სამეცნიერო კონფერენცია – „ტექსტი და ინტერპრეტაცია“, რომელიც მიხეილ კვესელავას ხსოვნას მიეძღვნა
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა გამართა რიგით მესამე სამეცნიერო კონფერენცია – „ტექსტი და ინტერპრეტაცია“, რომელიც მწერლისა და ლიტერატურათმცოდნის, მიხეილ კვესელავას ხსოვნას მიეძღვნა.
ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და პროფესორი მიხეილ კვესელავა (1932–2012) ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო იმ თაობისა, რომელმაც განსაზღვრა თსუ-ს ლიტერატურულ-თეორიული სივრცის განვითარება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. ის ავტორია რომანისა „ას ერგასის დღე“, აგრეთვე მრავალთვიანი კვლევის შედეგზე დაფუძნებული ნაშრომებისა ევროპულ და ქართულ ლიტერატურაზე. მიხეილ კვესელავა წლების განმავლობაში მოღვაწეობდა როგორც მასწავლებელი და მკვლევარი და უდიდეს როლს ასრულებდა ახალგაზრდა თაობის სამეცნიერო გზის წარმართვაში.
კონფერენცია გახსნა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა გელაშვილმა, რომელმაც აღნიშნა მიხეილ კვესელავას როლი თანამედროვე ქართული ლიტერატურათმცოდნეობის განვითარებაში და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მის რომანზე – „ას ერგასის დღე“ – საუბარს, რომლის ტექსტუალური შრეებიც დღემდე მნიშვნელოვანი კვლევის საგანია. მანანა გელაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ქართული გერმანისტიკის ტრადიცია კვლავ აქტიურად გრძელდება, რაც გიორგი ბრეგვაძის მოხსენებაშიც მკაფიოდ აისახა – მისი კვლევის თემას გოეთეს „ფაუსტში“ ფიხტეს სუბიექტური იდეალიზმის რეცეფცია წარმოადგენდა.

პლენარულ სხდომაზე მრავალი საინტერესო მოხსენება იქნა წაკითხული – დაწყებული შექსპირის დრამიდან, რომლის ავტორიც იყო ცნობილი მთარგმნელი და ლიტერატურათმცოდნე პაატა ჩხეიძე (,,ჰენრი მეხუთე დრამაში ხელმოცარული ისტორიული გმირი“), დამთავრებული თანამედროვე ლიტერატურაზე კვლევებით. დავით მაზიაშვილმა ისაუბრა „სტოპ-არტის რთულ ამოცანებზე“, ხოლო თამარ გელაშვილის ნაშრომი ეხებოდა თანამედროვე ირლანდიელი დრამატურგის ფრენკ მაკგინესის პიესას ,,ფაბრიკის გოგოები’’ რუსთავის თეატრის სცენაზე“.
სექციებში მუშაობა გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ კვლევები თარგმნის თეორიაში: ლელა ებრალიძემ მოხსენებაში – „რობერტ ფროსტის ლექსის “The Road Not Taken” ინტერპრეტაციის პრობლემა და მისი ქართული თარგმანები“ – რობერტ ფროსტის ერთ-ერთი ლექსის ინტერპრეტაციისა და ქართული თარგმანის თავისებურებები წარმოადგინა; ნინო დოლიძემ კი ჯიბრანის „წინასწარმეტყველის“ ინტერპრეტაცია გააანალიზა როგორც ქართულ თარგმანებში, ასევე ჰოლივუდის ანიმაციაში. ლელა წიფურიამ აუდიტორიას შესთავაზა „ტექსტის ინტერპრეტაცია ბრძოლის მანიფესტში“, ხოლო ნინო ქავთარაძემ განიხილა „ჩვენი დროის რასტინიაკის ტოპონიმიური ოდისეა“.
„აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მეცნიერები – ქეთი ჯმუხაძე, მარიამ რაზმაძე, თათია სიბაშვილი და ანი ბაიდოშვილი. გამონაკლისის სახით, წარმატებულ მაგისტრანტებს: რუსუდან ჯანანაშვილსა და ლალიკო გურგენაშვილს საშუალება მივეცით წარმოედგინათ მოხსენებები, რომლებიც ირლანდიურ ლიტერატურას შეეხებოდა.
კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა როგორც გამოცდილ მკვლევართათვის, ისე ახალგაზრდა მეცნიერებისათვის – მათ შესაძლებლობა მიეცათ გაეზიარებინათ საკუთარი ნაშრომები და დაედასტურებინათ, რომ მიხეილ კვესელავას მიერ დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებს ახალი თაობა“, – განაცხადა პროფესორმა მანანა გელაშვილმა.
ღონისძიება კიდევ ერთხელ იქცა ფორუმად, რომელიც თაობებს, აკადემიურ ტრადიციას და ახალ კვლევით ინიციატივებს ერთმანეთთან აკავშირებს. კონფერენციამ პატივი მიაგო იმ მწერლისა და მკვლევრის ხსოვნას, რომლის შრომაც თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში კვლავ შთამაგონებელია.
