ვის შეუძლია სარგებლობა ევროპული ახალგაზრდული ბარათით?
2025 წლის შემოდგომიდან საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი, რომელსაც ხშირად ,,შესაძლებლობების ქარდად“ მოიხსენიებენ. ინიციატივა განკუთვნილია 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, მათ შორის, სტუდენტებისთვის და წარმოადგენს მრავალმხრივ პლატფორმას ახალგაზრდების მობილობის, განათლებისა და სოციალურ-კულტურული ჩართულობის ხელშესაწყობად.
ევროპული ახალგაზრდული ბარათი წარმოადგენს ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის (EYCA) გლობალურ ინიციატივას, რომელიც უკვე 38 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 9 მილიონამდე ახალგაზრდას აერთიანებს. ბარათის მფლობელები იღებენ წვდომას 25 000-ზე მეტ სერვისსა და ფასდაკლებაზე ევროპის მასშტაბით – საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ტრანსპორტზე, საცხოვრებელში, მუზეუმებსა და კულტურულ ღონისძიებებზე, სპორტულ დაწესებულებებში, მაღაზიებში და სხვა.
საქართველო ამ ქსელში გაწევრიანებით ახალგაზრდული ინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. ინიციატივა ოფიციალურად დააანონსა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე: „სულ მალე, საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი – ე.წ. ,,შესაძლებლობების ქარდი“, რომელიც ევროპის მასშტაბით აქტიურად გამოიყენება და აერთიანებს 9 მილიონამდე ახალგაზრდას. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორია.
იმისთვის, რომ პროგრამა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, თბილისის მერიასა და „საქართველოს ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი და თბილისის მერია 2025 წლის შემოდგომიდან ერთად უზრუნველყოფენ, რომ ამ შესაძლებლობით რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ ისარგებლოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბარათის გაცემის პროცესი დაიწყება 2025 წლის შემოდგომიდან, ხოლო მერიას ბარათის გაცემაზე ექსკლუზიური უფლება ექნება, რაც მოიცავს ლიცენზირებას, გავრცელებასა და პროგრამის მართვას.
როგორ მივიღოთ ევროპული ახალგაზრდული ბარათი?
ბარათის მისაღებად სტუდენტად ყოფნა აუცილებელი არ არის. საკმარისია, 31 წლამდე ასაკის ახალგაზრდა იყოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ქვეყანაში აღნიშნული საბარათე მხარდაჭერა არ არის, მისი მიღება შეგიძლიათ მაშინ, როცა 40-დან რომელიმე ქვეყანაში მოხვდებით, სადაც ეს სისტემა მხარდაჭერილია.
ბარათი ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს და ფასი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. თუმცა, როგორც European Youth Card-ის საიტზეა მითითებული, მისი გახსნა 14 ევრო დაგიჯდებათ.
რეგისტრაციისთვის მარტივი მონაცემების შეყვანაა საჭირო: სახელი და გვარი ინგლისურად, სახელი და გვარი ქართულად, მისამართი, დაბადების თარიღი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ელექტრონულ ბარათს უნიკალური კოდით და ათასობით ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელი გახდება. ამისთვის სპეციალური ფორმა საიტზე უკვე ხელმისაწვდომია.
აღსანიშნავია, რომ European Youth Card Association-ის ვებ-გვერდზე უკვე გაჩნდა საქართველოს განყოფილებაც, სადაც წერია, რომ სიახლე ქართველ ახალგაზრდებს ევროპის მასშტაბით წარმოუდგენელი შესაძლებლობებისკენ უხსნის კარს.
რა შეიძლება მიიღოს ახალგაზრდამ?
ახალგაზრდა ბარათის მფლობელისთვის სარგებელი პრაქტიკულად მრავალმხრივია:
მგზავრობის ფასდაკლებები (ავტობუსი, მატარებელი, თვითმფრინავი),
საცხოვრებლის ბენეფიტები (ჰოსტელები, სტუდენტური საცხოვრებლები),
კულტურულ დაწესებულებებში შეღავათიანი ფასები (მუზეუმები, თეატრები, კინო),
საგანმანათლებლო კურსებზე ხელმისაწვდომობა (ონლაინ და ოფლაინ ტრენინგები),
სპორტული დარბაზებისა და აქტივობების ბარათები,
გართობა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები (კაფე, ფესტივალები, კლუბები).
ინიციატივა ემთხვევა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ახალ ეტაპს და ემყარება ახალგაზრდული პოლიტიკის პრინციპს – „არ დაგვავიწყდეს ახალგაზრდები“. ევროპული ახალგაზრდული ბარათის დანერგვა სწორედ იმ ღირებულებების მატარებელია, რასაც საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა ევროპასთან დაახლოების კუთხით უსვამს ხაზს – ესენია: თავისუფალი გადაადგილება და ახალგაზრდული მობილობა, საგანმანათლებლო კავშირები და შესაძლებლობებზე წვდომა, საზოგადოებრივი ჩართულობის ზრდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბარათები ევროკავშირის ქვეყნებში არა მხოლოდ სოციალური სარგებლის, არამედ მნიშვნელოვანი გამოცდილების წყაროა, რომელიც ახალგაზრდას აძლევს საშუალებას – საკუთარი თავი სხვა კულტურულ და საგანმანათლებლო რეალობაში მოსინჯოს.
