სტუდენტთა I სამეცნიერო კონფერენცია – „ენა და კულტურული იდენტობა“
29 მაისს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ს/ს ინსტიტუტის ორგანიზებითა და თსუ-ს ბიბლიოთეკასთან ერთობლივი თანამშრომლობით სტუდენტთა I სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ენა და კულტურული იდენტობა“ გაიმართა. კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები იყო: ძველი და ახალი ქართული სალიტერატურო ენა, ქართული დიალექტოლოგია, უდამწერლობო ქართველური ენები: მეგრული, ლაზური, სვანური, ქართველური ლექსიკოლოგიისა და ონომასტიკის საკითხები, ქართული პალეოგრაფია, კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია და ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები.
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორის მაია ლომიას ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი ემსახურებოდა: სამეცნიერო სიახლეების წარმოჩენას; სტუდენტების სამეცნიერო პოტენციალის გამოკვეთასა და მეცნიერებით მათ დაინტერესებას; ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობას; კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას; ზეპირი ისტორიების მოძიება-დამუშავებაში, ტექსტოლოგიურ კვლევებში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ: „კონფერენციის დასახელებაც ცხადჰყოფს, რომ ღონისძიება ფართო პროფილისაა და იძლევა ჰუმანიტარული და მომიჯნავე დარგების სტუდენტთა ჩართულობის შესაძლებლობას; იმთავითვე ჩაფიქრებული იყო – მასში მონაწილეობა მიეღო სამივე საფეხურის სტუდენტებს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ორივე თვალსაზრისით მრავალფეროვანი და საინტერესოა. აღსანიშნავია ისიც, რომ კონფერენცია ტარდება თსუ-ს ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით. პროგრამას შინაარსობრივად ამდიდრებს ისიც, რომ მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ და და ესაუბრონ იაპონელ ენათმეცნიერ-ქართველოლოგსა და მთარგმნელს იასუჰირო კოჯიმას, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის აღზრდილიც არის. იგი წლების წინ აქ სწავლობდა დოქტორანტურაში, თსუ-ში ასწვლიდა იაპონურ ენას, იაპონურ ლიტერატურას და ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ამ კუთხითაც საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება“, – აღნიშნა კონფერენციის გახსნაზე დარეჯან თვალთვაძემ.

როგორც ქართული ენის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პროფესორმა რამაზ ქურდაძემ განაცხადა: „დღევანდელ კონფერენციას წელს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა, ამის შემდეგ ყოველწლიურად გაიმართება და ტრადიციად იქცევა. ზოგადად, ამ ტიპის ღონისძიებები სტუდენტებს აჩვევს სამეცნიერო საქმიანობის რთულ, მაგრამ აუცილებლად გასავლელ ეტაპებს და აძლევს პრობლემური საკითხების ახლებურად გააზრების შესაძლებლობას. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ დავაინტერესოთ ისინი ამ მიმართულებით“, – აღნიშნა რამაზ ქურდაძემ.
კონფერენციაზე 22 სტუდენტმა წარმოადგინა 14 სამეცნიერო მოხსენება – ინდივიდუალური და ჯგუფური მუშობის შედეგები. სექციური მუშაობის დროს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მსჯელობდნენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: სატელევიზიო რეკლამის ენა, აჭარული და გურული დიალექტური მეტყველების თავისებურებანი, ლინგვისტური ექსპედიციის მნიშვნელობა ქართველური ენების სწავლების დროს და სხვ.

მაია ლომიას ინფორმაციით, ღონისძიების მესამე ნაწილი დაეთმო შეხვედრას იაპონელ სტუმართან იასუჰირო კოჯიმასთან. „იასუჰირო კოჯიმას დიდხნიანი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან, განსაკუთრებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. 2019 წელს გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი გადაეცა. იასუჰირო კოჯიმა წლებია აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას იაპონიაში. გასულ წელს იაპონიის ელჩმა მას პირადად გადასცა სიგელი იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობასა და მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის. ბატონი კოჯიმა აქტიურადაა დაკავებული მთარგმნელობითი საქმიანობით: 2004 წელს ტოკიოში გამოსცა ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. ეს იყო ქართულიდან იაპონურ ენაზე პირდაპირ თარგმნილი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები. იაპონელი მკითხველი კარგად იცნობს 2018 წელს ერთ წიგნად გამოცემულ ვაჟა-ფშაველას პოემებსა და მოთხრობებს: „ალუდა ქეთელაურს“, „სტუმარ-მასპინძელს“, ,„გველის-მჭამელს“, „შვლის ნუკრის ნაამბობს“, „ვერხვს“, „ჩხიკვთა ქორწილს“. ცოტა ხნის წინ მან დაასრულა მუშაობა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაზე“. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით არაერთხელ ჩატარდა იაპონიაში ქართული კინოს დღეები. შეხვედრა თბილ და სასიამოვნო გარემოში წარიმართა. სტუმარმა უპასუხა სტუდენტებისა და კოლეგების შეკითხვებს და მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს მოწვევისთვის“, – განაცხადა მაია ლომიამ.
