პროფესორი ზვიად კვიციანი თსუ-ს ოქროს მედლით დაჯილდოვდა
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ზვიად კვიციანი 2024 წელს თსუ-ს ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ზვიად კვიციანი გახლავთ არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის არქეოლოგიის კათედრის გამგე, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, თსუ-ს სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტთა საველე-სასწავლო პრაქტიკის ხელმძღვანელი, არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრის მეცნიერ-ხელმძღვანელი, კონფერენციების (კონგრესების, სიმპოზიუმების) საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი, სადისერტაციო კოლეგიების წევრი, მუდმივმოქმედი საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის – ,,არქეოლოგია XXI საუკუნეში“ – ორგანიზატორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური გაზეთის – ,,არქეოლოგი’’ – დამფუძნებელი. წლების მანძილზე იყო 80-მდე სამეცნიერო ექსპედიციის წევრი, ხელმძღვანელი, მათ შორის, საერთაშორისო ექსპედიციებისა. გახლავთ 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 4 მონოგრაფიისა და 1 სახელმძღვანელოს ავტორი.
,,როდესაც თსუ-ს არქეოლოგიის ს/ს ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა დამირეკა და მითხრა – მომდევნო დღეს თსუ-ში მივსულიყავი, მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. არც კი ვიცოდი, რა საკითხზე იყო შეხვედრა. ოქროს მედლის გადმოცემის მომენტის ემოციები იმდენად დიდი იყო, რომ პირველი რეაქცია – სიხარული – ვერ განვიცადე. ნებისმიერი უნივერსიტეტელისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოება, ალბათ, ყველაზე დიდი პატივია. წარმოიდგინეთ, 15 წლის ასაკში გავხდი თსუ-ს სტუდენტი და ამ დრომდე ვარ უნივერსიტეტში – შეიძლება ითქვას, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება აქ გავატარე. უნივერსიტეტი ჩემთვის სულიერების მწვერვალია. მანამდე მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიის პირველი ლაურეატი, მაგრამ ის ამ ჯილდოსთან შედარებით ჩემთვის არაფერი იყო. სიმართლე გითხრათ, ორჯერ, სამჯერ და უფრო ბევრჯერ მეტი ჰონორარიც რომ შემომთავაზონ სხვა სასწავლებელში, არ წავალ. რა თქმა უნდა, ეს ჯილდო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს და სტიმულს მაძლევს – კიდევ უფრო მეტი ვაკეთო უნივერსიტეტისთვისა და ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. უღრმეს მადლობას ვეუბნები ყველა იმ ადამიანს – თსუ-ს რექტორიდან, ჯაბა სამუშიადან დაწყებული რიგითი თსუ-ელით დამთავრებული, ვინც ასე დააფასა ჩემი მოღვაწეობა“, – აღნიშნავს პროფესორი ზვიად კვიციანი.
