ახალი სასწავლო წლიდან სამწლიან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტების მიღება იგეგმება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების ოთხწლიან პროგრამას, 2025 წლის სასწავლო წლიდან, სამწლიანი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა ჩაანაცვლებს. ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ქართულენოვანია. 180 კრედიტის დაგროვების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება ბიზნესის ადმინისტრირების მრავალმხრივი მიმართულებით. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები ბიზნეს-პროცესებისა და ორგანიზაციების ეფექტიან მართვას შეძლებენ, ექნებათ მმართველობითი საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი ცოდნა და პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ბიზნესის ადმინისტრირების სამწლიანი პროგრამის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე გვესაუბრება პროგრამის ერთ-ერთი თანახელმძღვანელი, პროფესორი ნუგზარ თოდუა:
,,ბოლონიის პროცესის ფარგლებში, საბაკალავრო განათლებისთვის არსებობს ორი ძირითადი მოდელი: 240 კრედიტიანი (4-წლიანი პროგრამა) და 180 კრედიტიანი (3-წლიანი პროგრამა). ბოლო ხანებში ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში უფრო ხშირად გამოიყენება 180 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამები, რადგან ეს მოდელი უკეთესად ერგება სტუდენტთა საერთაშორისო მობილობას და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სამწლიანი პროგრამა სტუდენტებს უფრო სწრაფად აძლევს საბაზისო განათლებას და შრომის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე დინამიკურ და კონკურენტულ ბიზნესსამყაროში, სადაც ახალგაზრდებს სწრაფი დასაქმება სურთ. ბევრ ქვეყანაში 180-კრედიტიანი ბაკალავრიატის შემდეგ სტუდენტები ხშირად აგრძელებენ სწავლას 1 ან 2-წლიან (60 ან 120 კრედიტიან) მაგისტრატურის პროგრამებზე. ამიტომ 3 წლიანი მოდელი უფრო მოქნილია და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს – ბაკალავრიატის შემდეგ სასურველი სპეციალიზაცია უკეთ განსაზღვრონ. შესაბამისად, 180-კრედიტიანი პროგრამები სტუდენტებისათვის წარმოადგენს საშუალებას, მეტი მოქნილობა ჰქონდეთ და ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაცია მოახერხონ. კერძოდ, სწავლის დასრულების შემდეგ მათ შეუძლიათ შრომის ბაზარზე ადრე გასვლა და ბიზნესის დაწყება მცირე ასაკში. თავის მხრივ, კომპანიები და დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ პრაქტიკული უნარების მქონე კადრებს. ამიტომ, სამწლიან პროგრამებში უფრო მეტი ყურადღება ექცევა პრაქტიკულ სწავლებას, სტაჟირებებს და რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობას“, – აცხადებს პროფესორი ნუგზარ თოდუა, რომელიც თვლის, რომ 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამები სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებსაც ნაკლებ დროში ხარისხიანი განათლების მიღება სურთ.
სამწლიანი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ხელს უწყობს გამარტივებულ ტრანსფერს. მაგალითად, სტუდენტები Erasmus+ და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უნივერსიტეტების შეცვლას ან სხვა ქვეყნებში სწავლის გაგრძელებას შედარებით მარტივად ახერხებენ.
ბაკალავრის პროგრამის ერთი წლით შემცირება ზოგავს სტუდენტების ფინანსებს და ამცირებს ცხოვრების ხარჯებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ბიზნესის ადმინისტრირების 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში გაძლიერებული კონკურენციის, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გამო პოპულარული გახდა. თსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების 3-წლიანმა საბაკალავრო პროგრამამ 2024 წელს გაიარა აკრედიტაცია და ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტების მიღებაც იგეგმება.
,,საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო მომსახურების ბაზრის ანალიზი და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ თსუ-სბიზნესის ადმინისტრირების 180-კრედიტიანი პროგრამა პოპულარულია. ამას ადასტურებს მიმდინარე წელს აბიტურიენტების მიერ გაკეთებული განაცხადი, ასევე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების 240 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამიდან 180 კრედიტიანზე გადასვლის მსურველთა რაოდენობა. სტუდენტებთან საუბრისას აშკარად იკვეთება, რომ მათთვის 180 კრედიტიანი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა უფრო მოქნილია პრაქტიკაზე ორიენტირებულობის გამო“, – აცხადებს პროფესორი ნუგზარ თოდუა. მისი აზრით, ასეთი პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას – შედარებით ნაკლებ დროში ხარისხიანი განათლება მიიღონ და დასაქმების შანსი გაზარდონ.
