გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო ირანისტიკის პროგრამის სტუდენტებისთვის

თარიღი: 2025-04-29 18:40:01

„თანამედროვე ირანელი ავტორები – მხატვრული და არამხატვრული პროზა“ – ამ სახელწოდებით მოამზადეს ირანისტიკის პროგრამის სტუდენტებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო თსუ-ს ირანისტიკის კათედრის ასოცირებულმა  პროფესორებმა: თეა შურღაიამ, მზია ბურჯანაძემ და მარინა ალექსიძემ.   მასში შესულია ირანისტიკის სასწავლო პროგრამების სილაბუსებით გათვალისწინებული ტექსტები თანამედროვე ირანელი პროზაიკოსების შემოქმედებიდან და, რაც სიახლეს წარმოადგენს – არამხატვრული ტექსტები, რომლებიც ამ ავტორებისა და თანამედროვე ირანული საზოგადოების უკეთ გაცნობაში დაეხმარება სტუდენტებს. 

,,სიახლეა ისიც, რომ თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, დამხმარე სახელმძღვანელოს თითოეულ ტექსტს ახლავს კითხვები სწავლების საფეხურისა და ტექსტის სირთულის შესაბამისად. ამ კითხვებზე პასუხების გაცემა (წერილობით და/ან ზეპირად) სტუდენტს განუვითარებს სპარსულ ენაზე კითხვის, საუბრის, წერისა და აზროვნების უნარებს. ამ დამხმარე სახელმძღვანელოთი სარგებლობა შეუძლიათ არა მხოლოდ ქართველ სტუდენტებსა და მათ პედაგოგებს, არამედ სხვა ქვეყნების ირანისტიკის სასწავლო ცენტრებს, ასევე, სპარსული ენითა და ლიტერატურით დაინტერესებულ პირებს“, – აღნიშნავს ასოცირებული პროფესორი თეა შურღაია.

დამხმარე სახელმძღვანელოს ჰყავს უცხოელი რედაქტორი – დოქტ. ლეილა რეზაი სპარსეთის ყურის უნივერსიტეტიდან (ბუშეჰრი, ირანი), რომელიც რამდენიმე წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა და, მივლინების ფარგლებში, ირანისტიკის პროგრამების სტუდენტებს ასწავლიდა სასაუბრო სპარსულს.

დამხმარე სახელმძღვანელოს რეცენზენტები არიან: ასოცირებული პროფესორი გიორგი ლობჟანიძე და  დოქტ. თეა ვარდოსანიძე (ესპანეთის ირანისტიკის ასოციაციის პრეზედენტი). 

,,განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო სახელმძღვანელოს ერთ-ერთ სიახლეზე, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და თანამედროვე მიდგომითა და კონცეფციითაა განპირობებული: წიგნში გაერთიანებული მხატვრული და არამხატვრული ტექსტები ითვალისწინებს არა მარტო სპარსული ენის სილაბუსის მოთხოვნებს, არამედ, რაც ძალიან მისასალმებელია, უკავშირდება სხვა სასწავლო დისციპლინებსაც, როგორებიცაა თანამედროვე ლიტერატურის ისტორია, სპარსულიდან ქართულად თარგმნის ტრადიცია, ევროპეიზმი და სპარსული ნოველის განვითარების გზა.

დამხმარე სახელმძღვანელოში შეტანილი ტექსტები შეიძლება განხილულ იქნეს არა მხოლოდ როგორც ცალ-ცალკე არსებული ერთეულები, არამედ როგორც ერთიანი წრე, რომელიც   საერთო მიზანს ემსახურება: სტუდენტი ამა თუ იმ მწერლისა თუ მოღვაწის შესახებ სრულ წარმოდგენა-პორტრეტს იქმნის – რამდენადაც შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს როგორც მხატვრულ ნაწარმოებს, ასევე, ავტორის ინტერვიუს სხვადასხვა საკითხზე, ან მის შესახებ არსებულ ესეს ან მოგონებას“, – აღნიშნავს გიორგი ლობჟანიძე.

დამხმარე სახელმძღვანელო – „თანამედროვე ირანელი ავტორები – მხატვრული და არამხატვრული პროზა“ თსუ-ს წიგნის ფესტივალზე იქნა წარდგენილი.

Facebook
Twitter
LinkedIn