გუნდის – „TSU-CactoTech“-ის წარმატება „Uni4Verse“-ს კონკურსზე
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდმა „TSU-CactoTech“, რომლის კაპიტანიც სტუდენტი მარიამ კაპანაძეა, ხოლო მენტორი ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) კონკურსის „Uni4Verse“ ფინალურ ეტაპზე მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით წელს პირველად ჩატარდა საუნივერსიტეტო კონკურსი „Uni4Verse“ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში. კონკურსის მთავარი თემა იყო მწვანე ეკონომიკა და განახლებადი რესურსები, ხოლო მისი მიზანი – სტუდენტების მიერ მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ინოვაციური იდეების შექმნა, განვითარება და ინოვაციური სტარტაპ-იდეების ჩამოყალიბება.
კონკურსი, საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი გამოწვევების კვლევას დაეთმო. მეორე ეტაპზე უნივერსიტეტებში შიდა კონკურსები გაიმართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსში მონაწილეობის სურვილი ორმა გუნდმა გამოთქვა. ორივე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრასთან არსებული „მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე შეიქმნა და მომზადდა:
- გუნდი „TSU-CactoTech“, რომლის წევრები იყვნენ: მარიამ კაპანაძე, ერეკლე ჩხეიძე, გიორგი გრიგოლია და თამაზი ლობჟანიძე.
- გუნდი „TSU Greengen“, რომლის წევრები იყვნენ: თორნიკე კვაჭანტირაძე, გიორგი ხუციშვილი, ქეთევან ჯაფარიძე, დავით მამულაშვილი.
ორივე გუნდის ხელმძღვანელი (მენტორი) იყო თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.
2024 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა შიდასაუნივერსიტეტო შესარჩევი ეტაპი, სადაც ჟიურიმ „GITA“ და „GREDA“-ას წარმომადგენლებმა შეარჩიეს თსუ-ს გამარჯვებული გუნდი: მარიამ კაპანაძის „TSU-CactoTech“, რომელმაც უფლება მოიპოვა უნივერსიტეტის სახელით ეასპარეზა „Uni4Verse“ საერთო ეროვნულ ეტაპზე.
2025 წლის მარტში ტექნოპარკში ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს 18 უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გუნდმა. ნახევარფინალური ტურის შემდეგ 18 გუნდიდან შეირჩა საუკეთესო 12 გუნდი, მათ შორის მარიამ კაპანაძის „TSU-CactoTech“.
2025 წლის 31 მარტს ტექნოპარკში, წლის საუკეთესო გუნდის გამოვლენის მიზნით, ჩატარდა ფინალური ტური, სადაც ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოს 12 უნივერსიტეტის რჩეული გუნდები გამოვიდნენ. მარიამ კაპანაძის გუნდმა – „TSU-CactoTech“-მა – წარადგინა სტარტაპი „GreenTus”, რომელიც შეეხებოდა კაქტუსის ფოთლებისაგან ტყავისა და მისი ნაწარმის დამზადების ტექნოლოგიას ეკოლოგიურად გამართული საწარმოო პროცესით (მავნე ნარჩენების შემცირების მიზნით). უნივერსიტეტის გუნდმა კომპეტენტური ჟიურის მაღალი შეფასება მიიღო და სპეციალისტების მოწონებაც დაიმსახურა.
