სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ეგიდით გამოცემული წიგნი – ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტი”

თარიღი: 2025-03-18 14:25:38

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული კვლევა“ – ეს გახლავთ 2024 წლის თსუ-ს  სტუდენტური პროექტების ფარგლებში გამარჯვებული კვლევა, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობა მიიღეს  თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებმა – ნინო ციკოლიამ (ხელმძღვანელი) და ანა გულბანმა, აგრეთვე სამაგისტრო პროგრამის – ,,ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ – მაგისტრანტებმა მარიამ ჯაფოშვილმა და მერი ჩიტიშვილმა. პროექტის კოორდინატორი გალდათ გეოგრაფიის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი.

პროექტის ფარგლებში შესრულდა საველე სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებსა და ტერიტორიაზე გამავალი მდინარეების აუზებში. კვლევის მთავარი მიზანი იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა, გეოგრაფიული შეფასება, მათი პოტენციალის გამორკვევა: ტურისტულ-რეკრეაციული, აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული, არქეოლოგიური და სხვა მიმართულებით.

,,ჩვენ შეხვედრები გვქონდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, მუზეუმების თანამშრომლებთან, საჯარო სკოლის პედაგოგებთან, აგრეთვე, სოფლების და ქალაქების მოსახლეობასთან. მოვიპოვეთ ინფორმაცია დასახლებული პუნქტების ისტორიული და გეოგრაფიული საინტერესო ადგილების შესახებ. საველე მუშაობების დროს მოხდა ღირსშესანიშნავი ადგილებისა და ობიექტების ფოტოფიქსაცია“, – აღნიშნავს  ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი. მისი შეფასებით, მუნიციპალიტეტის მკვიდრთა დამახასიათებელი სტუმარ-მასპინძლობის განსაკუთრებული ტრადიციები საუკეთესო პირობაა ამ ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებისათვის.

პროექტის ფარგლებში, ასევე, დაიბეჭდა წიგნი  – ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტი“, რომლის თანაავტორები არიან კვლევაში ჩართული სტუდენტები პროექტის კოორდინატორ გიორგი დვალაშვილთან ერთად.

,,წიგნში განხილულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დახასიათებულია ორი ქალაქი და მუნიციპალიტეტის 19 სოფელი. საინტერესო გეოგრაფიული პირობებითა და კულტურული მემკვიდრეობით გამორჩეულ ყველა ამ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს მნიშვნელოვანი ბუნებრივი და ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები. ყოველივე ეს კი, მთლიანობაში, წარმოადგენს მდიდარ ტურისტულ-რეკრეაციულ რესურსს. წიგნი ილუსტრირებულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების შესაბამისი ფოტოსურათებით. განხილულია: სოფლების სახელწოდების წარმოშობის სხვადასხვა ვერსია, ტრადიცია, თქმულება, ლეგენდა, გავრცელებული გვარები, გეოგრაფიული ადგილების (მდინარეები, ტბები, მინდვრები, მთები, ხეობები) დახასიათება, ეკლესია-მონასტრების, ციხე-სიმაგრეებისა და სახლ-მუზეუმების როგორც ისტორიული წარსული, აგრეთვე, თანამედროვე მდგომარეობა“, – ამბობს გიორგი დვალაშვილი.  

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წიგნი დააინტერესებს როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, აგრეთვე საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებსა და მოგზაურებს.

Facebook
Twitter
LinkedIn