ერთი სემესტრი ტორუნის სოციალურ და მედიაკულტურის აკადემიაში

თარიღი: 2025-03-21 17:59:16

მარიამ მათიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებაზე სწავლობს და გასული სემესტრი პოლონეთში, ტორუნის სოციალურ და მედიაკულტურის აკადემიაში გაატარა. ცხადია, მისი შთაბეჭდილებებიც მსგავსია სხვა სტუდენტებისა, რადგან მიიჩნევს, რომ სტუდენტობის საუკეთესო სემესტრი გაატარა პოლონეთში, სადაც ერთნაირად იყო დატვირთული როგორც სასწავლო, ასევე გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით. მარიამი პოლონეთში გატარებული სემესტრის შესახებ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბრობს:

– მარიამ, ყველაზე მეტად რას გამოყოფდი პოლონური შთაბეჭდილებებიდან?

ჩემი სტუდენტობის საუკეთესო სემესტრი გავატარე ტორუნში. სანამ წავიდოდი, ერთად მეუფლებოდა სხვადასხვა ემოცია – სიახლის შიში, უცხო გარემოში თავის დამკვიდრება, ჩემთვის უცნობი სწავლის მეთოდები, მაგრამ, საბედნიეროდ, არ გამჭირვებია  ადაპტირება. სწავლის პარალელურად ვიმოგზაურე ბერლინში, პრაღაში, ბრნოში, ბარსელონასა და ვენაში. ამდენი ქალაქის მონახულება ასეთ მცირე დროის მონაკვეთში ნამდვილად არ მქონდა დაგეგმილი. მგონია, რომ ზოგჯერ სპონტანური მოგზაურობით უფრო დიდ სიამოვნებას იღებ, რადგან იმის დრო აღარ გაქვს,  თანხის დაზოგვის მიზნით, სხვადასხვა ალტერნატივაზე იფიქრო. ასეთ დროს უბრალოდ აწმყოთი ცხოვრობ. საბოლოოდ, საქართველოში დავბრუნდი სავსე უამრავი ძვირფასი მოგონებით, გამოცდილებითა და ახალი მეგობრებით.

– რას ელოდი მიმღები უნივერსიტეტიდან და რა დაგხვდა რეალურად?

ჩემთვის ეს პირველი ვიზიტი არ ყოფილა პოლონეთში, ამიტომ მოულოდნელობებით სავსე ნამდვილად არ ვყოფილვარ ჩასვლის შემდეგ პირველ დღეებში. ტორუნი აღმოჩნდა ერთი პატარა და წყნარი ქალაქი, სადაც ყველაფერი მალე ავითვისე. დამხვდა საკმაოდ კარგი და კომფორტული სტუდენტური საცხოვრებელი, სადაც გარდა სტუდენტების ოთახებისა, იყო აუდიტორიებიც.

– რა საგნები აირჩიე სასწავლო პროგრამიდან და საგნების აღიარების პრობლემა ხომ არ გქონდა?

წინასწარ გავეცანი მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალს და ვეცადე თსუ-ს საგნებთან შინაარსობრივად მაქსიმალურად მიმსგავსებული საგნები ამერჩია. საბოლოოდ, შევჯერდი შემდეგ ექვს საგანზე: „სატელევიზიო სახელოსნოები“, „მედიის ანალიზის მეთოდები“, „მედია პოლიტიკურ მარკეტინგში“, „პოლიტიკური კომუნიკაცია, რეკლამა ინფორმაციულ საზოგადოებაში“ და „ინგლისური მედია კვლევებისათვის“. რაც შეეხება აღიარებას, პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ სხვა სტუდენტებთან შედარებით თსუ-ს მიერ საგნების აღიარების პროცესი ზედმეტად გაწელილია დროში, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩემმა იქაურმა კურსელებმა პოლონეთიდანვე ონლაინ შეძლეს აღიარება.

– სწავლების რა მეთოდებს იყენებენ პოლონეთში და რა განსხვავება შეამჩნიე სწავლის პროცესში?

პოლონელი ლექტორები უპირატესობას ანიჭებენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს, რაც გულისხმობს ახალი მასალის ახსნას ფილმებით, მინი სერიალებითა და პრეზენტაციებით. სწავლების მეთოდი არ ყოფილა რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც ქართველი სტუდენტებისთვისაა ნაცნობი. სტანდარტულად გვქონდა ლექცია, რომელზეც ლექტორი ახალ მასალას გვიხსნიდა და სემინარი, რომელზეც ჩვენ ვაბარებდით წინა კვირის თემას. ასევე გვქონდა ქვიზები, პრეზენტაციები და შემაჯამებელი ტესტი. განსხვავება, ალბათ, ის არის, რომ, თუ კონკრეტული თემით დავინტერესდებოდი, ინგლისურ ენაზე ბევრად მეტი სახელმძღვანელო და ონლაინ რესურსი მქონდა, ვიდრე ქართველ სტუდენტებს აქვთ მშობლიურ ენაზე.

– რა მოგეწონა ტორუნის აკადემიაში სწავლისას, როგორია იქ ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობა?

– ტორუნის აკადემიაშითითოეული ლექტორი ინტერესდებოდა იმ ქვეყნებით, რომლებიდანაც გაცვლითი პროგრამით იყვნენ სტუდენტები პოლონეთში ჩასული. მეკითხებოდნენ რით განსხვავდებოდა მათი ქვეყანა ჩემი ქვეყნისგან, ზოგიერთი კი უკვე ნამყოფიც იყო საქართველოში და თავიანთ შთაბეჭდილებებს მიზიარებდა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ცდილობდნენ, რომ სასწავლო განრიგი მაქსიმალურად ჩვენზე მორგებული ყოფილიყო და თუ მოგზაურობა გვქონდა დაგეგმილი, ალტერნატიულ დროს გვთავაზობდნენ შესახვედრად. საშუალებას გვაძლევდნენ, რომ თითოეული დავალება ჩვენი ქვეყნის მაგალითზე განგვეხილა და არ გვაქცევდნენ კონკრეტულ ჩარჩოებში, რაც მათი მხრიდან ძალიან დასაფასებელია. პოლონელი ლექტორებისგან ვგრძნობდი მხარდაჭერასა და დადებით უკუკავშირს, რაც კიდევ უფრო მიმაღლებდა მოტივაციას.

Facebook
Twitter
LinkedIn