ეთო ბოკელავაძე მეცნიერებით ჯერ კიდევ  ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში დაინტერესდა

თარიღი: 2025-04-22 17:04:21

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორისა და ბიბლიოთეკის  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის არქივების შემსწავლელი განყოფილების უფროსი სპეციალისტის ეთო ბოკელავაძის სამეცნიერო საქმიანობა საინტერესო და მრავალფეროვანია. ახალგაზრდა მეცნიერი უკვე 30-ზე მეტი  სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. იგი აქტიურად მუშაობს რელიგიური დიპლომატიის,  ეკლესიის ისტორიის,  საბჭოთა ხელისუფლების რელიგიური პოლიტიკის, ბალკანეთის ქრისტიანული კულტურისა და სერბულ-ქართული საეკლესიო ურთიერთობების ისტორიის საკითხებზე და  ადგილობრივი თუ  საერთაშორისო კონფერენციის არაერთგზის მონაწილეა. პარალელურად, ეთო ბოკელავაძე საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტია, როგორც საგნობრივი (საზოგადოებრივი მეცნიერებები), ისე ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.

თბილისის  წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის  166-ე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ მისი ცხოვრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა, სადაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულებაზე ჩაირიცხა.

„სტუდენტობა ადამიანის ცხოვრების საუკეთესო პერიოდია. არასდროს დამავიწყდება სწავლის დაწყების წინა დღე, როდესაც განსაკუთრებული ემოციებით ველოდი გათენებას და იმ წუთებს, როცა  „ცოდნის თეთრ ტაძარში“ შევაბიჯებდი. ჩემი ლექტორები  ისტორიკოსთა  და ფილოლოგთა იმ პლეადის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც შექმნეს ეპოქა. ფასდაუდებელია მათ მიერ გაწეული შრომა როგორც ქვეყნის, ისე მომავალი თაობის წინაშე.  თითოეულმა მათგანმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს პროფესიულ და პიროვნულ ზრდაში, მინდა  გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ. დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში ავირჩიე პედაგოგიკის მიმართულების საგნები, სადაც უდიდესი დახმარება გამიწია პროფესორმა  ქეთევან ჭკუასელმა – დავუფლებოდი პედაგოგის ხელოვნებას და პრაქტიკული გამოცდილებაც მიმეღო ამ კუთხით. მისი მხარდაჭერა და დახმარება  გახდა ძლიერი მოტივაციის წყარო, რამაც განაპირობა ჩემი 15 წლიანი საქმიანობა პედაგოგიკის სფეროში.   პროფესიული თვალსაზრისით, ჩემს ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ქეთევან პავლიაშვილმა.  მის სახელს უკავშირდება ჩემი პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში და საკმაოდ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებაც. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩემს  ამჟამინდელ  მეცნიერ-ხელმძღვანელს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ  ია ხუბაშვილს, რომლის თანადგომამ მომცა ძალა, დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, არ შემეწყვიტა სამეცნიერო საქმიანობა“, – ამბობს ეთერ ბოკელავაძე.

ეთო ბოკელავაძის თქმით, მეცნიერებით ჯერ კიდევ  ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში დაინტერესდა და  თანამოაზრეებთან ერთად დააარსა წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც იმართებოდა  პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა  საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციები, საჯარო ლექციები,  გამოიცემოდა  ჟურნალი სახელწოდებით  – „ქრისტიანობის კვლევები“ და სხვ.  იგი აქტიურად იყო  ჩართული სხვადასხვა სახის სამეცნიერო ღონისძიებებში, აქვეყნებდა სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ  სტატიებს, რომელთა გათვალისწინებითაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო  ფონდმა 2010 წელს მიანიჭა „ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის“. იყო, ასევე,  საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატიც. 2023 წელს  ახალგაზრდა მეცნიერმა  ჰარვარდის უნივერსიტეტის დისტანციური კურსი – „სწავლის ლიდერები“ – გაიარა, რომელსაც  პროფესორი  რიჩარდ ელმორი და მისი გუნდი უძღვებოდა. იგი, როგორც თსუ-ს ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის არქივების შემსწავლელი განყოფილების  გუნდის წევრი, მონაწილეობს საქართველოს უახლესი ისტორიის საარქივო მასალების დამუშავებასა და გამოცემაში, რომელთა ნაწილი საფრანგეთმა და შვეიცარიამ გადმოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

ახალგაზრდა მეცნიერს  თავისუფალი დრო ნაკლებად რჩება, მაგრამ ცდილობს გამოთავისუფლებული დრო საყვარელ ადამიანებს და  ჰობს  დაუთმოს.  „ძალიან მიყვარს მოგზაურობა და მასთან დაკავშირებული თავგადასავლები. მიმაჩნია, რომ იგი ადამიანს არა თუ სამყაროს,  არამედ საკუთარი თავის შეცნობასა და პიროვნულ ზრდაში ეხმარება.  მიყვარს, აგრეთვე, ფოტოგრაფია. დღეისათვის, ხევსურეთისა და თუშეთის გარდა, საქართველოს ყველა კუთხე მაქვს შემოვლილი, მათ შორის, საზღვრებს მიღმა მყოფი ისტორიული  მხარეები:  ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი. ვიმოგზაურე ევროპის სამ ქვეყანაში. ვცდილობ, თითოეული კუთხიდან თუ ქვეყნიდან საინტერესო  კადრები  ჩამოვიტანო.    ადრე  თავისუფალ  დროს მხატვრულ ლიტერატურას ვუთმობდი – ვწერდი რომანებს, ნოველებსა და ლექსებს, თუმცა ამისთვის ახლა დრო პრაქტიკულად არ მრჩება. იმედი მაქვს, ოდესმე კვლავ მივუბრუნდები ამ საქმეს“, – აღნიშნავს ეთო.

ეთერ ბოკელავაძის სამომავლო გეგმებიც არანაკლებ საინტერესოა: „სურვილი მაქვს, მომავალშიც შევძლო იმ საქმის კეთება, რასაც ახლა ვუძღვები. მეცნიერება და სტუდენტებთან ურთიერთობა ჩემი საყვარელი საქმიანობაა და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება. უახლოეს პერსპექტივაში შემიძლია გითხრათ, რომ  გამოსაქვეყნებლად მზადდება ჩემი მორიგი სტატიები, რომლებსაც მალე იხილავს  საზოგადოება.  დანარჩენს კი სიურპრიზად შემოვინახავ“.

Facebook
Twitter
LinkedIn