პროექტზე – ,,სამცხის რეგიონის ისტორიის და კულტურის ძეგლები“ – მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს
დასრულდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანასებული სამწლიანი პროექტი ,,სამცხის რეგიონის ისტორიის და კულტურის ძეგლები“ (სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის).
პროექტში მონაწილეობა მიიღეს როგორც თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის და ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტების, ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა. ხელმძღვანელი – თსუ-ს პროფესორი ნინო სილაგაძე. მონაწილეები – ბონდო კუპატაძე, თამაზ გოგოლაძე, ელისაბედ უგულავა, გიორგი ბაგარტიონი, გია ჩილინგარაშვილი.
პროექტი გულისხმობს ისტორიული სამცხის ტერიტორიაზე (თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით – ადიგენის, ასპინძის, ახალციხის რაიონები) არსებული ისტორიის და კულტურის ძეგლთა (ეკლესია-მონასტერი, მეჩეთი, სხვა საკულტო ნაგებობები, ციხე-სიმაგრე, კოშკი, ნანგრევი, დარბაზი, დარანი, ისტორიული შენობა-ნაგებობა, ეპიგრაფიკული ნიმუში, მონუმენტური ფერწერის ნიმუში და სხვ.) სრულ აღნუსხვას, ფოტო-ვიდეო-ფიქსაციას, არქიტექტურული გეგმების, ანაზომების და ჭრილების მომზადებას, წარწერების (ეპიგრაფიკული, ლაპიდარული, ნაკაწრი) წაკითხვას და აკადემიურ დონეზე პუბლიკაციას, ისტორიის და ხელოვნებათმცოდნეობითი ნარკვევის მომზადებას თითოეულ ძეგლზე. ძეგლთა რაოდენობა 350-ზე მეტია. ამჟამად მზადდება ენციკლოპედიური ხასიათის კრებული დასაბეჭდად.

,,პროექტის უმთავრესი სიახლე და ანალოგიურ კვლევებთან შედარებით უპირატესობად მიგვაჩნია შემდეგი გარემოებები:
1. სამცხის კულტურული მემკვიდრეობა დღემდე არ ყოფილა კომპლექსური და ერთიანი შესწავლის საგანი. შედეგი – ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა სამცხის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მნიშვნელოვანი იქნება ქართველოლოგიის და, ზოგადად, ჰუმანიტარული მეცნიერებისთვის;
2. კვლევის მრავალსპექტრულობა. მკვლევართა შერეული გუნდი უზრუნველყოფს კულტურის ძეგლების კომპლექსურად შესწავლას ხელოვნებათმცოდნეობითი, ისტორიული, ისტორიულ გეოგრაფიული, არქიტექტურული, ეპიგრაფიკული თვალსაზრისით.
3. სამცხის კულტურული მემკვიდრეობის თაობაზე დაიბეჭდება პუბლიკაცია; აგრეთვე, ის ერთიანი საინფორმაციო ბაზის სახით ხელმისაწვდომი იქნება ციფრულადაც სამეცნიერო წრეებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის.
საინტერესოა, რომ სამცხის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დღემდე რჩება საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ფენომენები და ასევე ძეგლები და ძეგლთა ჯგუფებიც კი, რომლებიც მეცნიერული კუთხით ნაკლებად შესწავლილია. ასეთია, მაგალითად, ცალკეული ეპიგრაფიკული ნიმუში, კლდეში ნაკვეთი ზოგიერთი სამონასტრო თუ საცხოვრებელი კომპლექსი, შუა საუკუნეების არქიტექტურის ცალკეული ნიმუშები და ასევე მესხეთის ისლამური კულტურის მემკვიდრეობა – მეჩეთები და სამაროვნები. ყველა ეს კვლევა თავმოყრილი იქნება ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) გამოცემაში“, – აღნიშნავს პროფესორი ნინო სილაგაძე.
