XIV საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია თსუ-ში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა XIV საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია, რომელიც ტრადიციულად ხორციელდება ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის ,,ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ ფარგლებში. კონფერენცია კარგა ხანია საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიის ნაწილად იქცა. კონფერენციის მიზანი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო.
მრავალპროფილიანი კონფერენცია სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა. კონფერენციისთვის შერჩეული იყო 60 სამეცნიერო მოხსენება 10 უმაღლესი სასწავლებლიდან. გამოიცა, ასევე, სტუდენტთა სამეცნიერო შრომების ,,მერმისის” ახალი XII კრებული, რომლის წარდგენაც გაიმართა კონფერენციის გახსნის დღეს. XIV კონფერენციაზე წარმოდგენილი და შერჩეული მასალების ბაზაზე კი მომზადდება და დაიბეჭდება სტუდენტური სამეცნიერო შრომების ,,მერმისის” ახალი XIII კრებულიც.
ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის ,,ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ და საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია პროფესორი თამარ პაიჭაძე.
