რა მოხსენებებით წარსდგნენ თსუ-დან რომში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

თარიღი: 2025-06-20 18:15:00

კვლევითი ინჟინერიისა და მეცნიერთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IRES) ორგანიზებით, მაისის ბოლოს, იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – International Conference on Economics and Social Sciences (ICESS – 2025), სადაც  თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლები მოწვეული სპიკერების სტატუსით წარსდგნენ.ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების მეცნიერები, თუმცა წელს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენელთა აქტიურმა მონაწილეობამ.

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან რომში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: პროფესორმა ეთერ ხარაიშვილმა  (მოხსენება – „გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები“), ასოცირებულმა პროფესორმა მანანა ლობჟანიძემ (მოხსენება – „საპენსიო სისტემის რეფორმა საქართველოში: გამოწვევები და დაძლევის გზები“),
ასოცირებულმა პროფესორმა გულნაზ ერქომაიშვილმა (მოხსენება – „წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების პერსპექტივები საქართველოში“), ასოცირებულმა პროფესორმა მარინე კობალავამ (მოხსენება – „ბენჩმარკინგი უმაღლესი საგანმანათლებლო პროცესის მახასიათებლების გასაუმჯობესებლად“), ასოცირებულმა პროფესორმა ნინო დამენიამ და პროფესორმა ლევან ქისტაურმა (მოხსენება – „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და მათი განვითარების პერსპექტივები საქართველოში ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით“), ასისტენტ პროფესორმა თამარ ლაზარიაშვილმა და მოწვეულმა პროფესორმა ნინო გრიგოლაიამ (ერთობლივი კვლევა – „სოფლის მეურნეობის განვითარების ინოვაციური მიდგომები და მოდელები ციფრიზაციის პირობებში“) და დოქტორანტმა ლელა ადუაშვილმა.

წარდგენილ ნაშრომებში გაანალიზებული იყო გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები და მათი გავლენა რეგიონულ განვითარებაზე, რაც დღეს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების კვლევის საფუძველზე მიღებული რეკომენდირებული  მიდგომები, რომლებიც თანამედროვე სამეცნიერო ხედვების საფუძველზე რეალურ გადაწყვეტილებათა მიღებას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა გამოხატა მადლიერება თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლების მიმართ აქტიური მონაწილეობისა და მაღალი სამეცნიერო სტანდარტების დაცვისათვის. განსაკუთრებული აღნიშვნა მიეცა თსუ-ს მხრიდან წარდგენილ ვიდეოკლიპსაც, რომელშიც ქართველ მეცნიერებს და ფაკულტეტის ინოვაციურ ხედვას მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ – კლიპმა სოციალური მედიის პლატფორმებზე ყველაზე მაღალი გამოხმაურება მოიპოვა.

კონფერენციის ორგანიზატორების ინიციატივით, თსუ მიიწვიეს IRES-ის აკადემიურ პარტნიორად, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის ლოგოს გლობალურ პლატფორმებზე განთავსებას, კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას და საერთაშორისო პროექტებში უფრო აქტიურ ჩართულობას.

თსუ-ს წარმომადგენლებმა არა მხოლოდ წარადგინეს ინდივიდუალური კვლევები, არამედ გააჟღერეს უნივერსიტეტის საერთო სამეცნიერო მიღწევები, დაამყარეს პროფესიული კავშირები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გზები უცხოელ მეცნიერებთან და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

ქართველი მეცნიერების მონაწილეობა და წვლილი ,,ICESS – 2025“-ში ნათლად აჩვენებს, რომ თსუ-ს არათუ ღირსეული წვლილი შეაქვს  მეცნიერების განვათარებაში მსოფლიო მასშტაბით,  არამედ თავად ქმნის კვლევით დღის წესრიგს ისეთი გამოწვევების ირგვლივ, როგორებიცაა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება, ეკონომიკური ტრანსფორმაცია და ინოვაციური განვითარება.

Facebook
Twitter
LinkedIn