მარიკო გაფრინდაშვილმა და ია ნადირაშვილმა შალვა ნუცუბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი ასპექტები გამოიკვლიეს
,,შალვა ნუცუბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი ასპექტები” – ამ სახელწოდებით წარადგინეს საკონფერენციო მოხსენება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა მარიკო გაფრინდაშვილმა და ია ნადირაშვილმა. მათი თქმით, დამამთავრებელ კურსზე მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობა.
,,აუცილებელია, რომ ჩვენი თაობის ისტორიულ მეხსიერებაში მუდამ დარჩეს ეროვნული გმირების, კალმით და ინტელექტით მეომარი ადამიანების სახელები, რომელთა ცხოვრებამაც ეპოქა და ისტორია შექმნა”, – აღნიშნა მარიკო გაფრინდაშვილმა გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში. მისმა თანამომხსენებელმა ია ნადირაშვილმა კი ყურადღება შალვა ნუცუბიძის ღვაწლზე გაამახვილა: ,,იგი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა თსუ-ს და მთლიანად საქართველოს ისტორიაში – როგორც უნივერსიტეტის დაფუძნების ერთ-ერთი შემოქმედი, დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, რუსთველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი“.
კვლევის ფარგლებში სტუდენტებმა ძირითადად დოკუმენტების ანალიზის მეთოდი გამოიყენეს, რის შედეგადაც მოიძიეს რელევანტური წყაროები, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაცია, რომლებიც ძალიან ბევრ საინტერესო და, მათი თქმით, ბევრისთვის უცნობ ინფორმაციასაც ინახავს.
,,ჩვენმა მოხსენებამ ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ჰყავდა სულიერად ძლიერი, ინტელექტუალური, ჭეშმარიტი პატრიოტი ადამიანები, რომელთა თვითმიზანიც გულწრფელად გახლდათ ქვეყნის კეთილდღეობა. სწორედ ამ დიადი მიზნის გამო ისინი ტყვიასა და ყველაზე დიდ დიქტატორებსაც კი არ უშინდებოდნენ“, – ამბობს მარიკო გაფრინდაშვილი და ხაზს უსვამს, რომ შალვა ნუცუბიძის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ უკეთ გაიაზრა – თუ როგორი უნდა იყოს ღირსეული ადამიანი.
ია ნადირაშვილს ვკითხეთ – თუ რა პრობლემას უპასუხა მათმა საკონფერენციო მოხსენებამ. ,,ჩვენი კვლევა ეხმიანება უნივერსიტეტის ისტორიული მემკვიდრეობის უფრო სიღრმისეულად გააზრებას. თავად შალვას სიტყვებია – ,,ჩვენს საქმეს, რომელსაც სიცოცხლე შევწირეთ, ისე გადავცემთ ისტორიას და ჩვენს შთამომავლობას, რომ ჩვენი სახელი არ დაიკარგოს” – ეს ციტატა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად საჭიროა მისი მემკვიდრეობის შესწავლა და დაფასება, განსაკუთრებით იმ უნივერსიტეტის კედლებში, რომლის შექმნაშიც თავადაც აქტიურად მონაწილეობდა“, – აღნიშნა იამ.
დასაკვნის სახით უნდა ითქვას, რომ კვლევამ სტუდენტებს შალვა ნუცუბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების სიღრმისეულად გააზრების შესაძლებლობა მისცა.
