უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოებული მეცნიერები

თარიღი: 2025-03-20 16:04:03

უნივერსიტეტის წინაშე შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი და პროფესორი ირაკლი კოვზანაძე.  დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო.  

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ  ჯიბუტი 150-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიის ავტორია. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთობას 1980 წლიდან იწყებს, როცა  თსუ-ს ასპირანტი ხდება, სულ მალე კი უკვე პროფესორის რანგში  გვევლინება (1991-1994 წ.წ.) და დღემდე   ღირსეულად ატარებს  სამაგალითო უნივერსიტეტელის სახელს.  მიუხედავად  მაღალი თანამდებობრივი პოზიციებისა (საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში; ეკონომიკური რეფორმების შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე;  საქართველოს მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი; გარდამავალი პერიოდის ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე და სხვა..), იგი ყოველთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ერთგული ქომაგი და  მხარდამჭერია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფაკულტეტის განვითარების საქმეში.

„უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოებისას პირველი რეაქცია სიხარულის განცდა იყო,  რომელიც  პირველად  ოჯახის წევრებს გავუზიარე.  ამას მოჰყვა  სამუდამო  მადლიერების გრძნობა ამ გადაწყვეტილების მიმღებთა მიმართ – ვგულისხმობ  უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გიორგი ღაღანიძეს და  რექტორს, აკადემიკოს  ჯაბა სამუშიას.  ჩემთვის  ამ ჯილდოს მნიშვნელობა ერთი ცხოვრებისეული შემთხვევით გავიაზრე…  ჩემი ინიციატივით ორჯერ მოვაწყვე ბატონ რეზო ჩხეიძის შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრების შემდეგ მან  გულდაწყვეტით მითხრა, რომ მის ჯილდოთა ჩამონათვალს ძალიან აკლდა  უნივერსიტეტის მედალი. ეს ამბავი აკადემიკოს ლადო პაპავას გადავეცი, უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, რომელმაც  დიდ რეჟისორს სურვილი აუსრულა. მწამს, რომ ყველა ადამიანი სიცოცხლეში აგებს თავისი ცხოვრების ვირტუალურ,  ტრიუმფალურ თაღს. ყველა თაღს, კამარას  დასრულებისათვის  ჩამკეტი ქვა სჭირდება. აი, ამ ქვის მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ამ მედალს. პატივისცემით ვიხსენებ ამ მედლის მფლობელებს და ვულოცავ მის მიღებას ახალ ბენეფიციარს, პროფესორ ირაკლი კოვზანაძეს. ამ ჯილდოს აღვიქვამ კარგი ტენდენციის გამოხატულებად მეცნიერებისა და სასწავლო პროცესის სინთეზის გაღრმავებისათვის, იმ ღრმა ჭრილობების მოსაშუშებლად, რომელიც უნივერსიტეტის კოლექტივმა გადაიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ განათლების რეფორმის დროს. კონტექსტი რთულია, მაგრამ უნივერსიტეტის კოლექტივი, დარწმუნებული ვარ, შეძლებს გამოწვევების ღირსეულად გამკლავებას“, – განაცხადა  აკადემიკოსმა  მიხეილ ჯიბუტმა.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი კოვზანაძე 1988 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წლიდან კი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსებისა და კრედიტის კათედრის პროფესორია. ის 1 სახელმძღვანელოსა და 7 მონოგრაფიის ავტორია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ასევე, 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა მათემატიკასა და ეკონომიკაში.  პროფესორი ირაკლი კოვზანაძე  მე-6, მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამეტის წევრი და   პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის  თავმჯდომარე იყო. 

უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოების შემდეგ მან დიდი მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციას და ყველა იმ პროფესორს, ვინც ჩართული იყო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

„ყველა უნივერსიტეტელისათვის და მათ შორის ჩემთვისაც, ნებისმიერი ჯილდო, რომელიც მიღებულია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან, არის ყოველთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელი, განსაკუთრებით კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი.

ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უნივერსიტეტში გავატარე, ამიტომ ეს არ არის უბრალოდ ადგილი, სადაც მხოლოდ ვმუშაობ! ჩემი ურთიერთობა უნივერსიტეტთან იწყება 1979 წლიდან თავდაპირველად  სტუდენტის, ხოლო შემდგომ ასპირანტის, მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორისა და კათედრის გამგის რანგში. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტი ჩემთვის ნამდვილად „დედა უნივერსიტეტია“. ძალიან მიყვარს საუნივერსიტეტო სივრცე და ამიტომ მასთან დაკავშირებულ თითოეულ ჩემს ნაბიჯს შესაბამისი ენერგიით და სულისკვეთებით  ვუდგები. ეს ჯილდო ჩემთვის ახალი სტიმულია, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანო როგორც ჩვენი ფაკულტეტის, ასევე, უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში“, – განაცხადა  პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ.

საპატიო ჯილდოები მეცნიერებს თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  საზეიმო ვითარებაში გადასცა  ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის – „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში: შედეგები და პერსპექტივები“ – ფარგლებში.

გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია  ულოცავს  უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოებულ მეცნიერებს  დამსახურებულ ჯილდოს და მათ წარმატებებს უსურვებს.  

Facebook
Twitter
LinkedIn