გერმანიაში ვიზიტი და საუბარი რეგულაციებზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და რეგულირება სასწავლო პროცესებში – ეს იყო მთავარი თემა, რომლის განხილვისთვისაც თსუ-ს პროფესორი ირაკლი ბურდული და თსუ-ს ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თამუნა ბერიშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტს (გერმანია).
„ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში გვქონდა შეხვედრები რექტორთან, პროფესორებთან და ხელმძღვანელობასთან ჩვენი სამაგისტრო პროგრამის განახლებისა და დახვეწის საკითხებზე. ძირითადი ყურადღება ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირებაზე გავამახვილეთ, რაც დღეს ძალიან აქტუალური და საჭირბოროტო თემაა,“ – აღნიშნავს ირაკლი ბურდული. მისი თქმით, შპაიერის უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი 2009 წლიდან არის – მას შემდეგ, რაც ორი უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო ,,საჯარო მმართველობის” პროგრამა შეიქმნა. ხაზგასასმელია, რომ ეს პირველი საერთაშორისო აკრედიტებული სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში.
თსუ-ს ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თამუნა ბერიშვილის შეფასებით, თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ ეფექტური პოლიტიკის შემუშავება აუცილებელია: ,,ამ ეტაპზე თვით შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტსაც არ აქვს მკაფიო რეგულაციები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ თემის განხილვა, პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზების მოძიება და რეგულაციების შემუშავება მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის – ,,საჯარო მმართველობის” – გამართული მუშაობისა და ხარისხიანი სამეცნიერო კვლევისთვის”.
სამართლის დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბურდული ჩატGPT-სა და მსგავსი AI ხელსაწყოების ფართო გავრცელებაზე საუბრობს. ეს აჩენს ბევრ კითხვას სტუდენტთა ნამუშევრების ავთენტურობასა და პლაგიატზე. ვიზიტისას პროფესორებმა შეიმუშავეს სპეციალური წესები სამაგისტრო ნაშრომებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ. ეს ნორმები საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელობამ და იურიდიული ფაკულტეტის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
„მნიშვნელოვანია, სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა – ისარგებლოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაგრამ, ამავდროულად, დაცული უნდა იყოს აკადემიური ეთიკა. შრომის დამოუკიდებელი ნაწილი მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს, ხოლო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უნდა იყოს გამჭვირვალე“, – ამბობს ირაკლი ბურდული, რომელიც ზემოაღნიშნული სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია.
საყურადღებოა, რომ მაისის ბოლოს თსუ-ს შპაიერის უნივერსიტეტიდანაც ეწვია პროფესორი ანდრეას კნორი. იგი გერმანული მხარიდან არის ,,საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ,,Erasmus +“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის ლექციებს ჩაატარებს.
