ნუცა აბესაძე ახალი ქართული ლიტერატურის მიმართულებით  სამეცნიერო კვლევით დაინტერესდა

თარიღი: 2025-05-14 18:12:41

ნუცა აბესაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება ქართული მწერლობის დიდმა სიყვარულმა  გადააწყვეტინა. იგი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ფილოლოგიის მიმართულებით სწავლობს და ამბობს, რომ მისი მოლოდინი გამართლდა: „პროფესიული კუთხით  სიღრმისეული ცოდნისა თუ გამოცდილების მიღების თვალსაზრისით,  აგრეთვე, აკადემიური განვითარებისა და კარიერული წინსვლისაკენ გზის გაკვალვაში სწორედ აქ სწავლა მეხმარება.  მეორე კურსის სტუდენტი ვარ და ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მეცნიერული დაკვირვების, კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნებისა და შემეცნებით აქტივობებში ჩართულობის უნარ-ჩვევები განმივითაროს“,  – ამბობს ნუცა.

სტუდენტს საყვარელი ლექტორებიც ჰყავს, მათ შორის ის უპირობოდ ასახელებს  აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძეს, რომელიც ფილოლოგიის შესავლისა და რუსთველოლოგიის ლექციებს უკითხავდა. „ბატონი ელგუჯას დამსახურებაა, რომ  „ვეფხისტყაოსანი“ ჩემს ცნობიერებაში  სულ სხვა რაკურსით გადაიშალა თავისი მხატვრულ-ფილოსოფიური სიღრმითა და  დღემდე პასუხგაუცემელი შეკითხვებით. ლექტორებს შორის ასევე  გამოვარჩევდი  ქალბატონ ქეთევან მარგიანს, რომელიც მორფოლოგიის ლექციას გვიკითხავდა და ამჟამად იგი სინტაქსს გვასწავლის. ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი სემინარისტია ქალბატონი თაკო მელიქიძე, რომლის დამსახურებაცაა ის, რომ მე და ჩემი კურსელები სასემინარო მასალის მომზადებისას ორიენტირებულნი ვართ – სხვადასხვა საკითხი კრიტიკულად განვიხილოთ, თავისუფლად ვიმსჯელოთ და ანალიტიკურად მივუდგეთ თითოეულ თეორიას. გამოვარჩევდი ქალბატონ რუსუდან ზექალაშვილს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგნის ლექტორი და პროფესიონალი გახლავთ. მან დიალექტოლოგია შეგვასწავლა. მრავალფეროვანი და საინტერესო ლექციების წყალობით ამ საგნიდან მნიშვნელოვანი ცოდნა შევიძინე“, – ამბობს ნუცა.

ნუცა თვლის, რომ ამ ეტაპზე  ჯერ სერიოზული წარმატებისათვის არ მიუღწევია, თუმცა,  სამ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და საინტერესო თემებზე იმუშავა. სამომავლოდ ფიქრობს, რომ  თავისი  საბაკალავრო ნაშრომი ახალი ქართული ლიტერატურის მიმართულებით  სამეცნიერო კვლევას მიუძღვნას.

„ვფიქრობ, რომ ძალიან სახალისო და საინტერესოა სტუდენტური ცხოვრება თსუ-ში. გარდა ლექციებზე დასწრებისა, ვარ ,,ფილოლოგიის კლუბის“ წევრი და შესაძლებლობა მაქვს, რომ ჩემს კურსელებთან ერთად აკადემიკოსებისა თუ გამოჩენილი მოღვაწეების საჯარო ლექციებს დავესწრო, დავგეგმო მრავალფეროვანი და შემეცნებითი აქტივობები, ქალაქგარეთ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა მოვინახულო და ბევრი საინტერესო წამოწყების მონაწილე გავხდე. რაც შეეხება პრობლემებს, ეს უფრო მეტად შუალედურ გამოცდებს უკავშირდება.  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის შუალედური გამოცდების ერთ კვირაში დაწერა დიდ სტრესთანაა დაკავშირებული, ამიტომ ვფიქრობ, ამ პრობლემას გამოვკვეთდი და ვისურვებდი, რომ ერთი ან ორი დღე მაინც გვქონდეს გამოცდებს შორის, რათა მასალის გამეორება შევძლოთ“,  – ამბობს ნუცა.

მისი უახლოესი სამომავლო გეგმები ისევ სწავლის გაღრმავებას უკავშირდება: „მსურს, რაც შეიძლება მეტ კონფერენციაში მივიღო მონაწილეობა და შევიძინო ის არსებითი, მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც პროფესიული განვითარებისა და პერსპექტიული კარიერული შრომის რთულ გზაზე დამეხმარება გამოწვევათა გადალახვასა თუ პრობლემების აღმოფხვრაში“.

Facebook
Twitter
LinkedIn