტუდენტობით შევიძინე, ფასდაუდებელია და ამ გზაზე შექმნილ ყველა დაბრკოლებას მომენტალურად აუფერულებს. როგორც ჩემს პირად ჩანაწერებში მაქვს აღნიშნული – გერქვას ჰარვარდის სტუდენტი, ნიშნავს იღებდე უნიკალურ ცოდნას და გამოცდილებას მსოფლიოს წამყვანი პროფესორებისგან და გქონდეს ურთიერთობა ყველაზე მიზანდასახულ და შთამაგონებელ ადამიანებთან მთელი მსოფლიოდან. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანმა საკუთარი პოტენციალის რეალიზების უმაღლეს მწვერვალებს შეიძლება მიაღწიო და ამასთან ყოველ დღე იღებდე უწყვეტ შთაგონებას საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შესაქმნელად. ეს პროცესი კი თავისი არსით იმდენად საინტერესო და სასიამოვნოა, რომ მიღებული გამოცდილების უწყვეტად გამეორების სურვილს აღვივებს. ამიტომ მჯერა, რომ ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში სწავლის გამოცდილება საუკეთესო პრელუდიაა იმ ოცნების კიდევ უფრო სრულყოფისთვის, რასაც ჰარვარდში ხანგრძლივი ვადით სწავლა ჰქვია“, – ასეთი აღფრთოვანებით საუბრობს მარიამ გასვიანი ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში გატარებულ 3 კვირაზე.

მარიამს არასდროს ეპარებოდა ეჭვი, რომ თავის დროზე მან სწორი არჩევანი გააკეთა, როცა თსუ-ში სწავლა გადაწყვიტა. მისთვის ჯერ კიდევ 10 წლის წინ იყო მკაფიო ამის მიზეზი: ,,აქ სწავლა გულისხმობს იმ ისტორიასთან, აკადემიურ თუ კულტურულ ცხოვრებასთან უშუალო შემხებლობას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ინტელექტუალური ფუნდამენტი შექმნა. იყო საუკუნოვანი ისტორიის თანამონაწილე – ეს არის პრივილეგია, რომელიც ნებისმიერ სტუდენტს საშუალებას აძლევს გახდეს არა მხოლოდ უნიკალური ინტელექტუალური მემკვიდრეობის მატარებელი, არამედ მისი თანაავტორიც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა არის მუდმივი დიალოგი წარსულსა და მომავალს შორის,  რადგან ერთდროულად ხარ ტრადიციის ნაწილი და მისი გამგრძელებელიც ახლებური ხედვებითა და პერსპექტივებით“. მარიამი ემადლიერება ყველა იმ ლექტორს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში მის მიერ დაგროვილი საუკეთესო აკადემიური გამოცდილების უშუალო თანამონაწილეა. ,,განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო ჩემი სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელებს – ქალბატონ იამზე კუტალაძესა და ქალბატონ ხათუნა მარწყვიშვილს, რომელთა პროფესიონალიზმი, უწყვეტი მხარდაჭერა  და ხელმძღვანელობა გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემი აკადემიური იდენტობის ჩამოყალიბებაში. ვფიქრობ, რომ მათი რეკომენდაციები ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო იმ უნიკალური შესაძლებლობის რეალობად ქცევაში, რასაც ჰარვარდის საზაფხულო სკოლის სტუდენტობა ჰქვია“ – ამბობს მარიამი.

მარიამ გასვიანი ამჟამად სადოქტორო დისერტაციის თემაზე მუშაობს და მისი ინტერესები ფოკუსირებულია ფსიქოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებაზე.

Facebook
Twitter
LinkedIn