ქართული ენის სწავლება ესპანეთში – თსუ-ს პროფესორი მარინე კობეშავიძე საერთაშორისო კურსს უძღვება

თარიღი: 2025-06-02 14:45:49

ქართული ენა საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ეტაპობრივად იძენს პოპულარობას. ამის თვალსაჩინო მაგალითია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრანადის უნივერსიტეტის თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ესპანელი სტუდენტებისთვის ქართული ენისა და კულტურის სასწავლო კურსი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ პროექტში კადისის უნივერსიტეტიც ჩაერთო. მათი მხარდაჭერით კურსი არა მხოლოდ გრანადის, არამედ ესპანეთის სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი — სწავლის პროცესი კადისის უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმისა და Moodle-ის პორტალის მეშვეობით მიმდინარეობს.

უკვე მეორე წელია, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი მარინე კობეშავიძე ზემოაღნიშნულ კურსს ონლაინ უძღვება. ის დაინტერესებულ ესპანელ სტუდენტებს ქართულ ენაზე, ლიტერატურასა და ისტორიაზე უკითხავს ლექციებს.

პროფესორის თქმით, კურსის შექმნის იდეა 2023 წლის ივლისში, მისი გრანადის უნივერსიტეტში ვიზიტისას გაჩნდა. „თანამედროვე ენების ცენტრის ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი, სხვა ენებთან ერთად, ქართულიც დაემატებინათ სასწავლო კურსებში“, – გვიყვება მარინე კობეშავიძე, რომელიც თსუ-ში ესპანისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. იგი აღნიშნავს, რომ გრანადის უნივერსიტეტის სლავური კულტურის ცენტრის კოორდინატორის ნინა კრესოვა-იორდანიშვილის მხარდაჭერით, 2024 წლის მარტში ოფიციალურად დაიწყო პირველი კურსი, რომელიც ამავე სასწავლებლის 4-მა სტუდენტმა აირჩია. მომდევნო წელს კურსი გაფართოვდა და მეცადინეობებს უკვე მთელი ესპანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 10 სტუდენტი ესწრება.

პროფესორი მარინე კობეშავიძე განმარტავს, რომ ქართული ენის A1 დონის გაკვეთილების მთავარი მიზანი არის  – ქართული ენა შეასწავლოს სტუდენტს საწყის დონეზე. როგორც ის ამბობს, კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტს შეუძლია თავისი პიროვნების, საქმიანობისა და ცხოვრების შესახებ ძალიან მარტივი ენობრივი საშუალებებით ინფორმაციის გადმოცემა. ,,კურსის მონაწილეები ენას სწავლობენ კომუნიკაციის პროცესში და სხვადასხვა მეტყველების სიტუაციების მოდელირების მეშვეობით. თითოეულ გაკვეთილში განიხილება რამდენიმე ძირითადი გრამატიკული წესი, რომელიც ვითარდება მარტივიდან რთულისაკენ. ზმნებისა და არსებითი სახელების ბრუნვათა მრავალფეროვნება უფრო გასაგები ხდება სტუდენტებისთვის. გაკვეთილებში მოცემული გრამატიკული მასალა გამოსადეგია ქართული ენის შემდგომი შესწავლისთვის. ქართული ენა რთული, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ენათმეცნიერებითი სამყაროს ნაწილია. მისი სწავლა პირველი ნაბიჯია საქართველოს უძველესი კულტურული ტრადიციების, შესანიშნავი ხელოვნებისა და ლიტერატურის, მისი წარსულისა და აწმყოს უკეთ გასაგებად”, – აღნიშნავს პროფესორი გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში.

მარინე კობეშავიძეს ვკითხეთ – თუ რა ძირითად სირთულეებს აწყდებიან ესპანელი სტუდენტები ქართული ენის შესწავლისას. მან კი ასე გვიპასუხა: ,,ვინაიდან ქართული ენა სრულიად განსხვავებულია ესპანური ენისგან და აბსოლუტურად სხვა ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, ბუნებრივია, სტუდენტებისთვის გამოწვევებიც არის: პირველი სირთულე – ესაა ქართული ენის ბგერითი სისტემა (ფონეტიკა), მათ უჭირთ ისეთი ფონემების წარმოთქმა, როგორებიცაა: ჭ, ყ, ც, წ, ქ, ჰ. ასევე რთულია ერგატივის (მოთხრობითი ბრუნვის) გაგებაც, სხვა ბრუნვებთან ერთად. რა თქმა უნდა, სტუდენტები ცდილობენ მშობლიურ ენასთან გაავლონ პარალელები, თუმცა ეს მათ დიდად არ ეხმარებათ”. პროფესორი მუდამ ცდილობს, რომ  სხვადასხვა მარტივი ხერხი და გზა იპოვოს, რომ სტუდენტებისთვის გრამატიკული სტრუქტურები გასაგები გახადოს.

საბოლოოდ, ხაზგასასმელია, რომ კურსი გაცნობით ხასიათს ატარებს და 30-საათიან სალექციო ციკლს მოიცავს. იგი განკუთვნილია ყველა სტუდენტისთვის, ვისაც სურს ენის შესწავლა და არ აქვს წინასწარი ცოდნა. ეს ინიციატივა საწყისი ეტაპია, რომელიც მსურველებს სამომავლოდ ქართული ენის უფრო სიღრმისეულად შესწავლისთვის ამზადებს.

Facebook
Twitter
LinkedIn