ბექა ბაღათურიასთვის ოცნებები და რეალობა ერთმანეთს დაემთხვა

თარიღი: 2025-05-06 14:39:53

ბექა ბაღათურიასთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩაბარების დღიდან, მის „მეორე სახლად“ იქცა, რადგან მისი  ოცნებები და რეალობა ერთმანეთს დაემთხვა. ქართული ფილოლოგიის უკეთ შესასწავლად ამ კუთხით მდიდარი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტმა მისი იმედები სრულიად გაამართლა. თავად მისაღებ გამოცდებზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ამ ენთუზიაზმით აგრძელებს სწავლას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

„პირველივე დღიდან, როდესაც ფეხი შევდგი უნივერსიტეტში,  მოვინუსხე სიმწვანეში ჩაფლული რძისფერი კედლებითა და ჩვენი არაჩვეულებრივი უნივერსიტეტის ბაღით. ვამაყობ, რომ სტუდენტობის წლების გატარება სწორედ ისტორიულ პირველ კორპუსში მიწევს, რომლის თითოეული აუდიტორია, დერეფანი თუ დარბაზი პირადად მე ძალიან მეძვირფასება. უნივერსიტეტში, პირველ რიგში, ცონის გასაღრმავებლად ჩავაბარე. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ  ამდენი საინტერესო საგანი, როგორც ქართულ ფილოლოგიას, სხვა არცერთ პროგრამას აქვს. ამიტომ, სწავლის პროცესით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. გარდა ამისა, ამ ორი წლის განმავლობაში მრავალი საინტერესო ადამიანი გავიცანი. უნივერსიტეტი – ეს ნამდვილად ის ადგილია, რომელიც ჭეშმარიტ მეგობრებს აღმოგაჩენინებს“,  _ ამბობს ბექა.

სტუდენტი გულახდილად საუბრობს პრობლემებზეც:   „შარშან შევიტყვე, რომ პირველი კორპუსის მიმდებარედ იგეგმება ახალი კორპუსის აგება და ვიმედოვნებ, რომ ახალი კორპუსის მშენებლობა ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ პირველ კორპუსში კვლავ დაბრუნდეს კათედრები და კაბინეტები. მსმენია, რომ პირველ კორპუსში არსებობდა რუსთველის  კაბინეტი, რომელიც ახლა მერვე კორპუსშია გადატანილი. იმედია, რომ ეს პრობლემა დადებითად გადაწყდება“.

ბექას გამორჩეული და საყვარელი ლექტორებიც ჰყავს – გამორჩევა უჭირს, მაგრამ ელგუჯა ხინთიბიძის ლექციებს განსაკუთრებული აღტაცებით უსმენს.  ასევე, საყვარელ პედაგოგებად ის ასახელებს ქალბატონ რუსუდან ზექალაშვილს, რომელმაც ქართული ენა და გრამატიკა სულ სხვა თვალით დაანახა და  ქალბატონ ნესტან სულავას, რომელმაც ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში შთამბეჭდავად „ამოგზაურა“.

უნივერსიტეტთან დაკავშირებით ბევრი სურვილი აქვს: მისი ოცნებაა სტუდენტური ცხოვრება უფრო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. „მსურს, ჩემი ყოველი დღე უნივერსიტეტში გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყოს.  შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად აქტიური სტუდენტური ცხოვრება მაქვს და  კურსელებშიც ძალიან გამიმართლა, უნივერსიტეტშიც და უნივერსიტეტის გარეთ ნაყოფიერად ვატარებთ დროს. ერთად მოვინახულეთ  მუზეუმები, მონაწილებას ვიღებთ შემოქმედებით საღამოებში, თავისუფალ დროს ბევრს ვსეირნობთ და ვმოგზაურობთ:   დავლაშქრეთ  დარიალის ხეობა, მოვიარეთ  გერგეთი, გველეთის გასაოცარი ჩანჩქერი და მრავალი სხვა, თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი ასეთი დღე გველის, რადგანაც სანახავი ჯერ კიდევ ბევრია“!  – ამბობს ბექა.

ბექა ბაღათურია პირველი კურსიდან აქტიურად არის ჩართული საუნივერსიტეტო ღონისძიებებში:  მათ შორის, მონაწილეობდა ოთარ ჭილაძის პოეზიის საღამოს ორგანიზებაში, სადაც იდეისა და სცენარის ავტორი თავად გახლდათ.

ბექა ამაყობს, რომ  თანაკურსელებთან ერთად დააარსა „თსუ ფილოლოგთა კლუბი“, რომელიც ერთდროულად აერთიანებს სხვადასხვა კურსის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტს. „ფილოლოგთა კლუბს“ სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. „ჩვენი პირველი ღონისძიება  8 აპრილს შედგა, გაიმართა  ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია თემაზე – „ვეფხისტყაოსნის სიყვარული“. გვსურს, რომ მსგავს შეხვედრებს მუდმივმოქმედი ხასიათი ჰქონდეს და სამომავლოდ გვინდა შევხვდეთ უნივერსიტეტის გამოჩენილ სხვა მეცნიერებსაც, როგორებიც არიან: მზექალა შანიძე, დამანა მელიქიშვილი, რისმაგ გორდეზიანი, ლაურა გრიგოლაშვილი, ვლადიმერ მინაშვილი და სხვანი. გვსურს, რომ „ფილოლოგთა კლუბი“ გახდეს ერთგვარი ხიდი ძველ და ახალ თაობას შორის. გარდა მეცნიერებისა, გვინდა, აგრეთვე შეხვედრები გავმართოთ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ღვაწლმოსილ უნივერსიტეტელებთანაც“,  – ამბობს ბექა.

ბექა ბაღათურიას მონაწილეობით სულ მალე უნივერსიტეტში შედგება შეხვედრა გამორჩეულ ქართველ პოეტ ლია სტურუასთან, რომელსაც 15 მაისს 86 წელი უსრულდება. „თსუ ფილოლოგთა კლუბს“ წინ დიდი გეგმები გვაქვს და გვსურს, რომ ჩვენი კვალი დავტოვოთ ჩვენი ალმა-მატერის, ჩვენი მასაზრდოებელი დედა-უნივერსიტეტის ისტორიაში…“,  – ამბობს ბექა.

Facebook
Twitter
LinkedIn