Bloomsday 2025 – სიახლე ჯეიმს ჯოისზე
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება Bloomsday – 16 ივნისი, დღე, რომელიც დიდი მოდერნისტი მწერლის ჯეიმს ჯოისის უკვდავ ნაწარმოებს – „ულისეს“ ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ, ტრადიციულად, ამ მნიშვნელოვან თარიღს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებით ეხმიანება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი.
XX საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი ირლანდიელი მოდერნისტი მწერლისა და პოეტის ჯეიმს ჯოისის შემოქმედება ქართველი მკითხველისთვისაც კარგად არის ცნობილი. მისი ყველაზე გახმაურებული რომანი „ულისე“, რომელიც 1922 წელს დაიწერა და რომელმაც მწერალს საყოველთაო აღიარება და დიდება მოუტანა, დღემდე ლიტერატორებისა და კრიტიკოსების განსჯისა და კვლევის საგანია. საქართველოში ჯოისის შემოქმედების თარგმნასა და კვლევას საფუძველი ჩაუყარა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ნიკო ყიასაშვილმა, რომლის დაწყებული საქმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ინსტიტუტში დღესაც გრძელდება.
უნივერსიტეტის ეზოში გამართული ჯეიმს ჯოისისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელსაც საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მანანა გელაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა მწერლის შემოქმედებაზე და საქართველოში მის პოპულარიზაციაზე. „ეს არის დღე, როდესაც ხორციელდება თანამედროვე ოდისეა დუბლინის ქუჩებში. სასიხარულოა, რომ ამ ღონისძიებას ჩვენი უნივერსიტეტიც უერთდება. უკვე რამდენი წელია, რაც დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი, გამომცემლობა „არტანუჯთან“ ერთად, ატარებს Bloomsday -ს, სადაც თავს იყრიან ქართველი ჯოისოლოგები, ცნობილი მთარგმნელები, ჯოისის შემოქმედების მკვლევრები და სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ ჯოისის შემოქმედების პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ამ დროის მანძილზე, უკვე მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, მათგან – სამი საერთაშორისო კონფერენცია. ამ მიმართულებით კვლევა და მუშაობა კვლავაც გრძელდება. ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია, რომ ჯოისის კვლევის ცენტრი იყო და დღესაც რჩება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას“, – აღნიშნა მანანა გელაშვილმა.
მწერლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ ცნობილი მთარგმნელი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ჩხეიძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ მარგალიტაძე, „ულისეს“ ქართულად მთარგმნელის, ნიკო ყიასაშვილის ქალიშვილი მაია ყიასაშვილი (რომელმაც ბოლომდე მიიყვანა მამის დაწყებული საქმე და დარჩენილმა ხელნაწერმა, მისი წყალობით, საბოლოოდ იხილა მზის შუქი იმ სახით, რა სახითაც დღეს ეს ნაწარმოები გვაქვს), ასევე, გამომცემლობა „არტანუჯის“ დირექტორი ზვიად კვარაცხელია და სტუდენტები.
შეხვედრაზე ისაუბრეს – თუ როგორია საქართველოში ჯეიმს ჯოისის თარგმნისა და კვლევის ისტორია; გაიხსენეს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დამაარსებელი, ცნობილი მთარგმნელი ერეკლე ტატიშვილი, რომლის დამსახურებითაც, 40-იან წლებში (სტუდენტობის წლებში), ნიკო ყიასაშვილი პირველად დაინტერესდა ჯოისის შემოქმედებით.
Bloomsday 2025-ს ესწრებოდა ირლანდიის საპატიო კონსული ჯეფრი კენტი, რომელიც, ტრადიციულად, ყოველწლიურად მონაწილეობს ჯოისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. იგი მიესალმა სტუდენტებს და აღნიშნა, რომ ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში ირლანდიური ლიტერატურა და ჯოისი ასეთი პოპულარულია.
მაია ყიასაშვილმა ნიკო ყიასაშვილისეურ ქართულ თარგმანზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ, იმ პერიოდში, როდესაც „ულისე“ ითარგმნა, ჯოისი მიიჩნეოდა არასასურველ მწერლად და რომ ნიკო ყიასაშვილს მრავალი სირთულის დაძლევა მოუწია.
გამომცემლობა „არტანუჯის“ დირექტორმა ზვიად კვარაცხელიამ გამომცემლობის მიერ გამოცემულ ჯოისის წიგნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში გამოიცემა ჯოისის ბოლო და ყველაზე რთული ნაწარმოები – „ღამისთევა ფინეგანისთვის“, რომლის პრეზენტაციაც, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება.
