პირველი ქართულ ენაზე მოაზროვნე AI მედია, რომელიც თსუ-ს პროფესორის ეგიდით შეიქმნა

თარიღი: 2025-03-26 17:52:16

საქართველოში პირველად ქართულ ენაზე მოაზროვნე AI მედია შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, გადამოწმებული და სანდო წყაროზე დაყრდნობით მომზადებული ახალი ამბების ნახვა ქართულ ენაზე შეგიძლიათ AINews.ge-ზე. ახალი პლატფორმის ავტორია თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრის (JRC) თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი.

,,ჩემი, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და, ასევე, JRC-ს ხელმძღვანელის საავტორო პროექტის შედეგები წარმოვადგინე.  წელს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მოგვცა საშუალება, ონლაინ ჟურნალისტიკის მოდულის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დაგვეწყო მუშაობა თემაზე – როგორ გამოიყენონ სწორად ხელოვნური ინტელექტი ონლაინ ჟურნალისტიკაში. პარალელურად ვიმუშავე ამოცანაზე, რომელიც ეხება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ქართულ ენაზე ინფორმაციის დამუშავებას და გავრცელებას. შემდეგ ვიმუშავე დეველოპერებთან და შევქმენით დახურული ღრუბელი, რომელსაც აქვს უნარი ათეულობით რესპექტაბელურ, აღიარებულ საერთაშორისო მედიის მიერ მომზადებულ მასალებზე დაყრდნობით ქართულად შექმნას და თავი მოუყაროს  შეუმცდარ, არამანიპულირებად მედია-პუბლიკაციებს. ამჟამად ხელოვნურ ინტელექტს საქართველოს ამბებს არ ვამუშავებინებთ. გარდა დახურული ღრუბლის შექმნისა, რომელზე წვდომაც აქვს რეგიონულ მედიებს, მეორე ამოცანაც გვქონდა – გვინდოდა გარკვეული ინფორმაცია ყოფილიყო საჯაროდ ხელმისაწვდომი. ახალი პლატფორმა სწორედ ამას ემსახურება. ,,ფეიკებისგან იმით ვართ დაცული, რომ სწორედ იმ წყაროებიდან იღებს ინფორმაციას, რომლებიც არ არიან შემჩნეული ,,ფეიკებში. ხელოვნურ ინტელექტს არაფერი ეშლება ქართული გრამატიკის გარდა. ვეცდებით, რომ გამოვასწორებინოთ ქართული გრამატიკა და ამ კუთხით ჩავერიოთ“, – აღნიშნავს ნათია კუპრაშვილი.

AI News.ge პლატფორმის წარდგენა ასოცირებულმა პროფესორმა ნათია კუპრაშვილმა ქართული ჟურნალისტიკის დღეს სპეციალურად დაამთხვია. პლატფორმის პრეზენტაცია თსუ-ს მეექვსე კორპუსში, 21 მარტს, პირველად გაიმართა.

Facebook
Twitter
LinkedIn