ლუკა გაზდელიანის კვლევითი ინტერესების მიმართულება
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარჩინებულმა დოქტორანტმა ლუკა გაზდელიანმა, რომელმაც თავდაპირველად იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, ერთი წლის მერე გადაწყვიტა – ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ესწავლა. ,,ეს მიმართულება შედარებით საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, ამიტომ ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაც იმავე მიმართულებით გავაგრძელე. მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად დავიწყე პროგრამირების სწავლა, რამაც განაპირობა ის, რომ დღეს iOS დეველოპერი ვარ. თუმცა, აკადემიური წინსვლა მაგისტრატურით არ დასრულებულა და დოქტორანტურაზე ჩავაბარე ეკონომიკის მიმართულებით. ჩემი სადისერტაციო ნაშრომის თემაა „ციფრული განათლების ფორმირებისა და განვითარების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“. თემა ავირჩიე იმიტომ, რომ განათლების ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა, რომელსაც სჭირდება მკაფიო და გააზრებული ეკონომიკური მხარდაჭერა. ნაშრომში განხილული იქნება – როგორ შეიძლება სახელმწიფოს ეკონომიკურმა პოლიტიკამ ხელი შეუწყოს ამ პროცესის წარმატებით განხორციელებას. გაანალიზდება სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ამ მიმართულებით და შეირჩევა ის წარმატებული მიდგომები, რომლებიც მოერგება ქართულ რეალობას”, – აცხადებს ლუკა და სხვა სტუდენტურ სამეცნიერო აქტივობებში თავისი მონაწილეობის შესახებაც გვიამბობს.
„ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდილებად მივიჩნევ თსუ-ს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას, სადაც თემით – „უმაღლესი სასწავლებლების ციფრული ტრანსფორმაცია – ციფრული უნივერსიტეტი“ – დავიკავე მესამე ადგილი”, – ამბობს ლუკა. მის მიერ შერჩეულ თემაზე მუშაობისას ჩატარებულმა ანალიზმა და მიღებულმა შედეგებმა დიდწილად განსაზღვრა ლუკა გაზდელიანის კვლევითი ინტერესების მიმართულება და იქცა საფუძვლად სადისერტაციო ნაშრომის შერჩევისას.
ლუკა გაზრდელიანს უნივერსიტეტში გატარებული წლები ნაყოფიერად მიაჩნია. იგი იმ პროფესორ-მასწავლებლებს ემადლიერება, ვინც მის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ,,სასწავლო პროცესი საკმაოდ კარგად ორგანიზებულია – პირველივე სემესტრში ყველა მოდულიდან ე.წ. ,,შესავალ” საგნებს გავდივართ, რაც ეხმარება სტუდენტს გაიაზროს – რომელი მიმართულებით რა ცოდნას შეიძენს. ჩემ შემთხვევაში, ლექტორების ნაწილს ბაკალავრიატიდანვე ვიცნობდი, ამიტომ მათი სწავლების სტილი წინასწარ ნაცნობი იყო და მოლოდინებიც შესაბამისად გამართლდა. სწავლების პროცესი, ზოგადად, საინტერესოდაა აწყობილი“, – ასე თვლის ლუკა, რომელიც გარკვეულ საგნებში პრაქტიკულ დავალებებზე აქცენტირებას ისურვებდა.
