ვორკშოპი – ,,პოდკასტის წარმოება”
9-13 ივნისს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა ვორკშოპი – ,,პოდკასტის წარმოება”, რომელსაც გაუძღვა სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (CUEJ) სპეციალისტი ლორელინ მერელი. გარდა იმისა, რომ ლორენი აღნიშნული უნივერსიტეტის მედიასკოლაში რადიოს კურსს უძღვება, იგი პოლიტიკის სკოლაშიც კითხულობს ლექციებს ევროპული პოლიტიკის განხრით. ამასთან ერთად, ლორელინ მერელი დამოუკიდებელი ჟურნალისტია და მუშაობს ევროპულ სატელევიზიო არხზე ARTE, რომელიც კულტურის თემების გაშუქებაზეა ორიენტირებული.
ფრანგ კოლეგასთან ერთად საზაფხულო სკოლაში იმუშავეს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორებმა – თინათინ მაჭარაშვილმა და ნათია სვანიძემ. მენტორების ხელმძღვანელობით ,,ჟურნალისტიკის“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ხუთი დღის განმავლობაში იმუშავეს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე და მოამზადეს პოდკასტი „უნიcast-ი“, რომელიც შედგება 7 ეპიზოდისგან: „უმაღლესი განათლების ახალი სტრუქტურა“ (ავტორები: მარიამ მაჭარაშვილი, ქეთა გველესიანი); „განათლების ქვაკუთხედი – ერთიანი ეროვნული გამოცდები“ (ავტორი არმაზ შავიძე); „გაუქმებული თუ ახალგაერთიანებული“ (ავტორები: ნინი აფხაძე, თამთა ნაკუდაიძე); „ქართული ენის სავალდებულო სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში“ (ავტორები: მარიამ ვერულაშვილი, ლაშა აფშილავა); „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ (ავტორები: მარიკა ბოლქვაძე, თათია იაშაღაშვილი); „გენდერი – მომავალი ტაბუ“ (ავტორები: მარიამ ტყემალაძე, ქეთი წითელაძე); „AI და ეთიკური დილემები“ (ავტორი ეთუკა ვასაძე).


13 ივნისს უნივერსიტეტში პოდკასტის პრეზენტაცია გაიმართა. დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა და ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელი ნათია მსხალაძე. ვორკშოპის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
