თსუ-ს პროფესორის ლექციები ბულგარეთში

თარიღი: 2025-05-05 19:50:35

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ია იაშვილი ,,ერასმუს +“-ის პროგრამის ფარგლებში ბულგარეთს ეწვია და სოფიის უნივერსიტეტში მოკლე სალექციო კურსი წაიკითხა.

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში თსუ-ს პროფესორის ლექციები შეეხებოდა საქართველოს ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს, მიგრაციულ პროცესებს, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. როგორც ია იაშვილი ამბობს, კურსი სპეციალურად იყო მორგებული ბულგარელ სტუდენტებზე იმგვარად, რომ მათთვის, ნაცნობი თემების პარალელურად, გაეცნოთ პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის დამახასიათებელი განვითარების თავისებურებები. იგი ეცადა ორ ქვეყანას შორის გეოგრაფიული და ისტორიული მსგავსებების ახსნას, რათა სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული, არამედ შედარებითი ანალიზის საფუძველზე მიეღოთ ახალი ცოდნა.

,,სალექციო თემების შერჩევისას გავითვალისწინე ბულგარეთსა და საქართველოს შორის არსებული ისტორიული კავშირები და სოციალური პარალელები. ორივე ქვეყანას ახასიათებს საერთო პოსტსოციალისტური გამოცდილება, შავი ზღვის აუზში მდებარეობა და მართლმადიდებლური კულტურა,” — აღნიშნავს ია იაშვილი. უცვლელ ისტორიულ კავშირს ქმნის პეტრიწონის (ბაჩკოვოს) მონასტერი, რომელიც მე-11 საუკუნეში ბულგარეთის მიწაზე დაარსებულია ქართველი დიდებულისა და სახელმწიფო მოღვაწის, გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ, რომელიც სამხედრო მეთაური გახლდათ ბიზანტიის კარზე.

პროფესორი ია იაშვილი გვიყვება, რომ ლექციების განმავლობაში სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროცესში და განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ: ,,იყო ბევრი შეკითხვა, მაგალითად, უკრაინელი სტუდენტების მხრიდან, რომლებიც ომის საშინელებას გაექცნენ და დღეს სოფიის უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას. სიფრთხილით მკითხეს: ლექციის მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო დიდი სურვილი გვაქვს საქართველოში ჩამოსვლისა და როგორ მიგვიღებს თქვენი საზოგადოებაო?”

საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი ვიზიტს მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს. როგორც ამბობს, ზოგადადაც ევროკავშირთან თანამშრომლობა საქართველოს წინსვლისა და განვითარებისთვის უალტერნატივო გზაა. თსუ-ს პროფესორის შეფასებით, ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრმავა თანამშრომლობა ორ უნივერსიტეტს შორის. ადრინდელი კონტაქტები კლიმატოლოგიის მიმართულების პროფესორებთან გაფართოვდა და გაჩნდა პერსპექტივა – საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებითაც შეიქმნას გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

,,მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ევროპის უნივერსიტეტებთან საუკეთესო თანამშრომლობისათვის. ,,ერასმუს +“ – ის პროგრამის კონკურსები კარგად არის მათ მიერ ორგანიზებული და ეფუძნება შერჩევის მიუკერძოებელ და სამართლიან საფუძვლებს”, – ამბობს ია იაშვილი.

ცნობისთვის: კლიმენტ ოჰრიდსკის სახელობის სოფიის უნივერსიტეტი დაარსებულია 1888 წელს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ფაკულტეტზე არის ლანდშაფტის ეკოლოგიის და გარემოს დაცვის, სივრცითი სისტემებისა და ტექნოლოგიების, კლიმატოლოგიის, ჰიდროლოგიისა და გეომორფოლოგიის, რეგიონული განვითარების, მინერალოგიის, პეტროგრაფიისა და ეკონომიკური გეოლოგიის, რეგიონული და პოლიტიკური გეოგრაფიის დეპარტამენტები.

Facebook
Twitter
LinkedIn