ანა წიქარიშვილის ,,ვებერთელა“ სიყვარულის საიდუმლოებანი

თარიღი: 2025-04-30 20:40:24

ანა წიქარიშვილი ამბობს, რომ თავისი არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე იმიტომ შეაჩერა, რომ მის წარმოდგენაში ეს სასწავლებელი პირველი და „ერთადერთია“, რაშიც ის ორწლიანი სტუდენტობის პერიოდშიც დარწმუნდა. თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულებაზე სწავლა ანასთვის მრავალმხრივ საინტერესოა.

„ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალ გუნდთან მუშაობა. ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ლექტორია აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.  მადლიერი და იღბლიანი ვარ, რომ  მისი სტუდენტი ვარ. ჩემი კურსელები გაიგებენ – ჩვენ ,,ვებერთელა” სიყვარული გვაკავშირებს. ასევეა ძვირფასი ჩემთვის  ბატონი ელგუჯა ხინთიბიძის საგნის  სემინარის ხელმძღვანელები – ქალბატონი თამარ მელიქიძე და ირმა მაკარაძე, რომელთა გარეშეც პირველი კურსის გამორჩეულ სიტკბოებას ვერ ვიგემებდი. აუცილებლად მინდა გავიხსენო  ქალბატონი  მაკა ელბაქიძე, რომლის ორატორული შესაძლებლობითაც ყოველ კვირას მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში ვმოგზაურობთ. ჩემთვის  გაზაფხულის სემესტრის აღმოჩენაა ბატონი გიორგი უგულავა, რომელმაც ანტიკური ლიტერატურის სიყვარული გამიმძაფრა, მისი მოსმენა  დიდი სიამოვნებაა. ასევე გამიმართლა, რომ პატივი მერგო ვიცნობდე ქალბატონ მანანა ღარიბაშვილს, რომელიც ლათინური ენის „დედოფალია!“ არ შემიძლია არ ვახსენო  ქალბატონი სოფიო პაპიაშვილი, რომელიც აკადემიურ წერას გვასწავლის და, ამავდროულად,  ჩემს უფროს მეგობრად ვთვლი. მათ შორის არის  ეკატერინე ნავროზაშვილი – მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა“,  – ამბობს ანა წიქარიშვილი.

ჩვენს შეკითხვაზე, რა ცვლილებებს ისურვებდა უნივერსიტეტში, ანა გვპასუხობს: „ნიშანდობლივია აღვნიშნო, რომ ჩვენი უნივერსიტეტი პრობლემების აღმოფხვრასა და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც ამცირებს დისკომფორტს. რამდენადაც ჯანსაღი კრიტიკა სასარგებლოა, ვფიქრობ, საჭიროა აღვნიშნო, რომ შუალედური გამოცდებისთვის  განკუთვნილი ერთი კვირა არასაკმარისია. უმჯობესი იქნება ორ კვირაზე გათვლილი საგამოცდო პერიოდი, რაც  შეამცირებს შფოთვა-სტრესს და შექმნის ხარისხიანად მომზადების წინაპირობას. ასევე, აკადემიური რეგისტრაცია უფრო მეტად დასახვეწი და მოსაწესრიგებელია, რათა აღმოიფხვრას არსებული პრობლემები საგნების არჩევის დროს. აგრეთვე მსურს,  შესაძლებელი იყოს საგამოცდო ნაშრომის ელექტრონულად ასახვა, რათა აპელაციის დროს არ გვჭირდებოდეს საგამოცდო ცენტრში ვიზიტი. ზოგადად,  უმეტესწილად, გათვალისწინებულია სტუდენტთა მოთხოვნები და საჭიროებები. პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემის შემთხვევაში რეაგირება ხდება“.

ანა წიქარიშვილი  უნივერისტეტის ცხოვრებაში პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული. იგი ხელმძღვანელობდა სტუდენტური თვითმმართველობის ,,განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტს”, სადაც,  გუნდთან ერთად, განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი, საჯარო ლექცია თემაზე – ,,წარმატების საიდუმლო” (ხათუნა რაზმაძის სპიკერობით); მონაწილეობა მიიღო მეშვიდე საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაში, სადაც წარადგინა თემა სახელწოდებით – ,,აბსურდულობა და მნიშვნელობის დევნა ალბერ კამიუს ნაშრომში – ,,სიზიფის მითი”. იგი არის სტუდენტური გაერთიანების  – ,,ფილოლოგთა კლუბი” – აქტიური წევრი. სწორედ მათი  ორგანიზებით განხორციელდა ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია – ,,ვეფხისტყაოსნის სიყვარული”.

საბაკალავრო ნაშრომის თემის არჩევაზე  გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ფიქრობს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარული გადაწონის და საბოლოოდ ამ თემაზე იმუშავებს.

„ჩემი სამომავლო გეგმა მოიცავს აკადემიური მოსწრების მაღალ ხარისხსა და ყველა სასურველ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება;. მაქსიმალური გამოცდილებისა და დაუვიწყარი მოგონებების შეძენას; სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და ამით მშვიდ და ჯანსაღ გარემოში ტკბობას. ვგეგმავ, მაქსიმალურად მივიღო მონაწილეობა კონფერენციებსა და საჯარო ლექციებში, რაც ჩემი პიროვნული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების წინაპირობაა“,  – ამბობს ანა წიქარიშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn