ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი თსუ-ში გაიმართა

თარიღი: 2025-05-01 15:43:10

30 აპრილს საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება ბიბლიოთეკარის დღე. ამ დღეს მიეძღვნა  საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი, რომელიც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის ლიტერატურული, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელთა მიზანი იყო სამეცნიერო-აკადემიური და მხატვრული ლიტერატურის  პოპულარიზაცია, ცოდნისა და ხელოვნების გაზიარება, ღონისძიებაში სტუდენტებისა და საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნების გამოფენა-გაყიდვა ფასდაკლებით; ასევე, გაიმართა ახალი გამოცემების პრეზენტაციები.

„საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით  დაარსდა. წელს ფესტივალზე წარმოდგენილია ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული 500-მდე წიგნი, მათ შორის სახელმძღვანელოები. ჩვენს პროფესორებს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სახელმძღვანელოები და კვლევითი ნაშრომები აქვთ გამოცემული. თსუ საქართველოში ლიდერია ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ახალი პროექტით, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების შექმნას, კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს ახალი წიგნების მომზადება-გამოცემას“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორმა თსუ-ს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ბიბლიოთეკარის დღე მიულოცა და 2 ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარი – ლიანა ცანკაშვილი და ნაზი კაპანაძე უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.

„ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე საქართველოში 2003 წლიდან აღინიშნება, ამ დღეს უნივერსიტეტშიც ყოველწლიურად  ვზეიმობთ. წელს ჩვენ გავხსენით ჩვენი საცავები და გამოვფინეთ ის პირველი, უძველესი გამოცემები, რომელიც დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის გახსნის დღიდანვე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაიწყო ზრუნვა სამეცნიერო ნაშრომების გამოცემაზე და საფუძველი ჩაეყარა საუნივერსიტეტო წიგნების გამოცემას“, – აღნიშნა თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

ღონისძიებაზე  წარმოდგენილი იყო  თსუ-ს გამომცემლობის წიგნები. გამოფენა სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილ ბოლო წლების  საინტერესო და მნიშვნელოვან გამოცემებს აერთიანებდა.

გამომცემლობის   ეფექტიანი საქმიანობის დასტურია ის,  რომ აღარ არის დეფიციტური ის სახელმძღვანელოები, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა სწავლის დასაწყიში. თსუ-ს რექტორის ინიციატივა – ფაკულტეტებმა წარმოადგინონ სახელმძღვანელოები და  სამეცნიერო ჟურნალები, წარმატებით ხორციელდება. მიმდინარეობს მოლაპარაკება წიგნების გამავრცელებლებთან და სხვა მაღაზიებთან, რათა თსუ-ს გამომცემლობის  წიგნები გავიდეს დიდ ბაზარზე და ხელმისაწვდომი გახდეს  ფართო აუდიტორიისათვის. დღესდღეობით გამომცემლობაში ერთდროულად მიმდინარეობს მუშაობა 219 გამოცემაზე (აქედან უკვე დაიბეჭდა 64).

ფესტივალის ფარგლებში გამართულ პოეზიის საღამოზე სტუდენტებმა წაიკითხეს თსუ-ს ლიტერატურულ ალმანახში „პირველ სხივში“ გამოქვეყნებული სხვადასხვა თაობის ლექსები; თსუ-ს ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების თანამშრომლებმა გამართეს რარიტეტული წიგნების აღდგენის ვორქშოფი – ინტერაქციული შეხვედრა წიგნის გაცოცხლების თემაზე. გაიმართა თვითნასწავლი მხატვრის – ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები. ასევე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტების მონაწილეობით გაიმართა ქართული საოპერო კონცერტი.

Facebook
Twitter
LinkedIn