მარიამ შენგელია – სტუდენტური ენთუზიაზმისა და პროფესიული მიზანდასახულობის მაგალითი თსუ-ში

თარიღი: 2025-07-02 18:44:40

მარიამ შენგელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მეორე კურსზე სწავლობს. იგი არა მხოლოდ წარმატებული სტუდენტი, არამედ აქტიური ახალგაზრდა ლიდერი და თანამონაწილეა იმ პროცესებისა, რომლებიც უნივერსიტეტს თანამედროვე საუნივერსიტეტო სივრცედ აქცევს. მარიამი პოლიტიკის მეცნიერებას სიამოვნებით ეუფლება და მისი მომავალი უკავშირდება არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ საზოგადოებრივ საქმიანობასაც.

მარიამის არჩევანი – სწავლა გაეგრძელებინა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიული მეხსიერებით, ოჯახის რჩევითა და უნივერსიტეტის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების პატივისცემით იყო განპირობებული. როგორც თავად აღნიშნავს: „უნივერსიტეტში თითოეული კედელი, დერეფანი, აუდიტორია იტევს წარსულის შუქს – აქ შენს თავს ისტორიის ნაწილად გრძნობ და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა, რასთანაც თსუ ასოცირდება. ამავე დროს, უნდა ვთქვა ჩემს ფაკულტეტზეც: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ერთ-ერთი გამორჩეული, ძლიერი და მოწინავეა თავისი პროფესიონალი აკადემიური პერსონალით, აქტიური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობითა და უამრავი გაცვლითი პროგრამით, რომელმაც საბოლოოდ არჩევანი სწორედ თსუ-ზე გამაკეთებინა .“

მარიამის პროფესიული ხედვა და პასუხისმგებლობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გამოიხატება არა მხოლოდ სწავლისადმი სიღრმისეული მიდგომებით, არამედ მისი პერსონალური ჩართულობითაც სხვადასხვა სტუდენტურ თუ საერთაშორისო პროექტში. 2023 წლიდან იგი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEA) აქტიური წევრია და 2025 წლის ევროპის დღეზე ნიდერლანდების საელჩოს წარმოადგენდა.

ის არაერთი ახალგაზრდული პროექტის ორგანიზატორია – სულ ცოტა ხნის წინ  მონაწილეობდა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში „KAS Academy of Political Education 2025“, რომელიც აქცენტირებული იყო ისეთ თემებზე, როგორიცა დემოკრატიული ღირებულებები, პოლიტიკური ლიდერობა და სამოქალაქო ჩართულობა. მარიამმა და მისმა გუნდმა  15 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა ამ  პროექტის განსახორციელებლად და უკვე დაიწყო სხვადასხვა აქტივობაზე მუშაობა.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მარიამის ინტერესები საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კონკრეტული მექანიზმებისკენ იხრება. ამბობს, რომ განსაკუთრებით აინტერესებს – როგორ ხდება პოლიტიკის ფორმულირება და იმპლემენტაცია სოციალურ სფეროში, მათ შორის განათლების ან ჯანდაცვის მიმართულებით: „მიზნად ვისახავ, საბაკალავრო ნაშრომში გამოვიკვლიო კონკრეტული საჯარო პროგრამის ეფექტიანობა, მისი გავლენა ბენეფიციარებზე და მმართველობითი პროცესის გამჭვირვალობა, რათა ნაშრომს ჰქონდეს არა მხოლოდ თეორიული, არამედ გამოყენებითი ღირებულებაც“, – გვითხრა მან და აქვე გაგვიმხილა, რომ აპირებს სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს, თუმცა საბოლოო მიზანი საქართველოში დაბრუნება და პოლიტიკის ფორმულირებასა და განხორციელებაში საკუთარი წვლილის შეტანაა. „ვფიქრობ, რასაც დღეს ვსწავლობთ, რასაც ჩვენი ლექტორები გვასწავლიან, ის არ უნდა დარჩეს მხოლოდ ნაშრომებში ჩაკეტილი – ის უნდა ვაქციოთ მოქმედ ძალად ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ,“ – ამბობს ის.

სტუდენტურ ცხოვრებაზე საუბრისას მარიამი თსუ-ს „მეორე სახლს“ უწოდებს: „აქ უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე სახლში. ეს გარემო გამორჩეულია, გაძლევს შესაძლებლობას – განვითარდე, გაიზარდო, მიიღო მრავალმხრივი გამოცდილება, შეხვდე განსხვავებულ ადამიანებს და იყო მუდმივი ინტელექტუალური ძიების პროცესში“, – ამბობს იგი და ადასტურებს, რომ  უნივერსიტეტი არის არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ შანსი – იყოს აქტიური მოქალაქე, ჩამოაყალიბოს პროფესიული იდენტობა და უკვე სწავლის პროცესში მოემზადოს ქვეყნის სამსახურისთვის: „უნივერსიტეტი – ეს არის სივრცე, სადაც თეორიული ცოდნა უნდა იქცეს პრაქტიკულ ძალად და სწორედ ამ კავშირის დამყარებას ვაპირებ ჩემს მომავალ საქმიანობაში“,  – გვითხრა მან და აქვე აღნიშნა, რომ პრობლემებსაც ხედავს – განსაკუთრებით ადმინისტრაციულ ნაწილში და სასურველად მიიჩნევს ეფექტურ, მოქნილ მენეჯმენტს, რაც სტუდენტური ცხოვრების გამარტივებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ის უკვე აქტიურად მუშაობს რამდენიმე ინიციატივაზე, რომელთაგან ზოგი უნივერსიტეტის მასშტაბითაც განხორციელდება. ერთ-ერთი მიზანი სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობაა: „მინდა, გავააქტიურო ისეთი პროექტები, რომლებიც სტუდენტებს მისცემს უნარების განვითარებისა და პროფესიული ორიენტაციის შესაძლებლობას. თსუ-ს სახელის კიდევ უფრო გამყარება სწორედ ახალგაზრდული ენთუზიაზმით და რეალური შინაარსითაა შესაძლებელი“.

მარიამ შენგელიას მაგალითი გვიჩვენებს, რომ ის არის ღირებულებებზე, პასუხისმგებლობაზე,  პროგრესზე ორიენტირებული ახალგაზრდობის სახე  და თსუ-ს ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი.

Facebook
Twitter
LinkedIn