უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლება აღდგება
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ“ – ასე ჰქვია თსუ-ს პროფესორების ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ქართული ენის დღეს, 14 აპრილს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა განიხილა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განმარტა, საკანონმდებლო წინადადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბოლო ათწლეულებში ხშირია საუბარი იმის თაობაზე, რომ ქართული ენის (სახელმწიფო ენის) ცოდნის დონე სტუდენტებში ძალიან დაბალია. ამას ადასტურებს როგორც შიდა, ისე გარე კვლევები. 2021 წელს დამტკიცებულ სამთავრობო დოკუმენტში – „სახელმწიფო ენის სტრატეგია“ – ხაზგასმით აღინიშნა: „ფაქტია: წიგნიერების დაბალი დონე და ყველა უმაღლეს სასწავლებელში ქართული ენის პრაქტიკული კურსების არარსებობა (გარდა პროფილური ფაკულტეტებისა) უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებში ვერ უზრუნველყოფს აბიტურიენტობის დროს შეძენილი ცოდნის განმტკიცებასა და განვითარებას. სტრატეგიაზე მუშაობისას გაანალიზებული იქნა რუსთაველის საზოგადოების მიერ ჩატარებული ზედაპირული მოკვლევის მასალები, რომლებიც ცხადად აჩვენებენ საუნივერსიტეტო საფეხურზე ქართული ენის ფლობისა და წიგნიერების დაბალ დონეს“ („სახელმწიფო ენის სტრატეგია“, თბ. 2021, გვ. 30).
„სტრატეგიაში“ აღნიშნული „ქართული ენის პრაქტიკული კურსი“ ის საუნივერსიტეტო კურსია, რომლიც შემოღებული იქნა 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული გამარჯვების შემდეგ. ეს საგანი იკითხებოდა საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებლებში ყველა სპეციალობაზე 2005 წლამდე.
2005 წელს რევოლუციის გზით მოსულმა ხელისუფლებამ სავალდებულო საუნივერსიტეტო საგანი – „ქართული ენა“ – გააუქმა. ეს იყო ნაწილი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც იმ ხელისუფლებამ გაატარა სახელმწიფო ენის მიმართ (დახურეს ენის სახელმწიფო პალატა; გააუქმეს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია; პარლამენტში გააუქმეს სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი; დაიხურა ყველა რადიო და ტელეგადაცემა ქართული ენის შესახებ; დაიხურა ყველა ჟურნალ-გაზეთი ქართული ენის შესახებ; სკოლაში შემცირდა ქართული ენის საათები…)… როგორც საკანონმდებლო წინადადების ერთ-ერთი ავტორი გიორგი გოგოლაშვილი აღნიშნავს, დღემდე ყოველგვარი მცდელობა ამ საგნის აღდგენისა წარუმატებელი აღმოჩნდა…

თსუ-ს პროფესორების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესახებ დადებითი დასკვნა წარმოადგინა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გაუქმებული სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლება უნდა აღდგეს უმაღლეს სასწავლებლებში. შესაბამის კანონში უნდა განხორციელდეს შემდეგი ცვლილება: „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ სახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა“.
,,ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ენის შესწავლასა და წიგნიერების დონის ამაღლებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებში. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ჩვენ მიერ წარდგენილ წინადადებას და იგი „ცნობილი იქნა მისაღებად“. ბატონმა გივი მიქანაძემ განმარტა, რომ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სახელმწიფო ენის კანონში შეიტანს ამ დამატებას“, – აღნიშნა გიორგი გოგოლაშვილმა.
