ხატია ბუთიაშვილს აინტერესებს ემიგრაციიდან დაბრუნებული ქართველი ქალების რეინტეგრაციის პროცესი

თარიღი: 2025-05-28 19:29:32

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი ხატია ბუთიაშვილი თსუ-ს აკადემიურ ცხოვრებაში პირველივე კურსიდან აქტიურად ჩაერთო. მას არაერთ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც დაეხმარა – თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინა და გამოეცადა კვლევითი ინტერესები რეალურ აკადემიურ გარემოში.

,,გამოქვეყნებული მაქვს სტატიები სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალში. გარდა ამისა, ვარ არაერთგზის სტიპენდიატი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მუდმივი შრომა და აკადემიური მონდომება აუცილებლად ფასდება. ყველა ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ თსუ არის ადგილი, სადაც შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს, თუმცა მათ გამოსაყენებლად აუცილებელია პასუხისმგებლობა, მიზანმიმართულობა და ინიციატივა. მივხვდი, რომ შრომა აუცილებლად ფასდება; ყოველი მცდელობა, რომელსაც გულწრფელად დებ საკუთარ განვითარებაში, საბოლოოდ ყოველთვის შედეგს იძლევა“, – ამბობს ხატია.

ხატია ბუთიაშვილი ამჟამად მუშაობს საბაკალავრო ნაშრომზე, რომელიც ეხება ემიგრაციიდან დაბრუნებული ქართველი ქალების რეინტეგრაციას ქართულ შრომის ბაზარზე.

,,ეს თემა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ადრეც მქონია ამ საკითხზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა, ახლა გადავწყვიტე – მას უფრო სიღრმისეულად და კვლევით ჭრილში შევხედო. საქართველო მრავალი წელია მიგრაციის გამოწვევების წინაშეა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად გვაქვს ანალიზი იმაზე, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ადამიანები, განსაკუთრებით ქალები, საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რეინტეგრაციის პროცესში მათ არაერთ სოციალურ და ეკონომიკურ დაბრკოლებასთან უწევთ შეჯახება – შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და კომპლექსური პრობლემაა.

ნაშრომში ვცდილობ შევისწავლო – როგორია სამშობლოში დაბრუნებული ქალების გამოცდილება, რა სახის ბარიერებს აწყდებიან დასაქმებისას, რა რესურსები ან პროგრამები არსებობს ამ პროცესის გასამარტივებლად და რა ტიპის პოლიტიკაა საჭირო, რომ მათი რეინტეგრაცია მეტად ეფექტური და სამართლიანი გახდეს. ვფიქრობ, ამ თემაზე მუშაობა არა მხოლოდ აკადემიური მნიშვნელობის მატარებელია, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც აუცილებელია, რადგან ის ეხმიანება თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას. იმედი მაქვს, ჩემი ნაშრომი მცირე წვლილს მაინც შეიტანს ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებასა და უკეთესი პოლიტიკის მხარდაჭერაში“, – აღნიშნავს სტუდენტი.

ხატია ბუთიაშვილისთვის თსუ მხოლოდ უმაღლესი განათლების მიღების ადგილი არ არის – ის არის სივრცე, სადაც, როგორც თავად ამბობს, მისი პიროვნული, აკადემიური და პროფესიული განვითარება დაიწყო. ხატიას დიდი სურვილი აქვს, რომ თსუ კიდევ უფრო განვითარდეს როგორც თანამედროვე, დინამიურად მოაზროვნე და სტუდენტზე ორიენტირებული უნივერსიტეტი. ,,ვისურვებდი, მომავალში უნივერსიტეტში კიდევ მეტად გაძლიერდეს პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობები – იქნება ეს სტაჟირება, სფეროს პროფესიონალებთან კავშირი თუ ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა. ასევე, მინდა სტუდენტებს მიეცეთ მეტი პლატფორმა, სადაც შეუძლიათ თავიანთი ინიციატივების განხორციელება – იქნება ეს სამეცნიერო, სოციალური თუ კულტურული მიმართულებით. ეს უნივერსიტეტი უკვე გვაძლევს ამ ყველაფრის საფუძველს და ვისურვებდი – მომავალ თაობებს კიდევ უფრო ძლიერი და მრავალფეროვანი შესაძლებლობები დახვდეთ. თსუ-ს დიდი ისტორია აქვს და  მინდა გაგრძელდეს ამ ისტორიის წერა, უნივერსიტეტმა მუდმივად ინოვაციური და პროგრესული ხედვით იმოძრაოს როგორც შიგნით – სტუდენტებისთვის, ასევე გარეთ – საზოგადოებისთვის“, – ამბობს ხატია.

Facebook
Twitter
LinkedIn