ბოსტონში კონკურსის შედეგად შერჩეული 3 სტუდენტი გაემგზავრება

თარიღი: 2025-03-07 17:01:01

2025 წლის 31 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტსა და ტაფტის (ბოსტონი, აშშ) უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ სკოლას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისიდან ბოსტონში კონკურსის შედეგად შერჩეული 3 სტუდენტი გაემგზავრება.  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბოსტონის ტაფტის სტომატოლოგიურ სკოლასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო. თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტებისა და პედაგოგ-მასწავლებლების გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას.  ორ უნივერსიტეტს შორის კონტაქტების დამყარებაში დიდი როლი ითამაშა თსუ-ს კურსდამთავრებულმა მარიამ მარგველაშვილმა, რომელიც ამჟამად ტაფტის უნივერსიტეტის პროფესორია. სწორედ მარიამის დიდი სურვილი იყო, რომ ქართველ სტუდენტებს ჰქონოდათ შესაძლებლობა  – ტაფტის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიეღოთ განათლება.

როგორც თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი მამუკა (ვლადიმერ) მარგველაშვილი ამბობს, ამ ხელშეკრულების გაფორმებაში მხარდაჭერას გრძნობდნენ უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას მხრიდან, ასევე, ძალიან დიდი როლი ითამაშეს მედიცინის ფაკულტეტის  წინა დეკანმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ბიწკინაშვილმა და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავამ.

ცოტა ხნის წინ ტაფტის უნივერსიტეტში გასამგზავრებლად სტუდენტების შესარჩევი  კონკურსი გამოცხადდა. მათი რაოდენობა უშუალოდ ბოსტონში ვიზიტის დროს შეათანხმეს პროფესორებმა მამუკა მარგველაშვილმა და მანანა კალანდაძემ. „სტუდენტები 11 დღის განმავლობაში იქნებიან ტაფტის უნივერსიტეტში და გაეცნობიან იქ არსებულ სტრუქტურას, სწავლის მეთოდებს, შევლენ კლინიკებში და დაათვალიერებენ სასწავლო გარემოს. ეს ტაფტის უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობის პირველი ნაბიჯი იქნება“, – გვითხრა მამუკა მარგველაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო სემესტრში მედიცინის ფაკულტეტი კვლავ გეგმავს  შერჩეული ჯგუფის ბოსტონში გაშვებას. ეს ჯგუფი უშუალოდ ჩაერთვება პრაქტიკულ სამუშაოებშიც.

Facebook
Twitter
LinkedIn