ნიკა ტეფნაძე: ,,ჩემი გზა ჰარვარდამდე მივიდა“

თარიღი: 2025-09-20 16:00:52

ნიკა ტეფნაძე, რომელიც ჰარვარდში იმყოფებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. მისთვის საამაყოა, რომ საქართველოს პირველი ეროვნული უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების ნაწილია. ,,დღეს თამამად შემიძლია ვუპასუხო კითხვას – თუ რა მომცა უნივერსიტეტმა? სწორედ თსუ იქცა ჩემთვის უამრავი შესაძლებლობის საწყის წერტილად. ოთხი წლის განმავლობაში სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მოვახერხე, რომ სხვადასხვა დროს სტუდენტობა გამეტარებინა საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ყოველივე კი დაგვირგვინდა იმით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ამპლუაში აღმოვჩნდი პირველი აღმოსავლეთ ევროპელი სტუდენტი, რომელიც Harvard-ის გლობალური პარტნიორობის წევრი გახდა“, – ამბობს ნიკა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ნიკა ტეფნაძე თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს და ამბობს: ,,ჰარვარდის საზაფხულო სკოლა ჩემთვის დიდ სიახლესა და სრულიად სხვა სამყაროს წარმოადგენდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსით ჩემ წინ უამრავი ახალი შესაძლებლობა გადაიშალა. მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკა, მსოფლიოს უზარმაზარი უნივერსიტეტი, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები, ასი ათასობით სახელმძღვანელო და ხელნაწერები, მსოფლიო დონის პროფესორები – მე ამ ყოველივეს ნაწილი გავხდი. სამი კვირის განმავლობაში შევიგრძენი ის, რაც არა მხოლოდ ქართველი ახალგაზრდისათვის, არამედ ნებისმიერი სტუდენტისათვის სანატრელია – ჩემი გზა ჰარვარდამდე მივიდა.

ყოველთვის მქონდა ოცნება, რომ მესწავლა მსოფლიოს რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში. თუმცა, ცხადია, ადამიანს მიზნების მისაღწევად შინაგანი სწრაფვა სჭირდება, საკუთარ თავში უნდა იპოვოს ის გრძნობა, რაც მისცემს ძალას, რომ ეზიაროს თავის ოცნებებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის კედლებში ჩემი თავი ისევ აღმოვაჩინე – ვკითხულობდი გარშემო წარწერებს: რომ თამამად უნდა ვიოცნებო! რომ შესაძლებლობას არ აქვს საზღვარი! რომ არ უნდა მეშინოდეს დიადი მიზნების დასახვის!

ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ეს, უბრალოდ, ერთ-ერთ ჩვეულებრივ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა იყო… და მე სწორედ მათ ვეტყოდი, რომ – არა! მე ჰარვარდის უნივერსიტეტის ნაწილი გავხდი; მქონდა შესაძლებლობა, რომ მომეპოვებინა წვდომა ჰარვარდის ბიბლიოთეკის უამრავ სახელმძღვანელოზე; შევძელი, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები გამეცნო და მესწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტის მსგავსად. ვამაყობდი, რომ მე და ჩემი მეგობრების გავლით ჰარვარდის კედლებში ისმოდა საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი“.

ნიკა ტეფნაძისთვის, როგორც თავად უკვე აღნიშნა, ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა პირველი შესაძლებლობა არ იყო. თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას იგი არაერთ გაცვლით პროგრამას ეზიარა. ,,ბავშვობიდან მქონდა სურვილი, რომ საფრანგეთში მესწავლა. ეს, ალბათ, ფრანგული ენისა და კულტურის სიყვარულმა განაპირობა. ერასმუს-ის პროგრამის ფარგლებში, მეორე კურსის სტუდენტს, 2022–2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, მქონდა შესაძლებლობა – სწავლა გამეგრძელებინა სამხრეთ საფრანგეთში, ნიცაში კოტ დ’აზურის უნივერსიტეტში; ასევე, 2023–2024 წლის სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი გავატარე ჩრდილოეთ საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონის წამყვან რენის უნივერსიტეტში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩემთვის ფართო გზები გახსნა. გაცვლითი პროგრამის სტუდენტობა არ ყოფილა მარტივი. ეს საკუთარი კომფორტის ზონის დატოვებაა და სრულიად ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს. საოცარი შთაბეჭდილებით დავბრუნდი ყოველ ჯერზე ჩემს უნივერსიტეტში და, რაც მთავარია, ყოველთვის დიდი მადლიერების გრძნობით“, – გვიყვება ნიკა.

ნიკა ტეფნაძის აზრით, თსუ დღეს სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას. იგი თვლის, რომ აუცილებელია ტრადიციისა და ნოვაციების შერწყმა, რაც ინფრასტრუქტურისა და ციფრული პლატფორმების განვითარებას უკავშირდება. სურვილი აქვს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტებს უფრო ფართო წვდომა მისცეს საერთაშორისო ონლაინ-სასწავლო პლატფორმებსა და რესურსებზე, როგორიცაა სამეცნიერო ბაზები, ონლაინ-ლექსიკონები და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა უნივერსიტეტში პრობლემებსაც ხედავს, მას მიაჩნია, რომ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობს და, პირველ რიგში, ის პროფესორ-მასწავლებლებს ემადლიერება.  ,,იურიდიული ფაკულტეტი იწონებს თავს იმით, რომ ფაკულტეტზე ის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ ლექციებს, რომლებიც რეალურად ქმნიან ქართულ იურისპრუდენციას. რთულია, გამოვარჩიო საყვარელი ლექტორი, თუმცა აუცილებელია, ვახსენო იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინე ქურდაძე, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ არა მხოლოდ ჩემს პროფესიულ, არამედ პიროვნულ განვითარებაში. უზომოდ მადლიერი ვარ მათ მიერ გამოვლენილი უწყვეტი მხარდაჭერისა ჩემს კარიერულ განვითარებაში“, – აღნიშნავს ნიკა ტეფნაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ სწორედ სტუდენტებზეა დამოკიდებული – თუ როგორ შეძლებენ უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების მათ სასიკეთოდ გამოყენებას.

Facebook
Twitter
LinkedIn